
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოკვლას უპირებდნენ, რაზეც ირლანდიის სამართალდამცავებმა გამოძიება უკვე დაიწყეს. ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ირლანდიაში მიფრინავდა, დუბლინის აწეროპორტის სიახლოვეს ოთხი უცნობი დრონი აედევნა, თუმცა ბორტი დროზე ადრე დაეშვა და ამით საფრთხე თავიდან აიცილა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა კომუნიკაციების საკითხებში, დმიტრო ლიტვინმა ეს ფაქტი დაადასტურა.
„უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია მასპინძელი მხარე. მათი მონაცემებით, ასეთი დრონები მართლაც არსებობდა, მაგრამ ამას ვიზიტზე გავლენა არ მოუხდენია და რაიმე ცვლილება არ გამოუწვევია", - აღნიშნა ლიტვინმა.
ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიის ქალაქ დუბლინში დაშვებამდე უცნობი დრონები აედევნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დუბლინის გარეუბნიდან აფრენილი ოთხი დრონი იმავე ტრაექტორიას მიჰყვებოდა, რასაც ზელენსკის თვითმფრინავი, თუმცა ის აეროპორტში დაგეგმილზე ოდნავ ადრე დაეშვა. ამასთან, მოგვიანებით იგივე დრონებმა წრე დაარტყეს ირლანდიის საზღვაო ძალების გემს, რომელიც ზელენსკის ვიზიტამდე ქვეყნის აკვატორიაში ფარულად გაგზავნეს.
როგორც ცნობილია, დრონებმა ვერ შენიშნეს უკრაინის ლიდერის თვითმფრინავის მოახლოება და ყურადღება ირლანდიის საზღვაო ხომალდ LÉ William Butler Yeats-ზე გადაიტანეს, რომელიც დუბლინთან საიდუმლოდ იყო განლაგებული. დრონები ირლანდიის მიერ კონტროლირებადი წყლების სიახლოვეს, 12 საზღვაო მილის დაშორებით მოძრაობდნენ.
მომხდართან დაკავშირებით ირლანდიის სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას აწარმოებენ.
ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა დაადგინეს, რომ ირლანდიის ზღვაში შენიშნული დრონები დიდი, ძალიან ძვირი, სამხედრო დანიშნულების იყო და ინციდენტი შეიძლება ჰიბრიდულ თავდასხმად ჩაითვალოს.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელ ვახტანგ მაისაიას ეჭვი არ ეპარება, რომ ამის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგას.
„რა თქმა უნდა, ამის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან - სხვა არავინ იქნება, გარდა რუსეთისა. ომია და ისინი ყველანაირ რესურსსა და ხერხს იყენებენ. რუსეთის სპეცსამსახურები ზოგადად ბევრგან მმოქმედებენ, არა მარტო ქვენის სიახლოვეს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვისი ტერიტორია იქნება. ისტორიაში ასეთი ბევრი ფაქტი ყოფილა. ეს მათთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
ზელენსკი ირლანდიაში ვიზიტით 1 დეკემბერს, ღამით ჩავიდა, ოფიციალური შეხვედრები და პრესკონფერენცია კი 2 დეკემბერს ჰქონდა. დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ცნობილი გახდა ვიზიტის დასრულების შემდეგ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, ამოუცნობი დრონების ფრენებმა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეს ინციდენტები „ჰიბრიდული ომის" ნაწილად შეაფასა.
ამის პარალელურად, გერმანული მედია ავრცელებს სატელეფონო საუბრის ფრაგმენტებს, რომელიც, მათი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის გაიმართა. ამ საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ის „დიდ საფრთხეს" ხედავს ზელენსკისთვის (გამოცემა არ აკონკრეტებს, რა კონტექსტში გაჟღერდა ეს).