
ადრესატების მიმართ შეკითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც შენიღბულმა და შეიარაღებულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის გადაწვა სცადა. ის, რომ ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამ დრომდე ისევ "ძლიერი საქართველოს" რიგებშია, სახელისუფლებო გუნდს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ლელო რადიკალიზმის ღია მხარდამჭერია. ასეა "ალდეს" შემთხვევაშიც - ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბლოკი დღემდე არ პასუხობს, რამდენად თავსებადია მათ რიგებში ტერორისტული აქტის მცდელობისთვის დაკავებული ელისაშვილის გუნდის ყოფნა.
პოლიტიკურ უხერხულობას ვერ მალავენ და ელისაშვილის ქმედებას უკიდურესად მიუღებლად მიიჩნევენ, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის მცდელობისა და უმძიმესი დანაშაულის მიუხედავად, ლელო მასთან თანამშრომლობას მაინც არ წყვეტს.
"ალდესა" და "ძლიერი საქართველოს" იდეურ-ღირებულებით თანხვედრაზე საუბრობს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნება" "ალდესგან" წევრი პარტიის ლიდერის დაგმობას არც ელის. თვლიან, რომ ბლოკიც ექსტრემიზმის მხარდამჭერია.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ ცალკეული პოლიტიკოსის დანაშაული "ალდეს" კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღებას არ ავალდებულებს. განსხვავებული შეფასება აქვთ გახარიას გუნდში, სადაც ელისაშვილს დამნაშავედ და შეუმდგარ პოლიტიკოსად მიიჩნევენ.
"ალდე" დუმს. საქართველოს ხელისუფლება კი ამბობს, რომ ევროპის უმსხვილესი ბლოკის ინტერესი არა ტერორისტული აქტის მცდელობაზე ობიექტური რეაგირება, არამედ სიყალბის ტირაჟირებაა.
განსასჯელის სკამზე მჯდომ ალეკო ელისაშვილს, რომელსაც ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც სასამართლოს შენობაში ნიღბით, ჩაქუჩით, აალებადი ნივთიერებითა და ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა და შენობის გადაწვა სცადა, 10-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.