
პარასკევს გამოქვეყნებულმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალმა სტრატეგიამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, განსაკუთრებით ევროპაში. მისი ზოგიერთი პუნქტი კი, სავარაუდოდ, გარკვეულ გავლენას მოახდენს აშშ-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე. მაგალითად, დოკუმენტის თანახმად, ნატო აღარ უნდა აღიქმებოდეს „მუდმივად გაფართოებად ალიანსად“, ხოლო აშშ სხვა ქვეყნებს არ მიუდგება დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებული საკუთარი სტანდარტებით.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ახალმა სტრატეგიამ სერიოზული კითხვები გააჩინა აშშ-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით. კეთდება განცხადებები, რომ ტექსტის ტონი კრემლის რიტორიკას ეხმიანება და მისი გამოქვეყნებით ყველაზე ბედნიერი ქვეყანა რუსეთია.
გამოცემა „როიტერსი“ კი პირდაპირ წერს, რომ ევროპა „ცივილიზაციური წაშლის წინაშე დგას და შესაძლოა, ერთ დღესაც აშშ-ის სანდო მოკავშირის სტატუსი დაკარგოს.
ახალ დოკუმენტში, ფაქტობრივად, ევროკავშირი პოლიტიკური თავისუფლებისა და სუვერენიტეტის შელახვაში, სიტყვის თავისუფლების ცენზურასა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობაშია დადანაშაულებული. ნათქვამია, რომ აშშ-მა უნდა წაახალისოს „ევროპის ამჟამინდელი ტრაექტორიისადმი წინააღმდეგობა“. სტრატეგიამ ასევე გააკრიტიკა ევროპელი ოფიციალური პირების „არარეალისტური მოლოდინები“ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია, რომ 2025 წლის სტრატეგიაში ევროპაში აშშ-ის პრიორიტეტებს შორის დასახელებულია „ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის დასრულება“.
გარდა ამისა, აშშ ცდილობს „აღადგინოს ამერიკული უპირატესობები დასავლეთ ნახევარსფეროში“; რეგიონში უცხოური გავლენის შეკავების გარდა, ამ კონტექსტშ საუბარია ნარკოტიკებით ვაჭრობის პრევენციაზე.
„ჩვენ დავაჯილდოებთ და წავახალისებთ რეგიონის მთავრობებს, პოლიტიკურ პარტიებსა და მოძრაობებს, რომლებიც ფართოდ შეესაბამება ჩვენს პრინციპებსა და სტრატეგიას“, - ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში საკუთარ ინტერესებს დაიცავს: „ჩვენ ვეძებთ კარგ ურთიერთობებს და მშვიდობიან კომერციულ ურთიერთობებს მსოფლიოს ერებთან, მათზე დემოკრატიული ან სხვა სოციალური ცვლილებების დაკისრების გარეშე,“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ევროპის რეაქცია
ევროპელების პირველი რეაქცია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე მკვეთრად უარყოფითი იყო.
„ეს არის ის ენა, რომელიც მხოლოდ კრემლის რიტორიკის ნაწილია“, - დაწერა შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კარლ ბილდტმა „იქსში“.
ლატვიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინსმა კი „როიტერს“ განუცხადა: „ყველაზე ბედნიერი ქვეყანა, რომელიც ამას კითხულობს, რუსეთია... მოსკოვი წლების განმავლობაში ცდილობდა ტრანსატლანტიკური კავშირის დაშლას და ახლა, როგორც ჩანს, ამ კავშირის ყველაზე დიდი დამრღვევი თავად აშშ-ია, რაც სამწუხაროა“.
ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა, ანონიმურობის პირობით, თქვა: „ტონი ევროპასთან დაკავშირებით იმედისმომცემი არ არის.“

კაია კალასი: „აშშ დაინტერესებულია ევროპის არსებობით. ჩვენ, როგორც ადრე, ვრჩებით მოკავშირეებად და ვმუშაობთ სხვადასხვა პრობლემებზე“.
იტალიური ანალიტიკური ცენტრის, „საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის“ დირექტორმა ნატალი ტოჩიმ კი განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „ევროპის დაშლით არის დაკავებული და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების მხარდაჭერას ცდილობს“.
უფრო ოპტიმისტური იყო საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის გამოხმაურება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ევროკავშირი ყოველთვის ვერ ახერხებენ შეთანხმებას სხვადასხვა საკითხებზე, ისინი ერთად უნდა იყვნენ.
„ჩვენ მთავარ მოკავშირეებად ვრჩებით. აშშ დაინტერესებულია ევროპის არსებობით. ჩვენ, როგორც ადრე, ვრჩებით მოკავშირეებად და ვმუშაობთ სხვადასხვა პრობლემებზე“, - განაცხადა კალასმა.
გამოხმაურებები თბილისში
აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შეფასებისას ქართველი პოლიტიკოსები ძირითად აქცენტს ნატო-ს გაფართოების სავარაუდო შეწყვეტაზე აკეთებენ. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, სტრატეგიაში პირდაპირ წერია, თუ რა მძიმე რეალობაა იმ მიმართულებით, როდესაც უმიზნოდ და შესაბამისი სტრატეგიის გარეშე ხდება ნატო-ს გაფართოების სურვილის რეალიზება.
