
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიაში ბუნებრივი გაზის ტარიფების გეგმური გადახედვის პროცესი მიმდინარეობს. ტარიფის კორექტირებამდე სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანიების 5-წლიანი საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. მოსალოდნელია თუ არა ტარიფების ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კომპანიის საინვესტიციო გეგმებზე, დავით ნარმანიამ "ბიზნეს მედიას" განუცხადა, რომ წლის ბოლომდე ახალი ტარიფი დამტკიცდება. მისი შეფასებით, ზრდა იქნება, მაგრამ არა მნიშვნელოვანი.
“ბუნებრივი გაზის ტარიფები, როგორც წესი, ორ რამეზეა დამოკიდებული. ერთი - ეს არის აზერბაიჯანიდან მისაწოდებელი ბუნებრივი აირის ფასი. ჩვენ რა არსებული ხელშეკრულებები გვაქვს ჩვენს სახელმწიფოსა და აზერბაიჯანს შორის, მომდევნო წლის ბოლომდე აქვთ მათ ვადა და შესაბამისად, ფასები ამ ნაწილში უცვლელია. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება კერძო გაზგამანაწილებელი კომპანიების მხრიდან, ეს ინვესტიციები ხდება ტარიფის შემადგენელი ნაწილი და ზუსტად ახლა მიმდინარეობს სემეკში სატარიფო წარმოება, რომლის ფარგლებშიც კორექტირებული ტარიფი დამტკიცდება მიმდინარე წლის ბოლომდე. არსებით ზრდას არ ველოდებით, კონკრეტული ციფრის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან სწორედ ახლა ვართ ამ ახალი ტარიფის კალკულაციის პროცესში.
აქედან გამომდინარე, ამ პროცესების დასრულების შემდეგ, შესაბამის მონაცემებს ჩავსვამთ ბუნებრივი აირის ტარიფის გაანგარიშების ფორმულაში და მივიღებთ ტარიფებს. ყველა არეალში არ ხდება ტარიფის გადახედვა და კორექტირებები ყველგან არ მოუწევს, მაგრამ იქ სადაც უწევს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ იქნება მცირედი კორექტირება, თუმცა არსებით ზრდას არ ველოდებით", - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.