
შუახევის მაღალმთიან სოფელ ჩანჩხალოში, იქ, სადაც გადაადგილებაც კი ჭირს და კლდეებიდან ქვები ცვივა, ერთი შეხედვით დაუჯერებელი, ფილმის სცენარის მსგავსი დრამა ვითარდება. ეს არის ამბავი 44 წლის მარინა ბებიაზე, რომელმაც საკუთარ პირად ცხოვრებაზე უარი თქვა, რათა 17 წლის რძლისგან მიტოვებული ჩვილი ტყუპები - ნიკა და ლუკა გადაერჩინა.
როგორც მარინა აბაშიძე იხსენებს, რძალი ოჯახში 17 წლის ასაკში შემოვიდა. თავიდან ყველაფერი თითქოს რიგზე იყო, თუმცა პრობლემები ორსულობისთანავე დაიწყო. ახალგაზრდა გოგონას ოჯახი აღარ უნდოდა და ბავშვების მოცილებას საშინელი მეთოდებით ცდილობდა.
"ძალიან მალე აერია თავგზა... ბევრჯერ ეცადა, რომ ბავშვები მუცლიდანვე დაეკარგა. თითქოს წაიქცა, თითქოს გადავარდა, რაღაცაზე დაეცა - სპეციალურად აკეთებდა ასეთ რაღაცებს, რომ მუცელი მოშლოდა. მუცლიდანვე ვიცავდი, რომ არაფერი მოსვლოდათ პატარებს“, - იხსენებს მარინა.
ტყუპები 8-თვიანები დაიბადნენ. მაშინ, როცა ჩვილები ჯერ კიდევ აპარატზე იყვნენ შეერთებულნი და სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, ოჯახმა სოციალურ ქსელში შოკისმომგვრელი განცხადება აღმოაჩინა.
"ბავშვები 2 დღის გაჩენილები იყვნენ, აპარატებზე ჰყავდათ... ამ დროს ჩემმა შვილმა მის TikTok გვერდზე ნახა ვიდეო წარწერით: "ბავშვებს ვყიდი, უპატრონოდ ვარ“. მაშინვე საავადმყოფოში მივცვივდით. ვკითხეთ, რას სჩადიოდა... საბოლოოდ ბავშვები გამოვიყვანეთ, მაგრამ სულ იმას გაიძახოდა - არ მინდა ოჯახი, თავისუფლება მინდაო“.
მარინა, რომელიც ღამით რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა, დღისით რძალს ეხმარებოდა, სთავაზობდა ცალკე ცხოვრებას და ფინანსურ უზრუნველყოფას, ოღონდ ბავშვები არ მიეტოვებინა, თუმცა უშედეგოდ.
"სამსახურში დამირეკა და მითხრა - მივდივარო. სახლში რომ მოვედი, ბავშვები ნახევრად ჩაცმულები იყვნენ და მულტფილმს უყურებდნენ. მას ჩანთა უკვე ჩალაგებული ჰქონდა. კარები რომ გავაღე, ჩანთა წამოიკიდა და ისე გავარდა... ვუთხარი, მოტრიალდი და ბავშვებს მაინც ჩაეხუტე-მეთქი. თვალებიდან არასოდეს ამომივა ის მომენტი - შვილები არ დაინდო, არც კი მიკარებია".
წასვლის შემდეგ, დედას შვილები ერთხელაც არ მოუკითხავს. უფრო მეტიც, როდესაც ერთ-ერთი ტყუპისცალი რეანიმაციაში მოხვდა და ექიმმა დედის ხმის გაგონება ურჩია მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პასუხი გამაოგნებელი იყო: „ქალო, რას მირეკავ? არც ექიმი ვარ და არც ღმერთი. მიდი და მიხედეო“.
აღმოჩნდა, რომ გოგონას მხარდაჭერა არც საკუთარი მშობლებისგან ჰქონდა. როგორც მარინა ჰყვება, როდესაც რძლის მამას სთხოვა, მოსულიყო და შვილთან დალაპარაკება ეცადა, კაცმა ფული მოითხოვა.
"მამამისს ვუთხარი, მოდი, იქნებ თქვენ გითხრათ რამე, იქნებ მე ვერ ვხვდები-მეთქი. მითხრა: “500 ლარი ჩამირიცხე და მოვალ, ისე შვილი არ მაინტერესებს, სადაც უნდა იქ წავიდეს, გინდა მოკვდესო“. დედამისიც იგივე პოზიციაზე იყო“.
დღეს ტყუპები 3 წლისანი ხდებიან. ბებიას "დედას" ეძახიან, რაც მარინასთვის ყველაზე დიდი ტკივილია. 44 წლის ქალი ამბობს, რომ ღამეებს ცრემლებში ათენებს.
ოჯახს, გარდა ემოციური ტრაგედიისა, მძიმე სოციალური პირობებიც აწუხებს. სახლი, სადაც ბავშვები იზრდებიან, გეოლოგიურად აქტიურ ზონაშია. კლდიდან ქვები ცვივა, რაც ბავშვების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
"ერთხელ ქვა წამოვიდა და სახლს მოხვდა. საშინელი ხმა ჰქონდა... ახლა ბავშვი ეზოში რომ გავიდეს, რა იცის, საიდან რა მოგორავს. წლების წინ სახელმწიფომ 25 000 ლარი მოგვცა, მაგრამ მაშინ ისეთი გაჭირვება გვქონდა, ეგ თანხა ვალებსა და კვებას მოხმარდა. ახლა ისევ ამ შიშის ქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ ბავშვებს ვერავის გავატან. მეორედ გავხდი დედა და ამ პასუხისმგებლობას ბოლომდე ვატარებ“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში მარინა აბაშიძემ.
ბავშვების მამა დაცვაში მუშაობს. მომხდარის შემდეგ მან სოციალური ქსელები გააუქმა და დეპრესიაში ჩავარდა, თუმცა შვილებისთვის ბრძოლას განაგრძობს.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე