
აბაშაში მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული 18 წლის გოგონა, ლიკა კუჭუხიძე უფლის წყალობით გადარჩა. გოგონა კლინიკიდან ორი კვირის წინ სახლში გამოწერეს, დღეს კი ხერხემალზე ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა.
უმძიმესი ავარია, 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მოხდა, რასაც ლიკას მეუღლის, 19 წლის დედისერთა ბიჭის, ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა, სამწუხაროდ, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა. ულამაზესი წყვილი ახალდაქორწინებულები იყვნენ, ამ ზაფხულს ჰქონდათ ქორწილი.
ლიკა კუჭუხიძის ამჟამინდელ მდგომარეობაზე "ამბებს" მისი ახლობელი ესაუბრა:
"რამდენიმე საათია, რაც ლიკას ოპერაცია დასრულდა. ხერხემალზე ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. იმედია წამოდგება ფეხზე, უფლის იმედით. ლიკა ორი კვირის წინ გამოწერეს სახლში, მას შემდეგ სულ იწვა, მისთვის გატოკებაც კი არ შეიძლებოდა, არც - სტრესი. ამიტომ არ ეუბნებოდნენ ბაჩოს ამბავს. ტელეფონსაც არ აძლევდნენ. ხერხემლის ორ მალაზე ჰქონდა დაზიანებები და ამიტომ გაუკეთდა ოპერაცია.
სახლში ყოფნისას სულ ბაჩოს კითხულობდა, დამალაპარაკეთო. ეუბნებოდნენ, რომ რეანიმაციაში იყო ბაჩო, თბილისში. ბაჩოს დედაც ყოველდღე ლიკასთან იყო, ახლაც იქაა. ძალიან უყვართ ერთმანეთი. უმაგრესი ქალბატონია ბაჩოს დედა. ძალიან ცოდოა ლიკუნა, ახლა უფრო და უფრო იგრძნობს ტკივილს. რატომ უნდა მომხდარიყო ეს ტრაგედია, ხომ შეიძლება ებედნიერათ", - ამბობენ გოგონას ახლობლები.
წყარო: www.ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე