
საქართველოს ქიმიური იარაღის სკანდალი ტრამპის ყურადღებას იმსახურებს, - წერს „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის კორესპონდენტი, ანი ჩხიკვაძე Washington Examiner-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
სტატიაში ანი ჩხიკვაძე ამტკიცებს, რომ „საქართველოს მთავრობა საყოველთაო აღშფოთების წინაშე დგას მას შემდეგ, რაც BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოაქვეყნა ბრალდება, რომ მთავრობამ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ტოქსინები იმ მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებდნენ რუსეთთან დაახლოებისკენ მიმართულ მთავრობის ნაბიჯებს“.
„BBC-ის დასკვნები მიუთითებს შესაძლებლობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ ტოქსინი კამიტი წყალში გაურია, შემდეგ კი წყლის ჭავლით შეასხა ათიათასობით მომიტინგეს. ეს მტკიცება დაუდასტურებელია, თუმცა დაზარალებულებისგან შეგროვებული მტკიცებულებები, სამედიცინო მონაცემები და სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომლების ჩვენებები მიუთითებს იმაზე, რომ გამოყენებული ნივთიერება ბევრად უფრო ძლიერი და მდგრადია, ვიდრე ბრბოს სამართავად გამოყენებული სტანდარტული საშუალებები. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, რომელიც აქციის დაშლას ხელმძღვანელობდა, აღიარა, რომ უსაფრთხოების ძალები ნამდვილად ფლობენ ასეთი სიძლიერის ქიმიურ აგენტს, თუმცა მან პასუხისმგებლობის გადატანა სცადა იმით, რომ განაცხადა, თითქოს ის წინა ხელისუფლების დროს იყო ნაყიდი. გასულ წელს მისი გამოყენების დაზუსტების ნაცვლად, უსაფრთხოების სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს არა სავარაუდო გამოყენების ფაქტზე, არამედ იმ პირების მიმართ, ვინც ამ შეშფოთებაზე საუბრობდნენ“, - წერს ანი ჩხიკვაძე.
მისი თქმით, „ეს ამბავი განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა საქართველოში, სადაც მოსახლეობა განსაკუთრებით მგრძნობიარეა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური აგენტების გამოყენების ნებისმიერი მინიშნების მიმართ, რადგან მათ ეს უკვე გამოცდილი აქვთ - 1989 წლის აპრილში საბჭოთა ჯარებმა თბილისში სასტიკად დაშალეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, წიხლებითა და ნიჩბებით თავდასხმის პარალელურად, პირველი მსოფლიო ომის ტიპის მომწამვლელი გაზიც გამოიყენეს, დაიღუპა ათობით, ხოლო დაშავდა ასობით ადამიანი“.
„ამჟამად არ დარჩა არანაირი დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც შეეძლება ან მოუნდება კამიტის შესაძლო გამოყენების ფაქტის გამოძიება. ოპოზიციურმა პარტიებმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს, ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების ნება დართოს, ხოლო მომიტინგეები ქუჩებში რჩებიან და მთავრობისგან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვენ. თავად ქართველი ხალხის გარდა, რომლებიც აგრძელებენ საკუთარი წვლილის შეტანას რეპრესიებისადმი წინააღმდეგობითა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნით, მხოლოდ ვაშინგტონს შეუძლია რეალური ზეწოლა მოახდინოს საქართველოს მთავრობაზე. არცერთ სხვა აქტორს არ შეუძლია ეფექტურად აიძულოს თბილისი, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, შეწყვიტოს ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ახლა „სამაგალითო ზესახელმწიფოდ“ მოიხსენიებს, ან შეწყვიტოს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობა“, - დასძინა მან.