„აქ საუბარია მშვიდობაზე, ქვეყნების გაძლიერებაზე და ეს სტრატეგია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ევროკავშირში არსებული სახელისუფლებო მოცემულობა ძალიან მძიმე კრიზისში იმყოფება და ამის პრაქტიკულ მხილებას ახდენს შეერთებული შტატები“, - გააცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ყოველთვის პირნათლად ასრულებდა თავის ვალდებულებებს ნატო-სთან მიმართებით, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ნატო-ს მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით.
„2008 წლის სამიტის ფონზე, უსაფრთხოების გარანტიების ნაცვლად, პირიქით, ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი ჩანაწერი გაჩნდა კონკრეტულ რეზოლუციაში, რამაც ძალიან ბევრი პრობლემა გამოიწვია როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობა და ამოცანა არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ქართველი ხალხის, ჩვენი საზოგადოების ნება-სურვილის განხორციელება როგორც უსაფრთხოების, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით, რაც წარმოადგენს ნომერ პირველ ამოცანას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ნატო-ს გაფართოების საკითხს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ფავლენიშვილიც გამოემხაურა.
„რუსეთთან სტაბილური ურთიერთობა თუ არ დამყარდა და მისი იმპერიული ამბიციების შეკავება არ მოხდა, შეუძლებელია სტაბილურობა და მშვიდობა მივიღოთ თუნდაც აღმოსავლეთ ევროპაში. ევროპის კონტინენტზე არის უწყვეტი მშვიდობა. ერთადერთი, ვინც ეს მშვიდობა დაარღვია, რუსეთია, რომელმაც ევროპის ტერიტორიაზე, უკრაინაში ბარბაროსული აგრესია განახორციელა.
„რაც შეეხება ნატო-ს გაფართოებას, ნატო-ს გაფართოება, რა თქმა უნდა, მარადიული ვერ იქნებოდა, თუმცა არსებობს მოლოდინიც, რომ შეიძლება, იყოს ბოლო ტალღა ან ბოლოს წინა ტალღაც. ამისი ვარაუდი ძალიან რთული გახლავთ“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
როგორ აისახება ტრამპის ახალი მიდგომები საქართველოზე
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ საქართველო და სამხრეთ კავკასია ტრამპის ახალი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების სფეროში რჩება.
„საქართველო და ზოგადად სამხრეთ კავკასია, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ეხმიანება ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტარტეგიის ინტერესებს. ჯერ ერთი, ტრამპმა, ფაქტობრივად, გამოაცხადა შავი ზღვის აუზი ამერიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან არეალად. აქ, რა თქმა უნდა, შედის აღმოსავლეთ ევროპა, უკრაინის სახით და შედის სამხრეთ კავკასიაც, ისვე, როგორც აღმოსავლეთი. აღმოსავლეთი ფაქტობრივად განიხილება გაფართოებული შავი ზღვის რეგიონალურ უსაფრთხოების ზონად.
- ვახტანგ მაისაია: „ეს ახალი მიდგომები და სტრატეგია შეიძლება გახდეს გარდამტეხი აშშ-საქართველოს ურთიერთობაში. ამერიკა აკვირდება და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას“.
„ტრამპმა აღიარა „ძალთა ბალანსის“ კონცეფცია, ეს შესულია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, შესულია, როგორც პრინციპი. ეს გულისხმობს რუსეთისა და ჩინეთის როგორც გეოპოლიტკური, ისე გეოეკონომიკური ინტერესების წინააღდმეგ წასვლას, მათი ინტერესების დაბალანსებასაც. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონზეც აისახება“, - განაცხადა მაისაიამ.
ექსპერტის თქმით, ახალი სტრატეგია აშშ-საქართველოს ურთიერთობაში შესაძლოა გარდამტეხი გახდეს.
„მეორე, ამერიკელებმა საკუთარ თავზე აიღეს ზანგეზურის კორიდორის გეოეკონომიკური უსაფრთხოების განსაზღვა და აქ შევიდა საქართველოც, რაც მნიშვნელოვანია. ამერიკა შეეცდება შეზღუდოს რუსეთის გეოეკონომიკური, გეოპოლიტიკური შემოსვლა საქართველოში, ესეც ბუნებრივია შედის ტრამპის ინტერესებში, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვის თვალით უყურებს „ქართულ ოცნებას“, აქ ელჩიც კი არ დანიშნეს, რაც საინტერესო ინდიკაციაა. ისინი დაელოდებიან, რამდენად მოხდება მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალის მოსვლა საქართველოს ხელისუფლებაში.
„ამერიკა ყველანაირი კუთხით შეეცდება უფრო პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინოს, რათა თავისი ეროვნული ინტერესები განახორციელოს. არავითარ რევოლუციაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს, ამერიკას გააჩნია საკმაოდ დიდი ბერკეტები, რომ, თუ, დავუშვათ, რუსული ინტერესები გაიზარდა და რეჟიმმა დაიყოს პრორაშისტული ინტერესების გატარება, ეს დააბალანსოს.
„ასე რომ, ეს ახალი მიდგომები და სტრატეგია შეიძლება გახდეს გარდამტეხი აშშ-საქართველოს ურთიერთობაში. ამერიკა აკვირდება და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას“, - თქვა მაისაიამ.