რეზონანსი
05.12.2025

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგია გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შეერთებული შტატების ძირითადი ინტერესია უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება.

„ჩვენ გვსურს, რომ ევროპა დარჩეს ევროპული, დაიბრუნოს ცივილიზაციური თავდაჯერებულობა და უარი თქვას დამხშობ რეგულაციებზე წარუმატებელ ფოკუსირებაზე. თვითდაჯერებულობის ეს ნაკლებობა ყველაზე თვალსაჩინოა ევროპის ურთიერთობაში რუსეთთან. ევროპელი მოკავშირეები თითქმის ყველა ასპექტით, ბირთვული იარაღის გარდა, რუსეთთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობენ. უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ამჟამად ძლიერ შესუსტებულია და ბევრი ევროპელი რუსეთს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. რუსეთთან ევროპის ურთიერთობების მართვას აშშ-ს მნიშვნელოვანი დიპლომატიური ჩართულობა დასჭირდება, როგორც ევრაზიის ტერიტორიაზე სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად, ასევე რუსეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის რისკის შესამცირებლად. შეერთებული შტატების ძირითადი ინტერესია უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება ევროპის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, ომის გაუთვალისწინებელი ესკალაციის ან გაფართოების თავიდან ასაცილებლად და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღსადგენად, ასევე უკრაინის ომისშემდგომი რეკონსტრუქციის უზრუნველსაყოფად, რათა ის გადარჩეს როგორც სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკაში არ აისახება, დიდწილად მათი მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის გამო. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, რადგან ევროპულ სახელმწიფოები ვერ შეძლებენ საკუთარი თავის რეფორმირებას, თუ ისინი პოლიტიკურ კრიზისში იქნებიან. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ, ამის მიუხედავად, ევროპა სტრატეგიულად და კულტურულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩება შეერთებული შტატებისთვის, ხოლო ტრანსატლანტიკური ვაჭრობა გლობალური ეკონომიკისა და ამერიკული კეთილდღეობის ერთ-ერთ საყრდენად რჩება.

„ამერიკულმა დიპლომატიამ უნდა გააგრძელოს ნამდვილი დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროპული ქვეყნების ინდივიდუალური ხასიათისა და ისტორიის აღნიშვნის მხარდაჭერა. ამერიკა მოუწოდებს თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს ევროპაში, ხელი შეუწყონ სულისკვეთების ამ აღორძინებას და პატრიოტული ევროპული პარტიების მზარდი გავლენა მართლაც დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ევროპის დახმარება მისი ამჟამინდელი ტრაექტორიის გამოსწორებაში. ჩვენ დაგვჭირდება ძლიერი ევროპა, რომელიც დაგვეხმარება წარმატებით კონკურენციაში და ჩვენთან ერთად იმუშავებს, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი მოწინააღმდეგის დომინანტობა ევროპაში“, - ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სავსებით დასაშვებია, რომ, არაუგვიანეს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ნატო-ს ზოგიერთი წევრი ძირითადად არაევროპელი გახდება. შესაბამისად, ღიად რჩება კითხვა, შეხედავენ თუ არა ისინი საკუთარ ადგილს მსოფლიოში ან ალიანსს შეერთებულ შტატებთან ისევე, როგორც ისინი, ვინც ნატო-ს ქარტიას მოაწერა ხელი. 2025 წლის სტრატეგიაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპაში ეკონომიკურ უკუსვლას ცივილიზაციური წაშლის რეალური და უფრო სასტიკი პერსპექტივა ჩრდილავს.

„ევროპის წინაშე უფრო დიდი პრობლემებია ევროკავშირისა და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების ქმედებები, რომლებიც ძირს უთხრის პოლიტიკურ თავისუფლებას და სუვერენიტეტს; მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც კონტინენტს გარდაქმნის და უთანხმოებას ქმნის; თავისუფალი სიტყვის ცენზურა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობა; შობადობის მკვეთრი შემცირება, ეროვნული იდენტობისა და თავდაჯერებულობის დაკარგვა. ამჟამინდელი ტენდენციები თუ გაგრძელდება, კონტინენტი 20 წელიწადში ან უფრო ნაკლებ დროში ისე შეიცვლება, რომ ამოუცნობი გახდება. ამიტომ, არც ისე ნათელია, ექნება თუ არა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას საკმარისად ძლიერი ეკონომიკა და შეიარაღებული ძალები, რათა დარჩნენ საიმედო მოკავშირეებად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×