
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა კრემლის პოზიცია - პოლიტიკური დიალოგის აღდგენა თბილისთან არ განიხილება, რადგან შესაბამისი წინაპირობები არ არსებობს. ამ წინაპირობების გაჩენა კი მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული. ძნელი სათქმელია, უკრაინის ომისა და სხვა გლობალური მოვლენების ფონზე რატომ ხდება საქართველოს საკითხის გაააქტიურება, თუმცა, როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რუსეთი საქართველოსგან კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას ელის და ამაზე უკვე არა კულუარულად, არამედ საჯაროდ საუბარს ამჯობინებს.
„რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რადგან თბილისი სააკაშვილის რეჟიმის დროს გამოტახულ პოზიციას ინარჩუნებს - რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან არის დაკავშირებული. ეს არარეალური მოთხოვნაა და საზიანოა თავად საქართველოსთვის. მოსკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებები შეუქცევადია", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თუმცა, უწყების მტკიცებით, რუსეთი ღიაა საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად „იმ დონემდე, რამდენადაც თავად თბილისი იქნება ამისთვის მზად":
„ბურთი საქართველოს მხარესაა, რომელიც, ჩვენი აზრით, ამით სხვებზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული".
ეს განცხადება სამთავრობო გამოცემა „იზვესტიამ" გამოაქვეყნა. მათი ცნობით, ეს გახლავთ ოფიციალური პასუხი გამოცემის მიერ სამინისტროში გაგზავნილ შეკითხვაზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების წინაპირობებსა და პერსპექტივას ეხებოდა. სტატიას კი, რომელიც ამ განცხადებას შეიცავს, სათაურიც საინტერესო აქვს - „მოძრაობა წინაპირობების მიხედვით: რუსეთი არ არის მზად განაახლოს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან მისი პირობებით".
ამას გამოხმაურება თბილისშიც მოყვა და სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა საკუთარი ინტერესების შესაბამის ინტერპრეტაციით გააკეთეს განცხადებები. მმართველი გუნდის შეფასებით, ეს პირველ რიგში იმის დასტურია, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსული არ არის.
„თქვენი მხრიდან არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრებები, რომ საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთუმე და ა.შ. ეს რომ ასე იყოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინიმუმ ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დეოკუპაციის ვუჭერდით და მომავალშიც მხარს დავუჭერთ და იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიან ფორმატში მოვახდენთ თანაცხოვრებას აფხაზ და ოს ძმებთან, მაგრამ ამას ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. ეს ნაბიჯები გადაიდგმება მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და იმ პრინციპების დაცვით, რასაც ჰქვია ერთიან საქართველოში თანაცხოვრება აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. ეს იყო, არის და იქნება ჩვენი მთავარი პრინციპი", - განაცხადა „ხალხის ძალის" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
პარტიაში „გახარია საქართველოსთვის" კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ჩორჩანას საქმესა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმის აღძვრას უკავშირებს. მათი შეფასებით, ასეთი განცხადებები „ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგია და პირდაპირ ასახავს ქვეყნის დასუსტებულ პოზიციას ოკუპანტთან ურთიერთობაში.
„რა თქმა უნდა, ეს განცხადება იმ ყველა განცხადების გაგრძელებაა, რომელსაც ქართული მხარე აწარმოებს დროთა განმავლობაში. ვნახეთ ბოდიშის მოხდის ინიციატივა, ჩორჩანას საქმე, საკუთარი ქვეყნის პრემიერის, საკუთარი გუნდის წევრის დასჯა ამისთვის, რომ გიორგი გახარიამ ქართული მიწა და მოსახლეობა დაიცვა. ამისთვის სჯიან მას და ასევე სჯიან იმისთვის, რომ დღესდღეობით ის „ქართული ოცნების" ყველაზე ძლიერი ოპონენტია და ყველაზე მეტად ეშინიათ მისი. ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის, რომ ოკუპანტი ქვეყანა ასე საუბრობს ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. ეს არის ყველაფერი ის, რაც „ოცნების" პოლიტიკამ მოგვიტანა", - განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა.
აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან კი ამაზე ჯერჯერობით არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.
