რეზონანსი
04.12.2025

საქართველოში ფსიქიკურ დაავადებათა მკვეთრი ზრდა ფიქსირდება, რაც სახელმწიფოსგან შემხვედრ ღონისძიებებს ითხოვს. არადა, ხანგრძლივი სავალდებულო სამედიცინო მომსახურება არ არსებობს, კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს­ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში მკურნალობენ, შემდეგ კი სპეციალური მედიკამენტების მიღებას თავად პაციენტების ნება-სურვილს ანდობენ, რაც უშედეგოა... საზოგადოებას კარგად ახსოვს დაავადების გამწვავებისას ფსიქიკურად დაავადებულთა მიერ დახოცილი ახლობლები თუ შორებლები, მათ შორის, საუბედუროდ, მცირეწლოვანი ბავშვებიც. ამჯერად საქმე დიდი დიღმის დასახლებაში, კერძოდ, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მცხოვრებთ ეხება. მობინადრეთა თქმით და თავად ქალის მიერ გადაღებული ვიდეომასალით დასტურდება, რომ ის ხალხს თავს ესხმის ლანძღვა-გინებით (არა მხოლოდ), თავდასხმას იღებს და ტიკ-ტოკის პლატფორმაზე ათავსებს (სახელით "მე მქვია ნათია"), რისთვისაც მას მნახველები ფულს ურიცხავენ, მათ შორის ემიგრანტების უმრავლესობა. პარალელურად ვიდეოგადაღებაში ქალი თავის 25 წლის ვაჟს იშველიებს, აქეზებს მას ძალადობისკენ,­ რაც ძალზე მძიმე სანახავია. ამ თემაზე დიდი დიღმის მოსახლეობის თხოვნით "კვირის პალიტრა" ამავე ქუჩაზე მცხოვრებ ექიმ ალინა გახოკიძეს ესაუბრა:

"არა მხოლოდ უბანი, თითქმის მთელი დასახლება მძიმე მდგომარეობაშია იმ ქალის გამო. ამჯერად მედიას მოგმართეთ, ვინაიდან პოლიციასა თუ საპატრულო სამსახურთან ჩვენმა მრავალგზის მიმართვამ ნაყოფი არ გამოიღო. გვეუბნებიან, კი, ქალი არაჯანსაღია, მაგრამ ჩვენ მის აგრესიულობას ვერ ვხედავთ, ამ შემთხვევაში კანონი მის იძულებით მკურნალობას არ გვავალდებულებსო. სამაგიეროდ,­ ამ აგრესიულობას ჩვენ ვხედავთ და საფრთხესაც ვგრძნობთ. ამ სამსახურებშიც მშვენივრად იციან, რამდენი ადამიანია მოკლული და დაზიანებული ფსიქიკურად დაავადებულთა­ ხელით დაავადების გამწვავების პროცესში. ქალი თავდასხმებისას ძალიან აგრესიულია,­ თავს ვეღარ აკონტროლებს, საპატრულო პოლიციის მოსვლამდე კი გარბის. უკვე ფსიქიკურად დაავადებულ ვაჟსაც აქეზებს. ამის დასტურად მისივე გადაღებული­ ვიდეოების ნახვაც საკმარისია, თუმცა შესაბამის სამსახურებს ურჩევნიათ პრობლემა გაამარტივონ, მით უფრო კანონი ამის საშუალებას იძლევა. გვეუბნებიან, თუ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი ირგვლივ მყოფთათვის სასიცოცხლო საფრთხეს არ ქმნის, რატომ უნდა გადავიყვანოთო. არადა, ქმნის! საკუთარი შვილიც კი იმდენად გააქეზა,­ 25 წლის ბიჭი ჩაქუჩით დარბის და რაც არ მოეწონება, ამტვრევს. ქალი რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა უბანში საცხოვრებლად. მაშინ ამდენად მძიმე გარემოს არ ქმნიდა. ყვიროდა, მაგრამ არავის ერჩოდა. გართულებები მალევე დაეწყო. პირველად მეზობლებს დასწამა ცილი, სასმელ წყალს მიწამლავთო და პოლიციაშიც უჩივლა. მაშინ საპატრულო სამსახურიც მოვიდა, წყლის მოწამვლის თაობაზე განცხადებაა შემოსული და უნდა შევამოწმოთო. თუმცა, როდესაც ქალი ნახეს, გვითხრეს, ჯანმრთელი არ ჩანს, მაგრამ აგრესიულიც არ არის, ამიტომ კანონით სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას არ ექვემდებარება, ეცადეთ, მშვიდად მოექცეთო. 

როგორც კი შეიტყობს საპატრულო სამსახურია გამოძახებული, მაშინვე გარბის. ამ დღეებში ერთ მარკეტში ისეთი უბედურება დაატრიალა, კარი ჩაუკეტეს, რომ არ გაქცეულიყო, მაგრამ ძალით გააღო და გაიქცა. ამ დროს ისეთი ძალა აქვს, ვერავინ გაუმკლავდება... არავინ იცის, ასეთი ადამიანები რას მოიმოქმედებენ. ამას წინათაც ისეთ ფაქტს შევესწარი, თავზარი დამეცა: ისნის მეტროსთან ტრანსპორტში ფსიქიკურად დაავადებული ქალი ამოვიდა, რომელიც თავისთვის გაცხარებით ლაპარაკობდა, მგზავრებს მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, მაგრამ მერე წინა სკამზე მჯდომ გოგონას უკნიდან ისე ძლიერად ჩაარტყა, საბრალო სკამიდან გადავარდა. ამის შემდეგ მგზავრებმა პატრულისა და სასწრაფოს გამოძახება მოინდომეს, მაგრამ ქალი ავტობუსის კარს მიადგა, ძალით გააღებინა და გაიქცა...

გვიშველეთ, ყოველდღე შიშში ვართ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ქალი ამოიკვიატებს. სოციალური სამსახურიც გამოვიძახეთ, გვინდოდა ქალის შვილისთვის მაინც გვეშველა. მაქსიმალურად დაგვიდგნენ გვერდში, თუმცა გადაყვანა პოლიციის თანხლებით უნდა მოხდეს, რაზეც პოლიციამ კვლავ უარი განაცხადა­. ჯერ თურმე საბედისწერო შემთხვევა უნდა მოხდეს და მერე ჩაერევიან საქმეში!"

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×