
ალეკო ელისაშვილის ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დაკავების შემდეგ, მმართველმა გუნდმა პასუხისმგებლობის ისრები ევროპულ პლატფორმებზეც გადაიტანა და ახლა „ალდე"-ს პირდაპირ უყენებს ულტიმატუმს: ორშაბათამდე უნდა განაცხადონ, ემიჯნებიან თუ არა ელისაშვილს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქართული ოცნების" შეფასებით, როგორც „ალდე", ისე ელისაშვილთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები - „მოქალაქეები" და „ძლიერი საქართველო" „ტერორისტის მფარველებად" გამოცხადდებიან.
მას შემდეგ, რაც კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველოს" გუნდის წევრი ალეკო ელისაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, მმართველმა გუნდმა არაერთხელ ახსენა მომხდარში ევროპული ძალების ბრალეულობაც. ამჯერად, „ოცნება" „ალდეს" რიგებიდან ელისაშვილის გარიცხვასთან ერთად, „ალდესგან" და სხვა ევროპული პოლიტიკური ძლაებისგან პასუხსაც ითხოვს - „არის თუ არა ტერორიზმი ევროპული ღირებულება".
„ახლა ქართველი ხალხი ვითხოვთ პასუხს „ალდესგან" და ევროპული ძალებისგან, გვითხრან, არის თუ არა ტერორიზმი ევროპული ღირებულება?
„თუკი ადამიანმა აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა და მას საკუთარი პარტია არ ემიჯნება, ეს არის ტერორისტის მფარველი პარტია; თუკი მას არ ემიჯნება მისი კოალიციური გუნდი, რომელშიც დღემდე ირიცხება, ისიც არის ტერორიზმის მფარველი; თუკი მას არ ემიჯნება ის პოლიტიკური გაერთიანება, რომლის წევრიც არის ეს პარტია და კოალიცია, ისინიც არიან ტერორიზმის მფარველები.
„ეს კვირა დაველოდებით და ორშაბათამდე არ იქნება გამიჯვნა, გარიცხვა, როგორც „მოქალაქეები", ისე „ძლიერი საქართველო" და „ალდე" ჩემს რიტორიკაში მოხსენიებული იქნებიან, როგორც ტერორისტის მფარველები. ორშაბათამდე აქვთ დრო, ორშაბათიდან ისინი ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ალდე" გახლავთ პოლიტიკური ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ძალები არიან გაერთიანებული, ის 80-ზე მეტ კავშირს აერთიანებს და მათ შორის არის „ლელო - ძლიერი საქართველოც".
პაპუაშვილის განცხადების შემდგომ „ლელოში" აცხადებენ, რომ ელისაშვილი არ არის მათი წევრი და შესაბამისად, ვერსაიდან გარიცხავენ. ხოლო „ალეკო ელისაშვილი წარმოადგენს საკუთარ პარტიას - „მოქალაქეებს", რომელიც მისი დაფუძნებულია და მისი პარტია არ გახლავთ „ალდეს" წევრი."
„ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით „ძლიერ საქართველო - ლელოს" ოფიციალური განცხადება გაკეთებული აქვს და შალვა პაპუაშვილს შეუძლია იხელმძღვანელოს ამ პოზიციით. თავად ალეკო ელისაშვილმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ ეს იყო მისი პერსონალური პროტესტი. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება" ცდილობს საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას, მორიგი აბსურდული ბრალის შეთხზვას და „ძლიერი საქართველო - ლელოსთან" და მის ლიდერებთან ამ აბსურდის დაკავშირებას", - ვკითხულობთ „ლელოს" განცხადებაში.
აქვე უნდა ითქვას, რომ მმართველმა პარტიამ ჯერ კიდევ ელისაშვილის დაკავებამდე შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, რომლითაც სამი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის და მათ შორის „ლელოს" აკრძალვას ითხოვს.
რას ნიშნავს პაპუაშვილის განცხადება
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ელისაშვილის ქმედების შეფასება, როგორც „ტერორისტული აქტისა", ამის საფუძველი არ არის და აღნიშნავს, რომ პაპუაშვილის განცხადებებში ლოგიკა ნაკლებად უნდა ვეძებოთ.
