
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე კონსენსუსი ჯერ არ არსებობს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პრაქტიკული სიტუაცია, როგორც მოგეხსენებათ, ასეთია, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისთვის ყველა მოკავშირის მხრიდან კონსენსუსია საჭირო. ამჟამად კი, როგორც მოგეხსენებათ, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს", - განაცხადა მარკ რუტემ.
ამასთან, როგორც რუტემ აღნიშნა, ყველა მოკავშირე აღიარებს, რომ უკრაინისა და ალიანსის უსაფრთხოება მჭიდროდ არის ურთიერთდაკავშირებული, ამიტომ „ნატო ცდილობს, უკრაინაში ომი ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობით დაასრულოს".
როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ამ მხრივ ნატო მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი ბრიუსელში ხვალ გაიმართება. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას არ ესწრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. როგორც მარკ რუტემ აღნიშნა, მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ.