
ქვეყანაში სეზონური გრიპის შემთხვევები იზრდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება პროცესს მართავს და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობა მომატებული არ არის.
ამ დროისთვის, ქვეყანაში ცირკულირებს "ა" ტიპის ვირუსი. პიკს მედიკოსები დეკემბრის ბოლოდან ელოდებიან. მთავარი რეკომენდაცია ვაქცინაციაა, რომელიც უფასოა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, ვითარება ნორმალურია.
"ვითარება დღეისთვის აბსოლუტურად ნორმალურია. რიცხვები, რომელიც გვაქვს, წინა წლებთან შედარებით, არის აბსოლუტურად თავსებადი ერთმანეთთან. რაიმე განსაკუთრებული მოცემულობას ადგილი არ აქვს.
რაც შეეხება აცრებს, ერთი ეტაპი საკმაოდ წარმატებულად გავიარეთ, ძალიან დიდი იყო მოთხოვნა და ახლა მეორე ეტაპი მიმდინარეობს", - აცხადებს სარჯველაძე.