ნატალია ჯვარიძე
04.12.2025

აშშ-ში „მეგობარი აქტის" მიღება დაიბლოკა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ამ ფორმით კანონის მიღება პრაქტიკულად საბოლოოდ ჩავარდა. „ქართული ოცნება" ამას პოზიტიურ სიგნალად აღიქვამს და იმედი აქვს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა მალე აღდგება. გარდა ამისა, საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სტუმრად იმყოფებოდა საპატრიარქოში, სადაც შეხვდა პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიოს და სხვა მაღალ იერარქებს.

ინფორმაცია „მეგობარი აქტის" დაბლოკვის შესახებ 3 დეკემბერს გამოცემა „ჰილმა" გაავრცელა. მათი ორი წყაროს ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს სურდა, „მეგობარი აქტის" სახელით ცნობილი კანონი, რომელსაც ფართო მხარდაჭერა აქვს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში, დამატებოდა აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს", თუმცა სენატში უმრავლესობის ლიდერი ჯონ ტუნი ამის წინააღმდეგი იყო.

გამოცემა წერს, რომ ბოლო სამ თვეში ტუნიმ უკვე მეორედ დაბლოკა ეს კანონი.

გარდა ამისა, „ჰილის" წყაროების ცნობით, მაიკ ჯონსონის მოთხოვნა, რომ „მეგობარი აქტი" დამატებოდა „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს", მათთვისაც მოულოდნელი იყო.

„ჩვენ გვეგონა, რომ კანონი უკვე მკვდარია, მას შემდეგ, რაც ის სექტემბერში ტუნიმ უარყო. ჩვენ ბოლო წუთებში ვცადეთ, კანონი დაგვემატებინა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რასაც სპიკერი ჯონსონი ითხოვდა, თუმცა ტუნის წინააღმდეგობა ვერ დავძლიეთ", - განაცხადეს გამოცემასთან საუბარში ჯონსონის თანაშემწეებმა.

ტუნიმ „მეგობარი აქტის" აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში" დამატება მანამდეც დაბლოკა, როდესაც ამას სენატორი მარკუეინ მალინი ითხოვდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „2020 წელს მალინმა „ქართულ ოცნებას" ბრალი დასდო ამერიკის მტრულ მეტოქეებთან და მტრებთან დაახლოებაში. თუმცა, 2025 წლის სექტემბერში მან გამოცემა „ჰილს" უთხრა, რომ მას კარგი ურთიერთობები აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და თბილისთან ურთიერთობაში „სანქციების მათრახის ნაცვლად, თაფლაკვერის გამოყენებას" ემხრობა.

„მე მსურს, მქონდეს შესაძლებლობა, ვიმუშაო მათთან, ვიდრე სანქციების დავუწესებთ. მინდა, მათთან ვიმუშაო, რათა ვნახო, როგორ შეუძლიათ, ჰქონდეთ ნამდვილი სუვერენიტეტი, რომ გათავისუფლდნენ რუსეთის გავლენისგან", - განაცხადა სენატორმა მალინმა სექტემებრში „ჰილისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

„ოცნება" ამას პოზიტიურ სიგნალად აღიქვამს და იმედი აქვს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა მალე აღდგება.

„აშშ-ის ხელისუფლებისგან დესტრუქციული ნაბიჯები უკვე აღარ იდგმება, არის ძალიან პრაგმატული პოლიტიკა, რაც თავისთავად გასახარია. ყველა ისეთი აქტი, რომელმაც შეიძლება ჩვენს მომავალ ურთიერთობებს ან მათ გაუმჯობესებას ხელი შეუშალოს, იბლოკება. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რა პროცესები მიმდინარეობდა საქართველოში, ვინ უწყობდა ამას ხელს; ბაიდენის ადმინისტრაციამ როგორ აურია ეს ურთიერთობები აქაური „ენჯეოების", ასევე პოლიტიკური ორგანიზაციების ხელითა და მეშვეობით, რომლებიც რეალურად აგენტურას წარმოადგენენ და არა პოლიტიკურ ორგანიზაციებს.

„ასე რომ, ეს უნდა შეფასდეს როგორც ამერიკის პრაგმატული ნაბიჯი და არ არის შორს ის დღე, როდესაც სტრატეგიული ურთიერთობები აღდგება ამერიკის შეერთებულ შტატებთან", - განაცხადა „ოცნების" დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.

გარდა ამისა, 3 დეკემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი საპატრიარქოს ეწვია, სადაც პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიოსა და სხვა მაღალი რანგის იერარქებს შეხვდა.

