"რომელი მაღალჩინოსანი აკონტროლებს ამა თუ იმ კომპანიას და ვისი მითითებით იმარჯვებენ კომპანიები ტენდერებში?"
თამარ ვეფხვაძე
04.12.2025

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო ზედამხედველობაზე გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებს. ირკვევა, რომ ირაკლი ლექვინაძის უწყებამ მოკვლევა რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კახაბერ გულედანს კონკურენციის სააგენტოსთვის კი არა, შეეძლო, პირდაპირ პროკურატურისთვის მიემართა. 

მოკვლევის დაწყების მიზეზი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ, სხვადასხვა ტენდერზე დაკვირვებისას გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც, სავარაუდოდ, შესაბამისობაში არ იყო, ან არღვევდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას საჭიროებდა. კერძოდ, ტენდერებზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიები: შპს „ჯეოექსპერტი“, შპს „ზაისი და კომპანია“, შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“, შპს „ინსპექტ-ასი“, შპს „ოპტიმალ გრუპ პლუსი“, შპს „ექსპერტ ჰაუსი“, შპს „სქაისქეიფერი“, შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“, შპს „ქრიზოლითი პლუსი“, შპს „მშენ-ექსპერტი პლუსი“ და შპს „მეგამშენი“, 2022-2025 წლებში, რაჭის, სამეგრელოს, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში, სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებში, სავარაუდო შეთანხმებულ ქმედებებში იყვნენ შემჩნეულნი.

„მიმდინარე წელს, სააგენტომ სამი მოკვლევა დაასრულა, საიდანაც ორ შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტთა მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კერძოდ, კი არასამართლიანად მაღალი ფასების გამოყენების ფაქტები დადგინდა. ერთი მოკვლევის შემთხვევაში კი დარღვევა არ დადასტურდა. ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია ორი მოკვლევა - დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებისა და სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე“, - აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში. 

რა დარღვევებს შეისწავლის სააგენტო

სახელმწიფო ტენდერებისა და შესყიდვებში არსებულ დარღვევებზე ყველაზე უკეთ ინფორმირებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურია. წლების მანძილზე, სწორედ სახელმწიფო აუდიტორები ავლენენ სხვადასხვა სახის ფინანსურ დარღვევებს სახელმწიფო უწყებებში. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე, „რეზონანსმა“ მიაკვლია აუდიტის ანგარიშს - „მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო საქმიანობის შესაბამისობის შესახებ“. ეს ანგარიში 2022 წლის თებერვალში გამოქვეყნდა და მართალია, 2019-2020 წლებს ეხება, თუმცა ანგარიშში ზუსტად ის კომპანიები და მეტიც - საქართველოს ის რეგიონები გვხვდება, რომელთა წინააღმდეგაც კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. 

ანგარიშის დეტალურად განხილვისას, ვარკვევთ, რომ სახელმწიფო აუდიტორებმა დარღვევები გამოავლინეს ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაში; საზედამხედველო მომსახურებაში; პროექტების ყოველდღიურ მონიტორინგში; ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის მონიტორინგში; სამუშაოების შესრულების ვადების კონტროლში...  

დარღვევები საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაში

უხარისხო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამო, ხელშეკრულებებში ცვლილებები შედიოდა სისტემატურად. კერძოდ, აღნიშნული საფუძვლით შეცვლილია 3 616 ხელშეკრულებიდან 2 547 ხელშეკრულების (70%) პირობები, რომელთა საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაში, ჯამში - 7.321.8 ათასი ლარია გადახდილი. საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირების შედეგად, 740.335.8 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები დასრულდა თავდაპირველად განსაზღვრულ პერიოდზე მნიშვნელოვანი დაგვიანებით.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აუდიტორებმა სკოლებისა და საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები შეისწავლეს, გამოავლინეს, რომ პროექტებში განხორციელებული ხშირი ცვლილებების შედეგად, 202 ხელშეკრულების ფარგლებში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღებიდან სასწავლო წლის დასაწყისისათვის ვერ დასრულდა - 117 მათგანი, ხოლო საჯარო სკოლების  სარეაბილიტაციო   სამუშაოებზე   გაფორმებული 531 ხელშეკრულებიდან, სასწავლო წლის დასაწყისისთვის ვერ დასრულდა 114 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. 

გამოვლენილი გარემოება ადასტურებს, რომ აღნიშნული დაწესებულებების მნიშვნელოვან ნაწილში სასწავლო პროცესი დაგეგმილ პერიოდში ვერ დაიწყო - ასეთია სახელმწიფო აუდიტორების დასკვნა. 

დარღვევები საზედამხედველო მომსახურებაში

სახელმწიფო აუდიტორები პირდაპირ აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტების მიერ დაქირავებული ზედამხედველი კომპანიები ჯეროვნად არ ასრულებენ ხელშეკრულების პირობებს. გამოვლენილი გარემოებებით დასტურდება, რომ შეუძლებელია არსებული საკადრო რესურსით კონტრაქტორებმა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესზე სათანადო კონტროლი განახორციელონ. თავის მხრივ, არც მუნიციპალიტეტების მიერ მოწმდება ზედამხედველი კომპანიების მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ზედამხედველ კომპანიებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში - 39.036.4 ათასი ლარი აუნაზღაურდათ ისე, რომ მუნიციპალიტეტებს სათანადოდ არ შეუმოწმებიათ, რამდენად ასრულებენ მიმწოდებლები ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

„დოკუმენტაციის შესწავლით დასტურდება, რომ პროცესში ჩართული იყო 847 ზედამხედველი, რომელთაგან მხოლოდ 327 დასაქმებულის პერსონალური მონაცემები ემთხვევა კომპანიების მხრიდან ტენდერში ატვირთულ მონაცემებს“, - დაასკვნეს სახელმწიფო აუდიტორებმა.

