
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი წარმომადგენლები ახლა რუსეთში იმყოფებიან, რათა გაარკვიონ, არის თუ არა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება შესაძლებელი.
როგორც ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ფინანსურად აღარ არის ჩართული ომში, მაინც ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას.
„ამერიკა კვლავ ძლიერი და პატივსაცემი ქვეყანაა მსოფლიოში. ნატო-ს სამიტზე როდესაც ვიყავი, ისინი ევროპის პრეზიდენტს მეძახდნენ. ჩვენ პატივს გვცემენ. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს პრობლემა ომთან მიმართებით, რომლის მოგვარებასაც ჩვენი ხალხი ცდილობს რუსეთსა და უკრაინას შორის. ჩვენ აღარ ვართ ამ ომში ჩართული ფინანსურად. ბაიდენმა 350 მილიარდი დოლარი გასცა ისე, თითქოს ეს ტკბილეული ყოფილიყო. ეს ძალიან დიდი რაოდენობის თანხაა. მე არაფერი მიმიცია, ჩვენ ვყიდით აღჭურვილობას ნატო-ზე, ევროპული ქვეყნები გვიხდიან ახლა ფულს და შემდგომში მიაქვთ ეს უკრაინაში ან რასაც არ უნდა უშვრებოდნენ. ჩვენ ვცდილობთ, ეს საკითხი მოვაგვაროთ. მე რვა ომი დავასრულე, ეს იქნება მეცხრე და ჩვენი ხალხი ახლა რუსეთში იმყოფება, რათა გაიგონ, არის ამის დასრულება შესაძლებელი. არ არის მარტივი სიტუაცია. ეს არის ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და ეს არ მომხდარა ოთხი წლის განმავლობაში", - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ოფიციალური შეხვედრა მიმდინარეობს.