
მომავალი წლიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა აღარ გაგრძელდება. შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ პროექტი ოთხწლიანი იყო, და ვადა ეწურება. მთავრობის განმარტებით, ამას თან ერთვის ის გარემოებაც, რომ პანდემიის შემდეგ ბიზნესი გააქტიურდა, მუშახელის ძიებაშია. ეკონომისტები აღნიშნული პროგრამის გაუქმებას მიესალმებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ პროექტმა ვერ გაამართლა.
2022 წელს ამოქმედებული სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა მიზნად ისახავდა სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისეთ ვაკანტურ ადგილებზე, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. ამასთან, სამუშაოს მიმწოდებელი, ძირითადად, იყო სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოებრივ სამუშაოზე ჩართვის მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა 31 191 სოციალურად დაუცველთან, საიდანაც 2024 წლის ბოლოსთვის აქტიური ხელშეკრულება ჰქონდა 29 094 პირს.
საინტერესოა, რას შეცვლის ახალი კანონმდებლობა? რას სთავაზობენ სოციალურად დაუცველებს და როგორი ნაბიჯები უნდა გადაიდგას მათ დასასაქმებლად და რამდენად რეალურია შრომის ბაზარზე მათი ინტეგრაცია?
ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ,,რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს გახლდათ ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ის ნაკლებად ემსახურებოდა ხალხის დასაქმებას და ადამიანები, უბრალოდ, ჩამოკიდებულნი იყვნენ ბიუჯეტის რესურსზე.
,,ეს გახლდათ სოციალური შემწეობა მათთვის, ვინც პარტიული ერთგულებით იყო გამორჩეული. ყველა ქვეყანაში მსგავსი სოციალური პროგრამები და დახმარებები ადამიანების განვითარებისა თუ სხვადასხვა უნარების შეჩერებას ემსახურება. არც ჩვენს შემთხვევაში იყო გამონაკლისი. ადამიანები უბრალოდ ჩამოკიდებულნი იყვნენ ბიუჯეტის რესურსებს და ამას ყველაფერი ერქვა გარდა დასაქმების პროგრამისა. ეს იყო ჩვეულებრივი დახმარება, რიგ შემთხვევაში, პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი ადამინებისადმი.
რაც შეეხება ალტერნატივას, ხელისუფლებამ ადამიანებს ალტერნატივა არ უნდა შესთავაზოს. მისი ამოცანაა ის, რომ ბიზნესს საქმის კეთებაში ხელი არ შეუშალოს. დღეს, თუ შევხედავთ მთავრობის ქმედებას, ძირითადად, დაკავებულია ახალი რეგულაციებით და ცდილობს პრობლემა შეუქმნას როგროც რიგით ადამიანებს, ასევე ბიზნესს, რომელიც დოვლათის შემქმნელი მთავარი წყაროა ქვეყანაში. ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ბიზნესს გაუმარტივოს საქმის კეთება.
თუკი მთავრობა ხელს არ შეუშლის ბიზნესს თავისი საქმის კეთებაში, კერძო სექტორი მოახერხებს იმას, რომ დაასაქმოს ის ადამიანები, ვინც ბიუჯეტის რესურსზე არიან ჩამოკიდებული.
ადამიანები, რომლებიც ამ პროგორამაში იყვნენ ჩართულნი, ბიზნესისა და გადასახადის გადამხდელებისგან მიღებული შემოსავლით იღებდნენ ხელფასს. ამას მთავრობა საკუთარ თავზე იწერდა და დამსაქმებლის როლში გამოდიოდა. სინამდვილეში, თუ მთავრობა გადასახადის გადამხდელებს ნაკლებ თანხას წაართმევს, ეს წაადგება ბიზნესს და ის თავად შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს და მეტსაც დაასაქმებს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვინც ამ პროგრამიდან ამოვარდნენ", - განუცხადა "რეზონანსს" ბაირახტარმა და დასძინა, რომ სოციალურად დაუცველთა ცხოვრება ამ მიდგომით არ შეიცვლება და სიდუხჭირეში მყოფი ადამიანები კვლავ იგივე მდგომარეობაში დარჩებიან.
,,ვინც იყვნენ სიდუხჭირეში და წლების მანძილზე მთავრობის შემწეობაზე დამოკიდებულნი, მათ ვერ მოახერხეს ახალი უნარების შეძენა. ნაცვლად იმისა, რომ ახალი სამუშაო ან განვითარების გზები ეძებნათ, დაჩნენ ისევ მძიმე ყოფაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რეალური სურათი არ შეიცვლება, ხოლო ტექნიკურად, რაც შეეხება ჩამონათვალთა სიას, შეიძლება ცვლილება გვქონდეს. სამწუხაროდ, ეს არის იმ მანკიერი პრაქტიკის გამოძხილი, რაც წლების განმავლობაში ჰქონდა სახელმწიფოს", - განაცხადა ბაირახტარმა.
დაახლოებით იგივე დამოკიდებულება აქვს ექსპერტ სოსო სიმონიშვილს. ის არსებული პროგრამის გაუქმებას მიესალმება, მაგრამ თვლის, რომ თუ საქართველოს შრომით ბაზარზე მთავარი აქცენტი ჩვენივე მუშახელის დასაქმებაზე არ გაკეთდება, რეალურად არაფერი შეიცვლება და კიდევ უფრო გაზრდილ მიგრაციას მივიღებთ.
,,აღნიშნული პროგრამის გაუქმებას მივესალმები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ცხადია, დაასაქმების კუთხით პრობლემები წლებია არსებობს. ხშირად გვესმის საუბარი, რომ ჩვენთან ანაზღაურება დაბალია. საკითხი მოგვარდება მაშინ, როდესაც დასაქმება ისეთი მაღალი იქნება, რომ უმუშევრები კი არ ეძებდნენ სამსახურს, არამედ ბიზნესი ეძებდეს კადრებს, რომ ვინმე დაასაქმოს.
სამწუხაროდ, თავის დროზე სახელმწიფომ და ბიზნესმა მიიღო ვერაგული გადაწყვეტილება, რომ მუშახელი საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანეს. ძირითადად იაფ მუშახელზე აქვთ გათვლა, რომელიც ჩვენზე უფრო ღარიბი ქვეყნებიდან ჩამოყავთ. ასეთ შემთხვევაში ხელფასების ზრდის და დასაქმების შანსი კიდევ უფრო გაქრა. ეს პირდაპირი ღალატია საკუთარი ქვეყნის.
თუ მუდმივად სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ადამიანებს, პრობლემა მუდმივად გაგრძელდება. უფრო მეტიც, ძალიან ცოტა ხანში ქართველები საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდებიან.
რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას, მან არაფერი კარგი არ მოგვცა და არც მოგვცემდა. ამიტომაც უნდა გაუქმებულიყო", -აღნიშნა ,,რეზონანსთან" საუბრისას სოსო სიმონიშვილმა.
ცნობისთვის, დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა. სოციალურად დაუცველებს ხელისუფლებამ საჯარო სამსახურებში დასაქმება შესთავაზა შემწეობის 4 წლის განმავლობაში შენარჩუნების პარალელურად. ნებისმიერ ასეთ სამუშაო ადგილზე ხელფასი 300 ლარი იყო.