
მკვლელობა მოხდა 17 ივლისს ადიგენში. 34 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დააკავეს ერთი პირი, წარსულში ნასამართლევი 1974 წელს დაბადებული ი.მ.
ადიგენის სოფელ ფხეროში ამბობენ, რომ 33 წლის კაცის მკვლელობა, სავარაუდოდ, წარსულში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. გარდაცვლილიც და ბრალდებულიც თანასოფლელები არიან. 55 წლის კაცმა, მეზობელს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით გუშინ, 17 ივლისს მიაყენა. ი.მ. სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს.
მოკლული 34 წლის შოთა ხარაიშვილია. მკვლელობა სოფელ ფხეროში მოხდა.
გარდაცვლილის ნათლული "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბრისას ამბობს, რომ ბრალდებულს და მოკლულს შორის დაპირისპირება 17 ივლისს სასაფლაოზე დაიწყო. ამ დღეს სოფელში გასვენება იყო.
„ჩემი ნათლია ტრაილერის მძღოლი იყო, ხან სად დადიოდა, ხან სად. ახლახანს ჩამოვიდა სოფელში. მკვლელობის დღეს მასწავლებელი ქალის გასვენება იყო. როგორც მე ვიცი, ეს ბიჭები მესაფლავეები იყვნენ. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გავიგე, რომ სასაფლაოზევე დაიწყეს ჩხუბი, მერე სოფელში დაბრუნდნენ და აქაც გააგრძელეს, კლუბის წინ. ვიცი, რომ დანა დაარტყა და ადგილზევე დაიღუპა. სასწრაფოც იყო და პოლიციაც, წაუყვანიათ კლინიკაში, მაგრამ იქ უთხრეს დაღუპული შემოიყვანესო“,- გვეუბნება მოკლულის ნათლული.
ადგილობრივების განცხადებით, ბრალდებული წარმოშობით ფხეროდან არის, თუმცა თბილისში ცხოვრობს. წლების წინ მეზობლებს დაპირისპირება ძაღლის გამო მოუვიდათ.
„ორივე გაღმა უბანში მეზობლად ცხოვრობენ. ბრალდებულს მამა გარდაეცვალა, მეზობლის ძაღლი სამძიმარზე მისულ ხალხს უყეფდა, მაშინ მაგაზე მოუვიდათ ჩხუბი. ბრალდებული ეუბნებოდა ან დააბი, ან რამე ქენიო. როგორც ვიცი, გაიხსენეს ახლა ეს ამბავი, მაგრამ როგორ გაიმეტა მოსაკლავადა ეგ გვიკვირს. ვინც შეესწრო ყველა დაკითხვაზეა ზოგი ახალციხეში, ზოგი ადიგენში.ბრალდებული უკვე დააკავეს, სადღაც ეზოში ყოფილა დამალული “, - ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ფხეროს მკვიდრი, როინ სირაძე.
"სამხრეთის კარიბჭე"