სავარაუდოდ, საკითხი მალე გადაიჭრება, თუმცა პირობები შესაძლოა, შეიცვალოს
თამარ ვეფხვაძე
02.12.2025

აზერბაიჯანიდან, წლიურ 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 2026 წლის ბოლომდე მივიღებთ. ხელშეკრულების ვადა, სწორედ 2026 წლის ბოლოს იწურება, თუმცა განახლებულ პირობებზე მთავრობა მოლაპარაკებებს უკვე მართავს. ენერგეტიკოსების განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათა შორის, საკმაოდ ინტენსიურია კომუნიკაცია და რადგანაც აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ გაზის გატარებაც და შესყიდვაც ამ ჭრილში განიხილება. 

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორი ქეყნის მეგობრობიდან გამომდინარე, მოლაპარაკებები ძალიან კონსტრუქციულ და მეგობრულ რეჟიმში მიმდინარეობს: „არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან შედეგებზე წინასწარ საუბარი. რა თქმა უნდა, მეგობრულ რეჟიმში გვექნება კონსულტაციები და იმედი გვაქვს, ორ ქვეყანას შორის, სათანადო გარიგება შედგება“, - განაცხადა პრემიერმა.

აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის თურქეთსა და ევროპაში გატარების სანაცვლოდ, საქართველო ორი კონტრაქტით იღებს გაზს. მათგან უმთავრესია „ოფციური“ გაზი, რომლის მოცულობა ყოველწლიურად, აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მიხედვით ითვლება. ამ კონტრაქტის საშუალებით, საქართველო, გატარებული აირის 5%-ს შეღავათიან ფასად ყიდულობს. რაც შეეხება მეორე კონტრაქტს, ეს დამატებითი  მოცულობას ეხება, რომელიც ფიქსირებულია. ეს ნიშნავს, რომ მილსადენში გატარებული გაზის მოცულობის მიუხედავად, საქართველო ყოველწლიურად 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს იღებს.

ენერგეტიკოს გია არაბიძის ინფორმაციით, პირველი კონტრაქტის ვადა, რომელიც „ოფციურ“ გაზს ეხება და რომლის საშუალებითაც მილსადენში გატარებული გაზის 5% გვრჩება თითქმის უფასოდ, 2067 წელს იწურება. რაც შეეხება მეორე კონტრაქტს, რომელიც ფიქსირებულ მოცულობას ეხება და წლიურად 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს ვყიდულობთ, სწორედ მისი ვადა იწურება 2026 წლის ბოლოს. 

„საკმაოდ ინტენსიურად მიდის მოლაპარაკება, რომ ხელშეკრულების ვადა გაგრძელდეს. პრობლემა ჯერ არ გადაჭრილა, მაგრამ ვვარაუდობ, რომ წლის ბოლოსთვის მოგვარდება. ჩემი ინფორმაციით, ინტენსიურად მუშაობს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, სამთავრობო სტრუქტურები, რადგან 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვფიქრობ, გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ, 

აზერბაიჯანსაც თავისი პირობები აქვს, რადგან იცით, რომ „ბრიტიშ პეტროლიუმი“ აპირებს გასვლას საქართველოდან, შემოდის „სოკარი“ და აქ არის გარკვეული საკითხები, რომლებიც სამთავრობო დონეზე უნდა გადაწყდეს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას გია არაბიძემ. 

