
„ბი-ბი-სის" მიერ მომზადებული ფილმის გარშემო სკანდალი არ ცხრება. სუს-მა ყოფილი მაღალჩინოსნები დაკითხა, მათ შორის ვახტანგ გომელაური. პრემიერი, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ შს ექსმინისტრი, ვანო მერაბიშვილი და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, შოთა უტიაშვილიც გამოიკითხონ. ოპოზიცია კი დაზარალებულების საჩივრებს აგროვებს.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" ცხელი ხაზის ფარგლებში მე ვაგროვებ იმ ადამიანების მონაცემებს, რომლებსაც გაუუარესდათ ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც იმყოფებოდნენ ამ აქციაზე და მოხვდნენ წყლის ჭავლში და მხუთავი გაზის ზემოქმედების ქვეშ. რატომ არის ეს ახლა მნიშვნელოვანი - საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ, ასობით ადამიანმა დაუკავშირა მისი ჯანმრთელობის უეცარი გაუარესება სწორედ დარბევის დროის გამოყენებულ ნივთიერებას და ფაქტია, რომ რაღაცა ნივთიერება მართლაც იყო გამოყენებული", - თქვა ადვოკატმა, მარიკა არევაძემ.
5 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებულ ამბავში თეორიულად შეიძლება ვანო მერაბიშვილისა და შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობა დადგეს.
კობახიძის ამ განცხადებას შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, შოთა უტიაშვილი გამოეხმაურა.
„რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს და ქიმიურ იარაღს? მე არც ვიცოდი, რა შეიძინეს, არც უნდა მცოდნოდა. მე ვერაფერს დავადასტურებ. არც ის ვიცი, იყიდეს თუ არა და არც ის - რა შემადგენლობა ჰქონდა.
თვითონაც ხომ იციან, რომ არანაირი შეხება არ შეიძლება ამასთან მქონოდა. არც ქიმიური იარაღის ექსპერტი ვარ და არც ანალიტიკური დეპარტამენტის საქმეში შედიოდა ამის შეტანა და გამოტანა. ჩემს მოვალეობაში შედიოდა ანალიტიკური საქმიანობა და შსს-ს საინფორმაციო ბაზების შენახვა, განვითარება და ა.შ.
ახლა შსს-ს სტრუქტურა აღარ ვიცი, მაგრამ მაშინ ეს უნდა სცოდნოდა იმას, ვინც იყენებდა ანუ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და სამეურნეო სამსახურს.
ჯერ ერთი, რომ ამათ ["ოცნების" მთავრობას] უნდა სცოდნოდათ, რა ინვენტარი გადაიბარეს წინა ხელისუფლებისგან და მეორე, მე მართლა არ ვიცი, 15 წლის წინანდელი გაზის გამოყენება ახლა შეიძლება? მე ამის არანაირი კომპეტენცია არ მაქვს. თუ შემოვიდა ასეთი ნივთიერება, უსაბუთოდ ხომ არ შემოვიდოდა?! საბუთიც იქნება, ხელმომწერიც და ვინ ვისგან და რატომ იყიდა.
ახლა, უბრალოდ, ჩემი ხსენებით ყურადღების გადატანა უნდათ. კითხვაზე - რა იყო გამოყენებული? - პასუხი უნდა გასცენ", - განაცხადა უტიაშვილმა.
სუს-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილიც, იგივე „ხარება" გამოკითხა.
უწყებაში ჩვენება მისცა ასევე შინაგან საქმეთა ექსმინისტრმა ვახტანგ გომელაურმაც.
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ნითიერება წყალში საერთოდ არ ზავდება.
„ეს ილუზიის მცდელობაა, რაც აშკარაა და არის ძალზე იაფფასიანი. ეს კარგად გამოჩნდა ამ კვალიფიციური ექიმების მიერ გაკეთებული შეფასებებით, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ რეალურად, როდესაც ბიბისი-მ ეს გამოაქვეყნა, რაღაც შორსმიმავალი შეფასებები გააკეთა და ამას პოლიტიკოსები ეყრდნობიან, თურმე ვისაც თავის მხრივ ბიბისი ეყრდნობოდა, აღმოჩნდა, რომ მათ ისეთი არაფერი უთქვამთ, რაც შემდეგ თითქოს მათ მიაწერეს. ამიტომ ასეთი მცდარი არასწორი და უსაფუძვლო დასკვნებისგან რა თქმა უნდა, ყველამ თავი უნდა შეიკავოს. უფრო მეტიც, ადამიანები თავშეკავებული უნდა იყვნენ, როცა რაიმე ბრალდებებს აყენებენ და ხალხს ეუბნებიან, რომ თითქოს ვიღაცა მოწამლა - აქ ფრთხილები უნდა იყვნენ.
დიახ, მაღალკვალიფიციური ექიმების დასკვნებით მარტივად დასტურდება და ელემენტარული ლოგიკაც კმარა იმისთვის, რომ არასწორად, უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟია, რომ თითქოს ქიმიურ მოწამვლასთან გქონდა საქმე", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძე დასახელებულ ნივთიერებაზე ამბობს:
ეს კონკრეტული ნივთიერება აქტიურად გამოიყენებოდა 2007 - იდან, 2007-ში, 2008-ში, 2009-ში, ანუ 2 სხვადასხვა შესყიდვა განხორციელდა 7-ში და 9-ში. მერე 2019-2020 -შიც გამოიყენებოდა კონკრეტული ნივთიერება, რომელიც შეძენილი იქნა 2007 და 2009 წლებში, - ამბობს კობახიძე.
„ბიბისის" გამოძიებაზე გამოხმაურება ბრიტანეთიდანაც იყო. პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი ამბობს, რომ საქართველოდან ნამდვილად შოკისმომგვრელი ამბავია.
„ეს საქართველოდან ნამდვილად შოკისმომგვრელი ამბავია. ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებენ", - წერს მაკკლირი.