
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ პოლიტიკური პარტიისთვის ლობისტური მხარდაჭერის გაწევა, ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, აპრობირებული მეთოდია და ამბობენ, მათი მხრიდან, ყველაფერი გამჭვირვალედ კეთდება:
„ამერიკაში ძალიან კანონიერი გახლავთ, როდესაც ლობისტურ საქმიანობაში გამოიყენება კონკრეტული კომპანიები, ამ საქმიანობით უსარგებლია მათ შორის "ოცნებას". ამიტომაც, ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც გეხმარება კონკრეტული ლობისტური კომპანია კონტაქტების დამყარებაში. არაფერი არაკანონიერი და საიდუმლო ამაში არ მდგომარეობს“, - აცხადებს პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი.
ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ლობისტური ჯგუფის საშუალებით, პიარ-კამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე. აქცენტი კეთდება ლობისტების შეხვედრებზე მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან, რომლებიც აქვეყნებდნენ სტატიებს „მეგობარი აქტის“ შესახებ და ხელს უწყობენ თემის ხელოვნურად წამოწევას. მათ შორის არის ვაშინგტონ „ეგზამინერი“, „როიტერსი“, „ნიუს მაქსი“, „ზე ჰილი“ და სხვები, რომლებიც აქვეყნებენ კრიტიკულ სტატიებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
„ვაშინგტონ ეგზამინერი“ და „ზე ჰილი“, სწორედ ის მედიასაშუალებებია, რომლებიც BBC-ის ე.წ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებზე აქტიურად აკეთებენ აქცენტს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში არსებული ინფორმაცია იწვევს ეჭვს, რომ ბოლო დროს გავრცელებული ბრალდებები საქართველოს მთავრობის მიერ ქიმიურ ნივთიერება, „კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით, სწორედ ლობისტური საქმიანობის შედეგია.