
პარტია „გახარია საქართველოსთვის" „ბი-ბი-სი"-ს სკანდალურ ფილმთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. „ქართული ოცნების" პოზიცია ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მმართველი პარტია ამას დათანხმდეს.
როგორც ექსპრემიერის პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის კვალი შესაძლოა მიდიოდეს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, არსებობს ლეგიტიმური მოსაზრება, რომ პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ იქნება სრულად დამოუკიდებელი, ობიექტური და ეფექტური.
„საერთაშორისო მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ „ოცნების" რეჟიმის მიერ კანონით აკრძალული ქიმიური ნივთიერების მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენების შესახებ საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი, „ოცნებაში" კი სრული პანიკა და ისტერიკა გამოიწვია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს მათი ბრალეულობის შესახებ. იმდენად მძიმე შესაძლო დანაშაულთან გვაქვს საქმე, რომ დღის წესრიგში დგება ამ საქმის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების დაწყების მოთხოვნა. ხალხმა უნდა იცოდეს, კონკრეტულად ვის მიერ მოხდა უკანონო ქიმიური ნივთიერების წყალში შერევაზე ბრძანების გაცემა. ეს იყო სისტემური დანაშაული, თუ კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი უკანონობა, რამაც რისკის ქვეშ დააყენა მრავალრიცხოვანი დემონსტრანტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
„დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობა განპირობებულია არა მხოლოდ დამნაშავეთა გამოვლენის და ანალოგიური მძიმე დანაშაულის პრევენციის, არამედ დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკების დროულად იდენტიფიცირებისა და მათი სასიცოცხლო ინტერესებით.
„ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, უახლოეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტს მივმართოთ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით. საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას პირადად შეაფასონ გამოძიების ობიექტურობა, პირდაპირი ეთერით მოისმინონ პასუხები კითხვებზე, რომლებიც მათ აწუხებთ.
„სწორედ ამიტომ, ფრაქცია „საქართველოსთვის" საქართველოს პარლამენტში ვაინიცირებთ დადგენილების პროექტს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა მხრიდან გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, „ბი-ბი-სი"-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში საპროტესტო აქციების დასაშლელად, სავარაუდოდ, ნივთიერება „კამიტი" გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა. სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე.
სოუჟეტის გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
აქვე აღსანიშნავია, საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატორი პარტიის ლიდერის, ექსპრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ პროკურატურას ასევე აქვს აღძრული საქმე 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას „ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების ორგანიზებისა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების" ბრალდებით.
დათანხმდება თუ არა „ოცნება"
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ „ოცნება" ამ მოთხოვნას დათანხმდეს და ამბობს, რომ ხელისუფლება ორ ცეცხლს შუაა.
„შესაძლოა „ოცნება" ამას არ დათანხმდეს და განაცხადონ, რომ შსს-ს ეს ნივთიერება არ შემოუტანია, თავი იმართლონ. მეორე ვარიანტია - დათანხმდეს, რადგან კომისიაში უნდა ჭარბობდეს ოპოზიციის წარმომადგენლები და რადგან ხელისუფლებას მართული ოპოზიცია ჰყავს, აწყობს კომისიის შექმნა. მერე სათქმელად ექნებათ, თუ როგორ იძიებენ საქმეებს. გახარიას პარტიის წარმომადგენლებიც კი შევლენ კომისიაში, მაგრამ იქ სხვებიც არიან.
„მოკლედ, არ გამოვრიცხავ, რომ დათანხმდნენ, თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ უარს იტყვიან. „ოცნება" ორ ცეცხლს შუაა თუნდაც იმის გამო, უჩივლოს თუ არა „ბი-ბი-სი"-ს. აქედან გამომდინარე, ორივე ვერსია შესაძლებელია.
„რაც შეეხება იმას, თუ როგორ იქნება აღქმული „ოცნების" შესაძლო უარი კომისიის შექმნაზე, ეს არაფერზე არ იმოქმედებს. ვინც „ოცნებას" მხარს უჭერდა მხარს, პოზიციას არ შეიცვლის, ხოლო ვინც ოპოზიციურად არის განწყობილი, იტყვის, რომ ხელისუფლებას ეშინია გამოძიების ჩატარების", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ წესით, მართებული იქნება საერთაშორისო გამოძიება და არა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა.
„ამაზე საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს, რასაც ხელისუფლება ითხოვს და არა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის. თუ რამე შეიქმნება, მხოლოდ იმისთვის, რომ „ბი-ბი-სი"-ს სიცრუე გამოვლინდეს.
„რატომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, არ მესმის, მითუმეტეს, რომ იქ გახარიას პარტიის წარმომადგენელიც უნდა იყოს. ესენი წაღმას უკუღმა შეატრიალებენ", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".