რეზონანსი
03.12.2025

მხილებული იქნა ორ დღეში ყველაფერი, რომ იყო ტყუილი, რომ არანაირი პირველი მსოფლიო ომის ქიმია და ასე შემდეგ არსად არავის არც გამოუყენებია, არც შეუძენია და როგორც ჩანს, საქართველოს ტერიტორიაზე ნამყოფიც კი არ არის ასეთი სახის ნივთიერება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.

მისი თქმით, ბრიუსელმა და მათ მიერ დაქირავებულმა ენჯეოებმა ამ ყველაფრისთვის ბოდიში უნდა მოიხადონ, რადგან სწორედ ისინი იყვნენ ჩართული ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში.

„ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს არის ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, ამაზე მეტყველებენ ის მოლაპარაკე თავები, რომლებიც გამოაჩინეს, სალაპარაკოდ ნაფტალინიდან ამოიღეს და მათ შორის, გვარად ბროუდერია, (თუ არ ვცდები) რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე საუბრობდა, იმის შემდეგ ხმა არ ამოუღია და რატომღაც უცებ გამოცოცხლდა და ამ თემით დაინტერესდა. პროპაგანდისტები გამოიყვანეს იმისთვის, რომ ეს თემა რაიმენაირად შეეფუთათ. ამაში ჩართულია ბრიუსელი; ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის პრესსპიკერის (რომელიც საქართველოს მიმართ და ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებული მტრული რიტორიკით გამოირჩევა) განცხადება, რომელმაც ასე უაპელაციოდ დაიწყო საუბარი, რომ რაღაც მოლოდინები აქვს მას საქართველოს მიმართ და გამოძიების [მიმართ] ჩვენ ევროკომისიის პრესსპიკერის მოლოდინების დასაკმაყოფილებლად არ აგვირჩია ქართველმა ხალხმა, ჩვენ ქართველ ხალხს ვემსახურებით და მე მგონი, მას ცოტა ზედმეტი მოსდის. ვნახეთ ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ კამიტეზე; პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებზე იყო საუბარი, რომელიც აიტაცა პრესსპიკერმა, აიტაცა ევროპარლამენტარებმა, და ფაქტობრივად საქართველოს დაასიეს საკუთარი დაქირავებული ენჯეოები, რომლებიც როგორც კი მიიღებენ ტელეფონში მესიჯს, რომ ახლა გამოვარდით და რაღაც თემა ასწიეთ, ისე იქცევიან ზუსტად. გავიდა ორი დღე დადასტურდა, რომ კამიტესთან დაკავშირებით, ეს იყო ტყუილი. ახლა მაინტერესებს, ევროკომისიის პრესსპიკერი, ევროპარლამენტარები საქართველოს მტრობისთვის გარედან დაქირავებული ენჯეოები, რომელიც ჭინკებივით დაასიეს ჩვენ ქვეყანას, აპირებენ თუ ბოდიში მოიხადონ. ბოდიში მოიხადოს ბრიუსელმაც და მისმა დაქირავებულმა ენჯეოებმაც. იგივე ხალხი ვინც, მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ მოწამვლაზე საუბრობდა, დღესაც ამ ქიმიას რატომღაც არ ეშვებიან კარგი ქიმიის მცოდნეებივით; გახსოვთ თქვენ, ეს ის ხალხია, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლეს, რომ მას დემენცია ჰქონდა, ტყუილები ილაპარაკეს. მათ შორის ევროკავშირის ელჩი ყალბი დემარში მივიდა იუსტიციის მინისტრთან და ამ ყალბი საფუძვლებით ითხოვდა მიხეილ სააკაშვილის გაყვანას სხვაგან, სინამდვილეში ითხოვდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ჩაიშალა მაშინდელი ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელში ჩართული იყვნენ ზოგიერთი ელჩი და უცხოელი პოლიტიკოსი და ბოდიშიც არავის მოუხდია. ახლაც, ვხედავთ, ზუსტად იგივე სახეები, ზუსტად იგივე ჭინკებად დაქირავებული ენჯეოები, რომელიც ამ ქვეყანა დაასიეს, იმისთვის რომ დააზიანონ, როგორ არიან ჩართული საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციაში და მხილებული იქნა ორ დღეში ყველაფერი, რომ იყო ტყუილი, რომ არანაირი პირველი მსოფლიო ომის ქიმია და ასე შემდეგ არსად არავის არც გამოუყენებია, არც შეუძენია და როგორც ჩანს, საქართველოს ტერიტორიაზე ნამყოფიც კი არ არის ასეთი სახის ნივთიერება. გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ ბრიუსელის წარმომადგენლებმა და მისმა დაქირავებულმა ენჯეოებმა“, - აცხადებს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×