„ჩემთვის დიდი პატივია თითოეულ თქვენთაგანთან შეხვედრა და საუბარი. საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას ნამდვილად ხანგრძლივი ისტორია აქვს. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ ელჩს, ელჩის მოვალეობის შემსრულებელს თუ საელჩოს წარმომადგენელს ჰქონია შეხვედრები თქვენთან და უთანამშრომლია, ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებთ. უაღრესად ვაფასებთ ქართული ეკლესიის როლს ქვეყნის, ქართველი ხალხის იდენტობისა და თავისუფლების დაცვაში. გთხოვთ, გადასცეთ ჩემი უდიდესი მოკითხვა და პატივისცემა მის უწმინდესობას, საქართველოს პატრიარქს", - განაცხდა ალან პერსელმა.

ჩავარდა თუ არა საბოლოოდ „მეგობარი აქტი"

კონფილიქტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, „მეგობარი აქტი" საბოლოოდ არ ჩავარდნილა, თუმცა შეფერხებული ნამდვილად არის.

„ვერ ვიტყვით, რომ საბოლოოდ ჩავარდა. შეიძლება ხალახლა, სახეცვლილი სახით დღის წესრიგს დაუბრუნდეს. თუმცა აშკარად ჩანს, რომ ამ ეტაპზე შეფერხებულია. თუ დოკუმენტი სერიოზულია, სენატორები მას ხმას მალევე აძლევენ. აქ კი თავიდანვე ჩანდა, რომ რამდენიმე სენატორი მას მხარს არ უჭერდა, ანუ აუცილებლად არ თვლიდნენ. მგონი „ოცნებამ" ეს მომენტი დაიჭირა, ჩართო ლობისტები და დანარჩენ სენატორებზე იმუშავეს, რათა ეს აქტი პოპულალური არ ყოფილიყო. სავარაუდოდ, ერთი მიზეზი ეს არის. ეს ვარიანტი უფრო მისაღებია, ვიდრე მეორე - ამ ვერსიით, სენატორების დიდი ნაწილი ხედავს, რომ არ არის საქართველოში ისეთი მდგომარეობა, რომ ამგვარი აქტები მიიღონ. იმედია, ასე არაა", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, სავარაუდოდ, „მეგობარი აქტის" ამ ფორმით მიღება საბოლოოდ ჩავარდა.

„ეს მეტ-ნაკლებლად ნიშნავს იმას, რომ „მეგობარი აქტი" ჩავარდა. მიჭირს თქმა საბოლოოა თუ არა ეს, თუმცა ამ ეტაპზე შეფერხებულია. აქამდე გამოვლილი ყველა ფორმები ვეღარ აღდგება. ახალ რამეს თუ მოიფიქრებენ, მათ ფანტაზიაზეა", - აღნიშნა საყვარელიძემ.

ურთიერთობების გადახედვის დასაწყისი?

პაატა ზაქარეიშვილი არ ფიქრობს, რომ ეს პროცესები აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვასთან იყოს კავშირში.

„ეს არ ნიშნავს, რომ პოზიტიური სიგნალია, არც ნეგატიური. თუმცა, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამას პოზიტიურ სიგნალად გააფორმებს.

„ამერიკა დიდ ყურადღებას აქცევს რელიგიას. როგორც ჩანს, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებობს სამსახური, რომელიც სწავლობს მართმადიდებლობას, როგორც ინსტრუმენტს, ანუ რუსეთის ხელში როგორ მუშაობს.

„ჩემი აზრით, ელჩის მოვალეობის შესმრულებლის სტუმრობა დაკავშირებულია ქართველი ეპისკოპოსის რუსეთში ჩასვლასთან. ანუ მათ აინტერესებთ როგორი ურთიერთობები აქვთ რუსეთთან და იქ იქნებოდა კითხვები დასმული, ანუ რამდენად იყენებს რუსეთი საქართველოს ეკლესიას. ასე რომ, ვფიქრობ, ამერიკას აინტერესებს ეს მიმართულება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

რამაზ საყვარელოძის აზრით კი, ეს მოვლენები უფრო აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის შემცირებაზე მიუთითებს, ვიდრე ურთიერთობის გადახედვის დასაწყისზე.

„მიჭირს იმის თქმა, დაიწყო თუ არა აშშ-ის ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების გადახედვა. თუმცა, მგონი მან დაიწყო აგრესიის შემცირება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ეს აქტი („მეგობრი აქტი"), ფაქტობრივად, აგრესიული იყო. მგონი ეს ყველაფერი ზოგადი პოლიტიკას ასახავს, ვიდრე მის მიდგომას კონკრეტულად საქართველოს მიმართ.

„რა თქმა უნდა, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის საპატრიარქოში სტუმრობა პოზიტიური მოვლენაა და სავარაუდოდ, ეს ზოგადი პოლიტიკის გამოხატულებაა. ამით მათ შეახსენეს, რომ ჩვენ ქრისტიანი ერები ვართ. კონსერვატიმზმი რამდენიმე ძირითად ღირებულებას ეყრდნობა - ოჯახს, სამშობლოსა და რელიგიას. რელიგიის მიმართ პატივისცემის გამოხატვას ნიშნავს ეს ვიზიტი", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×