
“ოცნების” ისტერიკა ადასტურებს, რომ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები ძალიან ახლოს არის სიმართლესთან, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
შარაშიძის თქმით, მისი პარტია იმუშავებს, როგორც საერთაშორისო, ასევე, საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით, რომ საქმე არ დარჩეს გამოუძიებელი.
„ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს საპარლამენტო ბერკეტები, გვაქვს საერთაშორისო კავშირები და ცხადია, ამ ბერკეტების გამოყენებით ვიმუშავებთ იმაზე, რომ ან საერთაშორისო გამოძიება და პარალელურად ადგილობრივი გამოძიება ჩატარდეს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ან სხვა ტიპის რამე ბერკეტი, ხვალ მივიღებთ გადაწყვეტილებას და გაგაცნობთ. ფაქტია, რომ ეს საქმე ასე არ უნდა დარჩეს და არ დარჩება დარწმუნებული ვარ. ოცნების ისტერიკა ადასტურებს, რომ აქ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები ძალიან ახლოს არის სიმართლესთან“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ასევე, შარაშიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინვენტარიზაცია 2019 წლის ბოლოს ჩატარდა, როდესაც გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ იყო.
„მერაბიშვილმა შეიძინა, გომელაურმა გამოიყენა და ახლა გახარიასთან რა გვინდა? გახარიასგან უნდა გავიგოთ სინამდვილეში რა ხდებოდა?
მოვიკითხე საკითხი და თუ არ ვცდები, ინვენტარიზაცია ჩატარებულია 2019 წლის ბოლოს, როდესაც გიორგი გახარია აღარ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. რამდენადაც მე ვიცი, ეს ასეა, თუმცა არ მგონია, რომ ამას კავშირი ჰქონდეს იმ ფაქტთან, რაც უკავშირდება შეძენას, შემძენს და იმის გამომყენებელს“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
კითხვაზე, გიორგი გახარიას შსს მინისტრობის პერიოდში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა და შესაბამისად მას ინფორმაცია არ ექნება ამ[აკრძალული] ქიმიური ნივთიერებების არსებობის შესახებ? გიორგი შარაშიძე პასუხობს: „არ არის გამორიცხული, რომ არ სცოდნოდა“.
„ვერ ვხდები გიორგი გახარიაზე რატომ არის ამხელა ინტერესი. კიდევ ვიმეორებ, ფაქტია, რომ მერაბიშვილის ნაყიდია და გომელაურის გამოყენებული. თუ გახარიამ რამე იცის, მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადო მიზნებისთვის და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისთვის ის ამას იტყვის, დარწმუნებული ვარ, ამაში ეჭვი არ მეპარება. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ არ სცოდნოდა. შეიძლება იყოს ისეთი ვითარება, არ გქონდეს ინფორმაცია. ინვენტარიზაციის დროს აღარ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.