„ჯერ თვითონ შეფასება ალეკო ელისაშვილის მოქმედებისა, როგორც ტერორიზმის აქტისა, ჩემი აზრით, საკმაოდ საეჭვოა. ჩვენ არ ვიცით ბევრი ფაქტორი, რომლებმაც განაპირობა ელსიაშვილის ეს მოქმედება. ეს შეიძლება ყოფილიყო ფსიქოლოგიური ფაქტორი, ემოციური... ასეთი ბევრი გვახსოვს ისტორიიდან, როცა ადამიანი აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, რომ ვეღარ ხედავს გამოსავალს და დგამს რადიკალურ ნაბიჯს, ამის მიზანი კი სულაც არ არის ვინმეს სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა. ასე რომ, შალვა პაპუაშვილს შეუძლია ბევრი რამ მოსთხოვოს „ლელოსაც", „ალდესაც", მთელ მსოფლიოს... ნუ ეძებთ ლოგიკას მის განცხადებებში", - განაცხადა ხმალაძემ.
განსხვავებულად ფიქრობ ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე.
„ლელოს" მხრიდან არის პასუხი, რომ ელისაშვილი მათი წევრი არ არის, არის „მოქალაქეთა" წევრი და პარტია „ლელოში" არასდროს შედიოდა. ფორმალურად მართლაც ასეა, რომ არ შეუძლიათ ადამიანის გარიცხვა, რომელიც არ ირიცხება მათ რიგებში, მე ეს კარგად მესმის, მაგრამ უფრო მკვეთრი გამიჯვნა იყო საჭირო. სიაში ჰყავთ რაღაც ნომრად „ლელოს" ელისაშვილი? იმაზე მაინც გამოაცხადონ, რომ „აღარასდროს იქნება ჩვენ სიაში".
„პაპუაშვილის განცხადება პოლიტიკურად უნდა გავიგოთ და არა ისე, რომ, ვთქვათ, თქვენი წევრია და გარიცხეთ პარტიის რიგებიდან. ეს არის პოლიტიკური გარიცხვა, რაც მოითხოვა პაპუაშვილმა და ეს არ გაუკეთებიათ", - განაცხადა მამრაძემ.
სამართლებრივი რეაგირება, თუ ახალი იარლიყი?
კითხვაზე, პაპუაშვილის გაფრთხილება შეიძლება გულსიხმობდეს რაიმე სმართლებრივ რეაგირებას თუ ემსახურებოდეს პარტიებისთვის ახალი იარლიყის მიწებებას, ხმალაძე გვპასუხობს:
„ქართული კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს. რას უნდა ითვალისწინებდეს - რომ თუ გარკვეული პარტიის წევრმა დანაშაული ჩაიდინა, ეს ავალდებულებდეს პარტიას, რომ გარიცხოს ეს პირი თავისი შემადგენლობიდან? ცხადია, არა.
„რასაკვირველია მხოლოდ იარლიყის მიწებებას ემსახურება. მანდ ბევრი სხვადასხვა რამ არის, თითქმის ერთდროულად ხდება რაღაცები და ეს ხშირად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ერთი რაღაც მოვლენა ხელოვნურად შეიქმნა, რომ ამ მოვლენაზე რეაქციამ გადაფაროს ცოტათი უფრო ადრე მომხდარი მოვლენა, რომელიც მმართველი პარტიისთვის სკანდალურია. ეს ბევრ რამეში ჩანს და წითელ ხაზად გასდევს „ოცნების" მოქმედებას.
პეტრე მამრაძე თქმით, ელისაშვილის ქმედების გამო შესაბამისი იარლიყი უკვე მიეწება იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მასთან ასოცირდება.
„ელისაშვილის ტერორისტულმა აქტმა ასეთი იარლიყი უკვე მიაწება ანტიეროვნულ ძალებს და პირველ რიგში „ლელოს" ლიდერებს. ამის შემდეგ არავითარი განცხადება არაფერს შეცვლის, ხელისუფლების მხრიდან იქნება თუ სხვა მხრიდან. ეს იყო ფაქტი, რომელმაც აღაშფოთა მთელი საქართველო - როცა ადამიანი შედის, ასხამს ბენზინს, აპირებს შენობის გადაწვას და მერე აცხადებს, ამას პროტესტის ნიშნად ვაკეთებდიო. თუ უნდოდა, გადაესხა ეს ბენზინი საკუთარ თავზე და დაეწვა თავი. ეს პროტესტი ცნობილია და არაერთს მიუმართავს ამ ფორმისთვის.
„ასე რომ, ამას განცხადება არც არაფერს უმატებს და არც დააკლებს, რადგან ფაქტი შემდგარია და უმძიმესი ლაქა, თუ იარლიყი უკვე მიეწებათ", - განაცხადა მამრაძემ.