
2026 განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იქნება: სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო ხდება, ხოლო კერძო სექტორი საგრანტო დაფინანსებას კარგავს. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვასაც მოიცავს, ოპოზიციაში ნეგატიურად ხვდებიან, ამბობენ, რომ ახალი გადაწყვეტილებები პარტიული რეფორმების ნაწილია, რათა ხელისუფლებამ სასწავლებლები ერთ თარგზე მოაქციოს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა,რომ 2026 წლიდან სახელწმიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული ყველა სტუდენტისთვის სწავლა სრულად უფასო იქნება, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ ეხება კერძო უნივერსიტეტებს. ისინი სახლმწიფოსგან საგრანტო მხარდაჭერას ვეღარ მიიღებენ.
"ჩვენ საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტში უკვე ჩარიცხულ ყველა სტუდენტს, უზრუნველვყოფთ დაფინანსების იმავე მექანიზმით, რომელიც აქამდე იყო მათთვის შეთავაზებული. 2026 წლიდან კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო," - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, ის, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა მეტად ორიენტირებულია სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე, არახალია.
„უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული რეფორმის დაანონსების დღიდან ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რეფორმის მთავარი აქცენტი კეთდება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა შეასრულონ სახელმწიფოს დაკვეთა ბაზრის კვლევებისა და საჭიროებების მიხედვით. შესაბამისად, დაფინანსების ძირითადი რესურსების მობილიზება ამ პრინციპის გათვალისწინებით მოხდება.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, სტუდენტები, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან, სახელმწიფოსგან საგრანტო მხარდაჭერას აღარ მიიღებენ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე - მეორე, მესამე, მეოთხე კურსის, აგრეთვე მაგისტრატურის სტუდენტებზე - ეს შეზღუდვა არ გავრცელდება და მათთვის დაფინანსების არსებული კომპონენტი ძალაში დარჩება‘‘, - აღნიშნა მინისტრმა.
ორი ატესტატი
განათლების მინისტრის თქმით, სწავლება კერძო სკოლებშიც 11-წლიანი იქნება, თუმცა საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, 12-წლიანი სწავლების შესაძლებლობა ყველა კერძო სკოლაში შენარჩუნდება.
„11-წლიანი სწავლება მისცემს თითოეულ ჩვენს მოზარდს, მოსწავლეს სრულფასოვან ზოგად განათლებას, ამიტომ არ გვინდა, რომ ზედმეტი პერიოდი დავაყოვნოთ ისინი სკოლაში. შესაბამისად, იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ მეთორმეტე წელიც ისწავლონ, ამ შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ შემდეგ სისტემას: ყოველი წლის მარტში გამოვაცხადებთ ღია სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული მოსწავლე დარეგისტრირდება. მე-11 კლასელი დარეგისტრირდება მე-12 კლასისთვის, ის დააფიქსირებს თავის საცხოვრებელ მისამართს, რომელ სკოლაში სწავლობს, რომელს ამთავრებს, ის აიღებს მე-11 კლასის ატესტატს, თუმცა იმ რეგისტრაციის გავლის საფუძველზე ჩაირიცხება მე-12 კლასში და კიდევ ერთ ატესტატს აიღებს."
მიქანაძემ აღნიშნა,რომ იქნება მე-11 და მე-12 კლასის ატესტატი.
„იქნება 11-კლასდამთავრებული ატესტატი და 12- კლასდამთავრებული ატესტატი, თუმცა იმას ექნება საქართველოს რეალობაში სამართლებრივი კუთხით ერთი და იგივე იურიდიული ძალა."
„უცხოელი სტუდენტების მიღება შუძლებელი იქნება"
გივი მიქანაძემ უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, მისი თქმით, გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვისას მათაც შეეხება.
„უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით, მომდევნო სასწავლო წლიდან დაწესდება გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამ მიზნით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც, უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება. გამონაკლისად განიხილება ორმხრივი შეთანხმებები, გაცვლითი და სპეციალური პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ უნივერსიტეტებს აქვთ სხვადასხვა ფორმატით.
საგულისხმოა, რომ ყველა ის უცხოელი სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა საქართველოში, შეძლებს ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტებში. მოგეხსენებათ, დღეს მოქმედი 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მხოლოდ 19 არის სახელმწიფო, ხოლო 45 - კერძო. განაცხადა მინისტრმა, რომლის კომენტარსაც სამინისტრო ავრცელებს.
„ხელისუფლებას სურს სკოლები ერთ თარგს მოარგოს."
ოპოზიციონერები ახალ ცვლილებებს ნეგატიურად ხვდებიან.პარტია „გახარია საქართველოსთვის" ყოფილი წევრის, განათლების საკითხებში ექსპერტ რუსუდან თევზაძის შეფასებით, ზოგადი განათლების რეფორმაში გარკვეული ტიპის ჩანართები საბჭოთა განათლების სისტემასჰგავს.
თევზაძე ხელისუფლების მიერ დაანონსებული განათლების რეფორმას „ქართული ოცნების" პარტიული რეფორმას უწოდებს.
„გარკვეული ტიპის ჩანართები ნამდვილად ჰგავს საბჭოთა განათლების სისტემას. ყველაფერი ლოგიკური გაგრძელებაა მათი პოლიტიკური ოპერირების, თუ შეიძლება საერთოდ ამას საგარეო და საშინაო პოლიტიკა ეწოდოს, რადგან საშინაო ველზე დაუწყეს ბრძოლა ახალგაზრდებს, რომელიც ამ ყველაფრის მთავარი ძალა არის და საგარეო ველზე აბსოლუტურად მოწყვიტეს განათლების სისტემა. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ეს არის მათი პარტიული რეფორმა. დაბალანსებული პარტიული პოლიტიკისგან გათავისუფლებულ განათლების პოლიტიკას ეს საკითხები ეწინააღმდეგება.
მაგალითად, 11-წლიანი სასკოლო განათლება არ არის თავსებადი ბოლონიის პროცესთან და უგულებელყოფს იმ პრინციპს, რომელიც გულისხმობს უმაღლეს განათლებაში დასავლური განათლების მიღებას", - განაცხადა თევზაძემ.
თევზაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას სურს სკოლები ერთ თარგს მოარგოს.
„ეს ნამდვილად ასე იკვეთება და პერსპექტივაში ასეთ შედეგს გამოიღებს, რაც ორი მიმართულებით შეიძლება გავშალოთ, ერთი არის შინაარსი, რადგან მათი განათლების პოლიტიკა დაფუძნებულია პარტიულ პოლიტიკაზე. შესაბამისად, ეს საგნობრივი მიმართულებებიც ამ შინაარს უნდა ითვალისწინებდეს. ამას ადასტურებს მარტივი ინდიკატორები, რაც არის მათი ქმედებები სასკოლო განათლებაში. მაგალითად, მიმდინარეობს მამაოების გადამზადება, რომლებიც შევლენ სკოლაში და ამ შინაარსის კომპონენტს მოსწავლეებს ასწავლიან. ესეც კონსტიტუციის დარღვევაა", - განაცხადა თევზაძემ.
სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
„არ დაიჯეროთ, რომ თქვენ შვილებს თქვენი დღევანდელი პრივილეგირებული პოზიციები ხვალ დაიცავს. ისინიც ისწავლიან ერთ სამინისტროს მიერ შექმნილ კომისიის შედგენილ სახელმძღვანელოთი, იმათაც შეეზღუდებათ საზღვარგარეთ უმაღლესში სწავლა (რუსეთი თუ არ არის მათი იდეალი)... ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა ყველას ბედზე აისახება", - წერს სალომე ზურაბიშვილი.