რატომ გავახსენდით რუსეთს ისევ და რას ნიშნავს ეს განცხადება
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამ განცხადებით რუსეთი საქართველოს „ხელების ამოგრეხით" აიძულებს, რომ არსებულ ვითარებას შეურიგდეს.
„ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ცდილობს ხელების ამოგრეხით აიძულოს საქართველო არსებულ ვითარებას შეურიგდეს. საქართველოს ხელისუფლების ნებიმიერ მცდელობას, რომ რუსეთთან დაამყაროს კარგი ურთიერთობები, ამას კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით არანაირი აზრი არ აქვს, ეს არ მოხდება,.მორჩა, რუსეთმა უკვე აითვისა და მიითვისა აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი". ძალიან პრიციპული, ხისტი პოზიცია აქვს რუსეთს, რითაც აიძულებს საქართველოს ხელისუფლებას, „ქართული ოცნების" სახით, რომ დაემორჩილონ რეალობას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
კითხვაზე, რატომ გავახსენდით რუსეთს ახლა, მაშინ, როცა არც ლოკალურ და არც გლობალურ პოლიტიკაში სიმშვიდე არ არის, ზაქარეიშვილი გვპასუხობს:
„მე არ ვიცი მიზეზი, თუ რატომ დასჭირდათ. მომეჩვენა, რომ ჟურნალისტმა დასვა კითხვა. თუმცა, ყველანაირ შემთხვევაში, შეეძლოთ ეთქვა უფრო მშვიდი ტექსტი - რომ რუსეთი საქართველოსთან პოულობს საერთო ენას. ძალიან ზოგადი, ზერელე ფრაზა ეთქვა, თუმცა არა, მკაფიოდ ითქვა, რომ არაფრის იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
დიალოგის განახლების წინაპირობები - რუსების ვერსია
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველომ დიალოგის განახლების მხრივ თუნდაც მინიმალური ნაბიჯები გადადგას, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველო რუსეთთან არანაირ ინსტიტუციონალურ საჯარო ოფიციალურ თანამშრომლობაზე არ მიდის.
„ერთადერთი, რაც რუსეთს სჭირდება, ეს არის ისტიტუციონალური ბმები, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, დსთ-ში შესვლა, „ოდეკაბე"-ში (კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია) და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლა. ამ ორგანიზაციებში შესვლაა საჭირო, რომ რუსეთმა საქართველოს ქცევა დააფასოს დადებითად.
„არის კიდევ ერთი უდღეური და საწყალი სტრუქტურა - „3 პლუს 3" ფორმატი. იქაც კი არ შედის საქართველო. აშკარად, რუსეთი საქართველოსგან ამ ნაბიჯების გადადგმას ელოდება. მეხუთეზე არ ვსაუბრობ (როგორც ბელორუსის შემთხვევაში) - სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლა. რა თქმა უნდა, რუსეთი ოცნებობს, რომ საქართველო აფხაზებთან და ოსებთან ერთად მიიღოს ამ სამოკავშირეო სახელწმიფოში.
„ეს 4 წინაპირობაა, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს, თუ8მცა საქართველო ამაზე არ მიდის. აშკარაა, რომ ივანიშვილი კმაყოფილდება იმით, რომ რუსეთი ხელს არ უშლის მის ხელისუფლებაში ყოფნას, არ აძლიერებს სხვა პარტიებს, მეტნაკლებად ეფერება „ოცნების" პოლიტიკას, თუმცა რუსეთს მეტი უნდა. ამიტომ თქვენს ბოლო კითხვაზე ეს პასუხი ესაა - რუსეთი ელოდება საქართველოსგან მეტი ნაბიჯების გადადგმას, მათ ჰგონიათ, რომ საქართველოს იცის რა ნაბიჯები უნდა გადადგას - სულ ცოტა „3 პლუს 3" ფორმატი. ეს ყველაზე უწყინარი ორგანიზაციაა, იქ თურქეთი აზერბაიჯანი და სომხეთი სულაც არ არიან გამოკვეთილი პრორუსები, თუმცა რუსებს ანგარიშს უწევენ და თანამშრომლობენ. ამ ფონზეც კი საქართველო არ მიდის არანაირ რუსეთთან ინსტიტუციონალურ საჯარო ოფიციალურ თანამშრომლობაზე", -განაცხადა ზაქარეიშვილმა.