რეზონანსი
03.12.2025

გამოძიებას ვუთხარი, რომ კვლევაში მივიღე მონაწილეობა, მეტი ინფორმაცია არც მქონდა და ვერც მივაწოდებდი, – ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს ჩატარებული კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ, მიხეილ ზაქარაშვილმა განაცხადა, რომელიც „ბიბისის“ სიუჟეტის შემდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დღეს სუს-ში გამოიკითხა.

მიხეილ ზაქარაშვილის თქმით, საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაინტერესდნენ, როგორ მოხვდა ის კვლევაში, ვინ ჩაუტარა, ასევე დაინტერესდნენ სხვადასხვა საკითხით, რაზეც, როგორც ზაქარაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული პასუხი არ ჰქონია.

„რაც მახსოვს, გადამიღეს კარდიოგრამა, აიღეს სისხლის ანალიზი და წნევა გამიზომეს. სავარაუდოდ, არანაირი გადაცდომა არ დადასტურდა, რადგან მას შემდეგ ამ ხალხთან კომუნიკაცია საერთოდ არ მქონია. კვლევასთან დაკავშირებით, როგორც მახსოვს, კოტე ჩახუნაშვილი დამიკავშირდა. სიტყვა „კამიტი“ პირველად გუშინწინ გავიგე, შესაბამისად, არ ვიცი, რა გამოიყენეს. გამოკითხვაზე აინტერესებდათ, როგორ მოვხვდი საერთოდ ამ კვლევაში, ვინ ჩამიტარა კვლევა და ისეთი საკითხები, რომლებზეც რაიმე განსაკუთრებული პასუხი არ მქონია. ჩემი შემთხვევა ისეთი არ ყოფილა, კვლევაზე მივედი უბრალოდ, ჩამიტარეს და წამოვედი. არც მახსოვდა ეს კვლევა, ახლა გახდა აქტუალური. „ნეო ლაბში“ ჩავიტარე სისხლის ანალიზები, რომელ კლინიკაში იყო კარდიოგრამა და წნევის გაზომვა, არ მახსოვს. როგორც ვიცი, რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა ჩემს შემთხვევაში არ ყოფილა“, – აღნიშნა ზაქარაშვილმა.

მისივე თქმით, უნდა დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება.

„კამიტის“ გამოყენებაზე საიდან მექნება ინფორმაცია, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ. ჩემი სფერო არ არის. ის ვიცი მეც, რა ინფორმაციაც საჯაროდ ვრცელდება. ამ ხელისუფლებისგან არ გამიკვირდება, თუ „კამიტი“ გამოიყენა. აქ მოსვლის მოტივაცია იყო, რომ სისხლის სამართლის წარმოება დაიწყეს არა მხოლოდ 333-ე, არამედ 319-ე მუხლითაც. ეს ნიშნავს, რომ კვლევაში მონაწილე ყველა ადამიანი პოტენციურად არიან ბრალდებულები მტრული სახელმწიფოსადმი ინფორმაციის მიწოდებაში თუ რაღაცაში. მე მოვედი აქ და ვნახოთ, თუ გამოიკვეთება ჩემს ქმედებაში რაიმე დანაშაულის ნიშნები“, – განაცხადა მიხეილ ზაქარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×