დარღვევები სამუშაოების ვადების კონტროლში

2019-2021 წლებში, 23 მუნიციპალიტეტში ჩატარებული შესაბამისობის აუდიტების შედეგად გამოვლინდა, რომ უხარისხოდაა შესრულებული და დაზიანებულია 58.553.5 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტების შესაბამის პასუხისმგებელ პირებს ზედამხედველი კომპანიების მიმართ არ გაუტარებიათ საჯარიმო სანქციები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

„სამუშაოების დასრულების ვადები გაზრდილია დაუსაბუთებლად, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, რითაც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის გაუარესებულია ხელშეკრულების პირობები. თავის მხრივ, არც ზედამხედველი კომპანიები აწარმოებენ სათანადო კონტროლს მიწოდების ვადების დაცულობაზე. შედეგად, შესწავლილ 15 მუნიციპალიტეტში 125 ხელშეკრულების ფარგლებში, რომელთა სახელშეკრულებო ღირებულება 38.841.5 ათასი ლარია, მიწოდების ვადები დაუსაბუთებლადაა გაზრდილი“, - ასეთია აუდიტორების დასკვნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მერიებს არ აქვთ შემუშავებული სათანადო კონტროლის სისტემა იმის დასადასტურებლად, რამდენად სათანადოდ ასრულებენ ზედამხედველი კომპანიები ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. შედეგად, ზედამხედველობის მომსახურების ცალკე შესყიდვაში ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, ჯამში - 39 036.4 ათასი ლარია გადახდილი, თუმცა მუნიციპალიტეტებმა არსებითად ვერ გააუმჯობესეს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარისხი. 

მუნიციპალიტეტებმა, ტენდერების გზით, სულ შეისყიდეს 1.213.881.9 ათასი ლარის სახელშეკრულებო ღირებულების 3 589 ერთეული ინფრასტრუქტურული პროექტის საზედამხედველო მომსახურება. საანგარიშო პერიოდში, მუნიციპალიტეტებში - იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში და კახეთში საზედამხედველო საქმიანობას ახორციელებდა ათი სხვადასხვა კომპანია.  

უფრო ზუსტად: შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფს“ - 11.686.5 ლარის პროექტები განუხორციელებია; შპს „ოპტიმალ გრუპ პლუსს“ - 9.673.6 ლარის;  შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტს“ - 3.924.1 ლარის; შპს „რეალექსპერტს“ - 3.281.7 ლარის;  შპს „ქრიზოლითი პლუსს“ - 3.000.8 ლარის; შპს „მშენ-ექსპერტს“ - 2.659.6 ლარის; შპს „ექსპერტ ჰაუსს“ - 2.100.5 ლარის; შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ - 1.682.9 ლარის; შპს „ჯეოექსპერტს“ - 526.7 ლარის; შპს „ზაისი და კომპანიას“ - 500.1 ლარის; ჯამში კი, ამ ათმა კომპანიამ 39 036 400 ლარი მიიღეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 

აუდიტის ამ ანგარიშით ისიც ირკვევა, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში არსებული ფინანსური დარღვევები, რის გამოც ირაკლი ლექვინაძის უწყებამ მოკვლევა დაიწყო, არახალია. აუდიტორი და ფინანსისტი ირაკლი შავიშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ უპრიანი იქნებოდა, რეგიონული განვითარების სამინისტროს კონკურენციის სააგენტოსთვის კი არა, პირდაპირ პროკურატურისთვის მიემართა. 

„ვფიქრობ, მოკვლევა უნდა დაიწყოს არა კონკურენციის დარღვევაზე, არამედ, კორუფციულ სქემებზე. გარდა ამისა, თუ ტენდერში მხოლოდ ერთი-ორი კომპანია მონაწილეობს და სხვები - არა, კომპანიის ბრალეულობა კი არ იკვეთება, პრობლემა არის კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურებში. გამოიკვლიონ, იმ კომპანიებში, რომლებიც მუდმივად იმარჯვებენ, რა ხელი აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს? ამის გამოკვლევას გამოძიება სჭირდება, რომლის შედეგად, გამოვლინდება, ხელისუფლების რომელი მაღალჩინოსანი აკონტროლებს ამა თუ იმ კომპანიას და ვისი მითითებით იმარჯვებენ კომპანიები ტენდერებში“, - განუცხადა „რეზონანსს“ ირაკლი შავიშვილმა.

მისი თქმით, თუ მხოლოდ ერთი-ორი კომპანია იმარჯვებს მუნიციპალურ ტენდერებში, სამართალდამცავებმა უნდა დაიწყონ გამოძიება და გამოავლინონ, რომელ ჩინოვნიკს აქვს გავლენა ამ მუნიციპალიტეტებზე. აქედან გამომდინარე, ირაკლი შავიშვილი ფიქრობს, რომ გულედანის უწყებას პროკურატურისთვის უნდა მიემართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×