დღეს არსებული მდგომარეობით, საქართველო წლიურად 3.1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს. მაგალითად, 2024 წელს, ქვეყანამ 2.3 მილიარდი კუბური მეტრი -აზერბაიჯანიდან მიიღო, ხოლო რუსეთიდან გაზის მოწოდება გაიზარდა და 2024 წელს - 788 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. „რეზონანსის“ კითხვაზე, რუსეთიდან გაზის იმპორტის გაზრდის ნაცვლად, რატომ არ შეიძლება სრული მოცულობა აზერბაიჯანიდან მივიღოთ, გია არაბიძემ გვიპასუხა:

„არ გვყოფნის აზერბაიჯანული გაზი და აგიხსნით, რატომ: აქ ორი მომენტია, ერთი გახლავთ ის, რომ მოხმარება გაიზარდა, ხოლო მეორე - ჩვენი გაზის გადატუმბვა საკმაოდ დიდ მანძილზე ხდება. მიზეზი ისაა, რომ რუსეთიდანაც და აზერბაიჯანიდანაც ბუნებრივი აირი აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, საგურამოში შემოდის. სწორედ საგურამოდან უნდა გადავტუმბოთ და გავანაწილოთ დანარჩენ საქართველოში, რისთვისაც წნევის შენარჩუნების მიზნით, გვჭირდება გაზის დამატებითი რაოდენობა. წლების განმავლობაში, ეს დამატებითი რაოდენობა მოგვქონდა რუსეთიდან, ანუ რუსეთიდან შემოტანილი გაზის საშუალებით ვინარჩუნებდით წნევას ამ გაზსადენზე. თუმცა, ახლა რუსეთიდან შემოტანილი გაზი არა მარტო წნევის დასარეგულირებლად, არამედ, ფიზიკურადაც გვჭირდება, რადგან გაზის მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა“, - განუცხადა „რეზონანსს“ გია არაბიძემ. 

ანალიტიკოს დავით ჩიხელიძის აზრით, ხელშეკრულების გაგრძელება ტექნიკური საკითხია, რომელიც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც მთავარია, საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და შესაბამისად, გაზმომარაგების საკითხი - გაზის გატარებაც და შესყიდვაც - სწორედ ორი ქეყნის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს.  

„აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულების საშუალებით, ბუნებრივი აირის გარკვეულ ნაწილს, ჩვენ თითქმის უფასოდ ვიღებთ - გარკვეული შეღავათებით ვსარგებლობთ. ის, რომ ხელშეკრულება ვერ გახანგრძლივდება ან მოგვიწევს სხვა პარტნიორის მოძებნა, გამოგონილი ამბავია. ჩათვალეთ, ვადის გაგრძელება ტექნიკური საკითხია, რომელიც დროის ამბავია და არაფერი განსაკუთრებული ან საგანგაშო არ არის, როგორც ზოგიერთ მედია-საშუალებას უნდა წარმოაჩინოს. 

მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს, რადგან ხელშეკრულების ვადის ამოწურვა ან ამ ვადის გაგრძელება არც გაზის საფასურზე იმოქმედებს უარყოფითად და არც მოწოდების მხრივ შეიქმნება შეფერხება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას დავით ჩიხელიძემ. 

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობის ზრდას, დავით ჩიხელიძის შეფასებით, ეს არსებული რეალობის გათვალისწინებით ხდება. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ვნახავთ, რომ დღესაც კი არის გარკვეული სოფლები, რომლებსაც გაზი არ მიეწოდება. შესაბამისად, მომავალში, გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში ბუნებრივი აირის მოხმარება ქვეყანაში კიდევ გაიზრდება.

„ბოლო პერიოდში, ასობით სოფლის გაზიფიკაცია განხორციელდა და ქვეყანას ასიათასობით ახალი აბონენტი შეემატა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის მოსახლეობაც, გაიზარდა საწარმოების რიცხვიც. ყოველი ახალი საწარმოს შექმნა კი ახალ აბონენტს და დამატებით ბუნებრივი რესურსების მოხმარებას ნიშნავს. ქვეყანა ვითარდება და განვითარების პირობებში, მოსახლეობის კეთილდღეობა უმჯობესდება. შესაბამისად, საჭიროებაც ჩნდება, რის გამოც გაზრდილია ბუნებრივი აირის მოხმარება“, - განუცხადა „რეზონანსს“ დავით ჩიხელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×