თამთა ჩაჩანიძე
02.12.2025

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ინდოეთში ვიზიტს „ოცნების" ოპონენტები აკრიტიკებენ და აშარჟებენ. თავად პაპუაშვილი ვიზიტის მიზანს იმით ხსნის, რომ ესაა ორმხრივი იურთიერთობისთვის ბიძგის მიცემა, რადგან ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკაა და ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი შუა დერეფნის საკითხში.

„ამ ვიზიტის გაშაყირება, ვითომ დამუნათება და ვითომ კრიტიკა იმაზე მეტყველებს, თუ რა პრიმიტიულ და უმდაბლეს დონეზე არიან კრიტიკოსები, რომლებმაც საერთოდ არ იციან ინდოეთის როლი გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და განსაკუთრებით ინვესტიციების კუთხით", - ამბობს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

პაპუაშვილთან ერთად ინდოეთშია ვასილ ჩიგოგიძე, ის ინდოეთთან მეგობრობის პარლამენტის ჯგუფის ხელმძღვანელია, ასევე დეპუტატები - გენრიეტა წიწავა, ნიკოლოზ სამხარაძე და შოთა ბერეკაშვილი.

სამშაბათს პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს ომ ბირლას და საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა. ქართულ დელეგაციას ინდოეთის პარლამენტში ბანერი დაახვედრეს, სადაც დელეგაციის წევრების ფოტოებია გამოსახული. პაპუაშვილმა ჩანაწერი გააკეთა ინდოეთის პარლამენტის საპატიო სტუმართა „ოქროს წიგნში". აღნიშნა, რომ თბილისში უკვე ფუნქციონირებს ინდოეთის საელჩო და ქართული მხარე ელის ინდოეთის პირველი ელჩის დანიშვნას.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, „მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით ვითარდება".

„აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი ინდოეთში. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტის მიზანია, ორმხრივ ურთიერთობებს, საპარლამენტო ურთიერთობებს ბიძგი მისცეს. იმედი მაქვს, რომ ინდოეთის პარლამენტის თავმჯდომარეც საქართველოში გვეწვევა. ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკაა და ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია შუა დერეფნის გამოყენების კუთხით. ის პოტენციალი, რომელიც ინდოეთს აქვს, გამოიყენოს შუა დერეფნისთვის, ძალიან დიდია ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

„მეტის ღირსი არც ხალხია და არც ხელისუფლება, იქ ვართ სადაც ვიმსახურებთ", „ინდოელები წამოიყვანე, ცოტანი არიან ჯერ საქართველოში", „ ესენი თუ მიგიღებენ, თორემ თანამედროვე პარლამენტში ვის რაში სჭირდებით", - წერენ კრიტიკოსები იმ პოსტის კომენტარებში, სადაც ნათქვამია, რომ პაპუაშვილს ინდოეთის პარლამენტში „გულთბილი დახვედრა" ჰქონდა და იმედს გამოთქვამს, რომ ინდოეთის პარლამენტის თავმჯდომარეც მალე გვეწვევა საქართველოში.

სოცქსელში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეოებიც გამოჩნდა, სადაც პაპუაშვილი გაშარჟებულია და წარმოდგენილია ინდური სამოსით.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გვეუბნება, რომ საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს მრავალვექტორული პოლიტიკა და ეს ვიზიტიც ამის დასტურია.

„ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას საგარეო ურთიერთობაში გაცხადებული მრავალვექტორული პოლიტიკა აქვს, ეს დღითიდღე მყარდება და ამის დასტურია ის, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი მაღალჩინოსანი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ინდოეთს სტუმრობს. ამ ვიზიტის გაშაყირება, ვითომ დამუნათება და ვითომ კრიტიკა იმაზე მეტყველებს, თუ რა პრიმიტიულ და უმდაბლეს დონეზე არიან კრიტიკოსები, რომლებმაც საერთოდ არ იციან ინდოეთის როლი გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და განსაკუთრებით ინვესტიციების კუთხით.

„ნაცბაბლში თვითდაზიანება უფრო და უფრო მწვავე ხასიათს იღებს, საკუთარ ტოტალურ არაკომპეტენტურობას ავლენენ. თუნდაც ინდოელი და თუნდაც არაბი მაღალჩინოსნების გაშაყირება დაახლოებით იმას ჰგავს, სულელი ადამიანი ჭკვიანს რომ ეტყვის, შენზე ბრძენი ვარო. რადიკალურ ოპოზიციას და მათ სპიკერებს ეს პრობლემა აქვთ, რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკაზე.

„სტაბილური საქართველო რაც მეტ ინვესტიციას მოიზიდავს, მით უკეთესია. საყოველთაოდ ცნობილია ინდოეთი, ისევე როგორც არაბული სამყაროს მდიდარი ქვეყნები ახალ საინვესტიციო პერსპექტიულ ქვეყნებს ეძებენ, სადაც კაპიტალს დააბანდებენ და გრძელვადიან კონტრაქტებს გააფორმებენ", - განაცხადა მან.

კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ამ ვიზიტის მერე საქართველოში ინდური ინვესტიციების შემოტანას, აბაშიძემ გვითხრა:

„სწორედ ამას ემსახურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ინდოეთში. საპარლამენტო კონტექტებიდან შემდეგი ფაზაა აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის კონტაქტები და უკვე თანმდევი ბიზნესკონტაქტები, ინვესტორების დაინტერესება, კონფერენციები, ფორუმები და ა.შ. და ვინც ამას აშაყირებს, ძალიან სავალალო და საცოდავ მდგომარეობაშია. მათ საკუთარი ქვეყნისთვის სარგებლის მიღება არ უნდათ.

„რაც უფრო მეტი არაბული, ჩინური, ინდური, თუ სხვადასხვა ქვეყნების ინვესტიციები შემოვა საქართველოში, ეს ჩვენს ქვეყანას წაადგება და არანაირად არ ექნება ადგილი ე.წ, არაბიზაციას, ე.წ. გაჩინელებას, თუ აწ უკვე ე.წ. გაინდოელებას, ასეთი ზღაპრები ერთმანეთს მოუყვნენ და მაზოხისტური სიამოვნება მიიღონ, მაგრამ ეს მათ უფრო აჩენს ბრიყვებად", - განაცხადა აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×