
ორშაბათამდე რამდენიმე დღე რჩება, მმართველი გუნდი კი მოთხოვნას არ ცვლის: „ალდემ", „მოქალაქეებმა" და „ძლიერმა საქართველომ" ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პარტიებიდან უნდა გარიცხონ. ოპოზიციურ ბლოკში აცხადებენ, რომ ხელისუფლებისთვის პასუხი უკვე გაცემულია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ორშაბათს მმართველი გუნდი მათ „ტერორისტის მფარველების" იარლიყს მიაწებებს.
„ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. არ გამორიცხავს, რომ ორშაბათს პარლამენეტის თავმჯდომარე მათ ტერორისტულ პარტიებად შერაცხავს.
„ორშაბათს გამოვა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე და ტერორისტულ პარტიად შეგვრაცხავს „ლელოს" ან რამე კრემლიდან ნაკარნახევ სიგიჟეს გამოაცხადებს. დრო ჩვენ კი არა, თქვენთვის აითვალეთ, ვინც ქართველ ხალხს ქიმიური ტერაქტი მოუწყვეთ, ესაა ტერორიზმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ასი ათასობით ადამიანის მოწამლვა", - წერს კუპრაძე, რომელიც ოქტომბრის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატი იყო.
„ლელოში" იმასაც არ გამორიცხავენ, რომ რომ „ქართულ ოცნებას" შეუძლია ელისაშვილის საქმე მათ წინააღმდეგ დამატებით ბერკეტად გამოიყენოს.
„რა თქმა უნდა, ეს არის მუქარა. ამ ე.წ. სპიკერსა და მის პოლიტიკურ გუნდს სურს ბრალის კოლექტივიზაცია. ეს იყო ალეკო ელისაშვილის ცალკეული, ინდივიდუალური, თავგანწირული აქტი, ეს იყო პროტესტის გამოხატვის მისი ფორმა და ამაზე თავად ალეკომ ისაუბრა. „ქოცებს" არ სჭირდებათ სამხილი, არ სჭირდებათ საფუძველი, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი იდეოლოგია და პრინციპი არ გააჩნიათ. ალეკო ჩვენი თანამებრძოლია, არსაიდან არ იქნება გარიცხული. იმასაც გულწრფელად ვიტყვი, რომ არასწორი ფორმა აარჩია, მაგრამ ის არის სხვა პარტიის თავმჯდომარე, ის არის კოალიციური პარტნიორი. დედლაინები - ორშაბათამდე გარიცხეთო, თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ არის ნონსენსი," - განაცხადა „ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ.
ხაზს უსვამს, რომ პაპუაშვილის შეთავაზებაზე პასუხი უკვე გაცემულია.
„გავრცელდა ფოტო, სადაც რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ელაპარაკება და ეხვევა „ალდეს" ერთ-ერთ ლიდერს, ამ მომენტისთვის, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს. ამავე დროს, რეჟიმი გამოდის და ამბობს, რომ „ალდეს" თავის რიგებში ჰყოლია ტერორისტი და თან ეს „ტერორისტი" არ არის „ალდეს" წევრი და არ არის „ლელოს" წევრი. გვეუბნებიან, რომ ადამიანი [ალეკო ელისაშვილი] უნდა გავრიცხოთ იქიდან, საიდანაც ვერ გავრიცხავთ, რადგან ჩვენი წევრი არ არის, პარტნიორი პარტიის თავმჯდომარეა, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი კი ახლა ზის ვენაში და ხან ერთ საგარეო საქმეთა მინისტრს ეპირფერება და ხან მეორეს. პაპუაშვილს ვეტყვი, რომ პასუხი გაცემულია, ორშაბათი არ გვჭირდება, ბოჭორიშვილმა ქსავიე ბეტელთან, ხვევნა-კოცნისას გასცა პასუხი იმას, არიან თუ არა "ალდეში" ტერორისტები", - აღნიშნა გეგელიამ.
შეგახსენებთ „ალდე"გახლავთ პოლიტიკური ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ძალები არიან გაერთიანებული, ის 80-ზე მეტ კავშირს აერთიანებს და მათ შორის არის „ლელო - ძლიერი საქართველოც".
„გეფიქრათ ორშაბათამდე"
გეფიქრათ მაინც ორშაბათამდე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე გრიგოლ გეგელიას განცხადებას. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რომ „ლელო-ძლიერ საქართველოს" და „ალდეს" ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ არ გახდნენ „ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია".
„ორშაბათამდე კიდევ არის დრო „ალდესთვის" და "ლელოსთვის", რომ უკვე ფორმალურადაც არ გახდნენ ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია", - წერს პაპუაშვილი ფეისბუქზე.
საკიტხს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებული ქმედებების დაგმობა და მის პარტიასთან თანამშრომლობა ურთიერთგამომრიცხავია.
„ისეთი თამაშებია, რომელიც უკვე საინტერესოც აღარ შეიძლება იყოს ქართველი ხალხისთვის. ისინი ერთ განცხადებაში აკეთებენ ორ ურთიერთგამომრიცხავ აქცენტს: ბოლოს რომ გააკეთეს განცხადება, თქვეს, რომ ჩვენ არ მივესალმებით, არასწორი იყო, ვემიჯნებით ალეკო ელისაშვილის საქციელს და იმავე განცხადებას თუ კარგად წაიკითხავთ, წერია, რომ ეს იყო თავგანწირვის აქტი. შე დალოცვილო, ტერორიზმს რომ თავგანწირვის აქტს დაუძახებ, როგორღა ემიჯნები?! ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე - ყიდიან ხოლმე თავიანთი გამონათქვამები", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ ალეკო ელისაშვილს, რომელიც საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, არ გარიცხავენ, ორშაბათიდან „მოქალაქეები", „ძლიერი საქართველო" და „ალდე" „ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები".
განცხადებას მალევე გამოეხმაურა კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" და განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით "ძლიერ საქართველო-ლელოს" ოფიციალური განცხადება გაკეთებული აქვს და შალვა პაპუაშვილს შეუძლია იხელმძღვანელოს ამ პოზიციით.კოალიციამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ალეკო ელისაშვილი არ არის „ლელოს" წევრი, ის წამოადგენს პარტია „მოქალაქეებს", რომელიც ასევე, არ არის „ალდეს" წევრი პარტია.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის ცადენის ბრალდებით პატიმრობა შეეფარდა.