
ეს, ერთ დროს ყველაზე პრესტიჟული მედიასაშუალება [BBC] იმ დონეზე არის გამოყენებული გლობალური ომის პარტიის მიერ, რომ ხაზს უსვამს მის რეპუტაციას და იყენებს თავისი მიზნებისათვის, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა და დასძინა, რომ უტიფარი და უარგუმენტო ბრალდებები საქართველოს წინაშე, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურია ქვეყნისთვის.
პოზიტივზე საუბრისას, დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის წინაშე ყველა ბრალდებას გასცა ღირსეული პასუხი და ქვეყნის წინაშე გამოთქმული ბრალდებები აღარ მუშაობს.
„სერიოზულად რომ ვისაუბროთ ამ თემაზე, მე აღვნიშნავდი ერთ, ძალიან მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც გაგიკვირდებათ და ამდენი ნეგატივის შემდეგ, ძალიან პოზიტიურია საქართველოსთვის. პოზიტიურია ის, რომ რადგან ასეთ უტიფარ ტყუილზე მიდიან, იგონებენ რაღაცებს, არც ინფორმაციას მოიპოვებენ, არც დამამტკიცებელ საბუთები გააჩნიათ და ამტკიცებენ სისულელეებს, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს დასადანაშაულებლად არცერთი მოგონილი, თუ რეალური მიზეზი აღარ აქვთ. მათ არაფერი უჭირავთ ხელში, რაზეც შესაძლებელია საქართველოს დადანაშაულება. ადრე რასაც იძახდნენ და რის გამოც საქართველოს ბრალს დებდნენ, ყველაფერი ხუხულასავით ჩამოენგრათ: დემოკრატიული უკუსვლა ვერ დაამტკიცეს, იმიტომ, რომ თავისსავე გამოქვეყნებულ რეიტინგებში საქართველო მოწინავეა; ადამიანის უფლებების დარღვევა ვერ დაამტკიცეს; მშვიდობიანი მიტინგის ჩაშლა ვერ დაამტკიცეს, იმიტომ, რომ მთელმა მსოფლიომ იხილა შარშან და წელსაც გავრცელებული ძალადობრივი კადრები. რაც უნდა იძახონ, რომ იყო მშვიდობიანი გამოსვლები, ამას არავინ იჯერებს; ასევე ვერ დააჯერეს ვერავინ, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა მიტინგები გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშალეს.
ყველა მათი ნარატივი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც იყო გამოყენებული ჩვენს დასადანაშაულებლად, ჩამოენგრათ. საპირისპიროდ რას აკეთებენ - იგონებენ აბსოლუტურად გაუგონარ ამბებს, ვიღაცის ნალაპარაკებ ამბებს იყენებენ, რომელიც არ ემყარება არავითარ ფაქტს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - „ქართულმა ოცნებამ" მათ ყველა კითხვაზე მიაწოდა ამომწურავი პასუხი განმტკიცებული ფაქტებით, სტატისტიკით და ეს არც კი განიხილეს.
ეს, ერთ დროს ყველაზე პრესტიჟული მედიასაშუალება იმ დონეზე არის გამოყენებული გლობალური ომის პარტიის მიერ (თავისთავად ცხადია, რომ მათ მიერაა გამოყენებული), რომ ხაზს უსვამს მის რეპუტაციას და იყენებს თავისი მიზნებისათვის. უზარმაზარი მედია იძულებულია დაემორჩილოს მითითებებს იმისათვის, რომ პატარა საქართველოს, რომელიც მდებარეობს სტრატეგიულ ადგილას - კავკასიაში, მოსცხოს ჩირქი. ეს სურათი იხატება მთლიანობაში და ვფიქრობ, ეს ძალიან დადებითი მოვლენაა საქართველოსთვის, რადგან როგორც ჩანს, ისინი ხვდებიან, რომ ჩვენ ყველა ამ ბრალდებას გავეცით ძალიან ღირსეული პასუხი და მათ მიერ აქამდე გამოთქმული ბრალდებები არ მუშაობს. ეს არის - BBC -ის ბრალდებების ქვეტექსტი," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქართულ პოლიციას ბრალდება მომწამლავი გაზის გამოყენება რადიკალური აქციის მონაწილეების მისამართით. ინფორმაცია ვრცელდებოდა გარკვეულ პირებზე დაყრდნობით, თუმცა, თავად წყარომ, რომელსაც გამოცემა ეყრდნობოდა, აღნიშნა, რომ კვლევები მომწამლავი გაზის თვისებებზე, ბოლომდე არ იყო შესწავლილი.