
ამერიკულმა დიპლომატიამ უნდა გააგრძელოს ნამდვილი დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ევროპული ქვეყნების ინდივიდუალური ხასიათისა და ისტორიის აღნიშვნის მხარდაჭერა. ამერიკა მოუწოდებს თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს ევროპაში, ხელი შეუწყონ სულისკვეთების ამ აღორძინებას და პატრიოტული ევროპული პარტიების მზარდი გავლენა მართლაც დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, - ამის შესახებ ნათქვამია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიის დოკუმენტში. დოკუმენტის თანახმად, მათი „მიზანი უნდა იყოს ევროპის დახმარება მისი ამჟამინდელი ტრაექტორიის გამოსწორებაში“.
„ჩვენ დაგვჭირდება ძლიერი ევროპა, რომელიც დაგვეხმარება წარმატებით კონკურენციაში და ჩვენთან ერთად იმუშავებს, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი მოწინააღმდეგის დომინანტობა ევროპაში“, – ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გრძელვადიან პერსპექტივაში სავსებით დასაშვებია, რომ, არაუგვიანეს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ნატო-ს ზოგიერთი წევრი ძირითადად არაევროპელი გახდება.
„შესაბამისად, ღიად რჩება კითხვა, შეხედავენ თუ არა ისინი საკუთარ ადგილს მსოფლიოში ან ალიანსს შეერთებულ შტატებთან ისევე, როგორც ისინი, ვინც ნატო-ს ქარტიას მოაწერა ხელი“, - ნათქვამია დოკუმენტში.
2025 წლის სტრატეგიაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპაში ეკონომიკურ უკუსვლას ცივილიზაციური წაშლის რეალური და უფრო სასტიკი პერსპექტივა ჩრდილავს.
„ევროპის წინაშე უფრო დიდი პრობლემებია ევროკავშირისა და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების ქმედებები, რომლებიც ძირს უთხრის პოლიტიკურ თავისუფლებას და სუვერენიტეტს; მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც კონტინენტს გარდაქმნის და უთანხმოებას ქმნის; თავისუფალი სიტყვის ცენზურა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობა; შობადობის მკვეთრი შემცირება, ეროვნული იდენტობისა და თავდაჯერებულობის დაკარგვა. ამჟამინდელი ტენდენციები თუ გაგრძელდება, კონტინენტი 20 წელიწადში ან უფრო ნაკლებ დროში ისე შეიცვლება, რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი იქნება. ამიტომ, არც ისე ნათელია, ექნება თუ არა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას საკმარისად ძლიერი ეკონომიკა და შეიარაღებული ძალები, რათა დარჩნენ საიმედო მოკავშირეებად“, - ნათქვამია დოკუმენტში.