ნატალია ჯვარიძე
02.12.2025

ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ამჟამად კი ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის" უფროსმა ვიქტორ ყიფიანმა ახალი პარტიის შექმნა დააანონსა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც „ჯერ საქართველო" ჰქვია, იურიდიულად ჯერ არ არის პარტიად დარეგისტრირებული და მუშაობა სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს.

„სავარაუდოდ, ეს იქნება პარტია, რომლის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. მნიშვნელოვანია, ეს პარტია როგორ იქნება დაკომპლექტებული", - უთხრა „რეზონანსს" შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ.

ვიქტორ ყიფიანის თქმით, ამომრჩეველში დაკვეთაა ცენტრისტულ, გაწონასწორებულ, ადეკვატურ და რაციონალურ პოლიტიკაზე.

„4 ოქტომბრის მოვლენებმა გვიჩვენა, რომ მას შემდეგ, რაც გარკვეული გამოცდა ვერ ჩააბარეს ცენტრისტულმა პარტიებმა - „ლელომ" და „გახარია საქართველოსთვის", „ჯეოქეისში" შეგვექმნა ისეთი წარმოდგენა, რომ ქართულ საზოგადოებაში, ქართველ ამომრჩეველში არის ისეთი შიმშილი, დეფიციტი, დაკვეთა ცენტრისტულ, გაწონასწორებულ, ადეკვატურ, რაციონალურ პოლიტიკაზე, რომელიც არ იქნება შეპყრობილი ბოდვითი თეორიებით და არც უკიდურესობიდან უკიდურესობაში მიქცეული იქნება. ამიტომ, ჩავთვალეთ, რომ ამ მოლოდინების საპასუხოდ გარკვეული ნაბიჯი უნდა გადაგვედგა, მაგრამ ვინაიდან, ჯერჯერობით ეს არის სამუშაო სტატუსით მიმდინარე პროცესი, ბუნებრივია, ჯერ უნდა დავტესტოთ ჩვენი ასეთი პოზიციონირება, რომელიც ფორმალურ სტატუსს არ ატარებს.

„ახლა რაიმეს პროგნოზირება კონკრეტულ ვადასთან და თარიღთან დაკავშირებით არის შეუძლებელი. ერთია, რომ ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ ჩვენს თავზე, უნდა ვმუშაობდეთ შიდა პროცესზე, მაგრამ ამავე დროს, მაჯის ცემას განსაზღვრავს ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები", - აღნიშნა ყიფიანმა.

კითხვაზე, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, მიიღებს თუ არა მისი პოლიტიკური გაერთიანება არჩევნებში მონაწილეობას, ყიფიანმა უპასუხა, რომ არჩევნებისთვის ამ ეტაპზე არ ემზადებიან.

„ჩვენ ახლა არ ვემზადებით არჩევნებისთვის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკუთარი ხელწერა რაც შეიძლება გასაგებად გამოვკვეთოთ. ეს რაც არ უნდა არაკლასიკური და არაპოპულარული იყოს ჩვენი მხარდამჭერისათვის, მთავარია, რომ ჩვენ შინაარსობრივად ვიყოთ საინტერესო.

„ის გარემო, რასაც ჩვენ ვხედავთ, არანაირ განწყობას არ ქმნის ნორმალური არჩევნების წარმოებისათვის. არჩევნები ხომ არ არის მხოლოდ საარჩევნო დღე, არჩევნები არის მთელი რიგი დანაწესებისა, რომელიც დაწყებული კანონმდებლობიდან გაგრძელებული სხვა საკითხებით, რეალურად უნდა განაპირობებდეს, რომ ამომრჩეველი როდესაც მივა და გააკეთებს არჩევანს, ის დაემსგავსოს არჩევნებს და არა სპეცოპერაციას. ამდენად, თუ წავედით იმ გზით, რა გზითაც ხელისუფლება მიდის, რა თქმა უნდა, მაშინ არჩევნები მიიღებს აბსოლუტურად ნომინალურ დატვირთვას და ეს იქცევა ატრაქციონად და ატრაქციონში მონაწილეობას არათუ ჩვენ, არამედ ბევრი ოპოზიციური სპექტრიდან ალბათ არ მიიღებს", - განაცხადა ყიფიანმა.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე პარტიის შექმნას სკეპტიკურად უყურებს.

„მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოში 300 პარტია მაინც არის რეგისტრირებული და ბევრმა მისი სახელიც კი არ იცის. აქ ყველაფერი პიროვნებებზეა აგებული, ადამიანები ხმას მათ აძლევენ. ამ მხრივ ვინმე ქარიზმატული პირი თუ არ გამოჩნდა, თავისი ლოზუნგებით, დამაჯერებლობით და ა.შ. როგორც წესი, პარტიები ხალხის დარწმუნებას ვერ ახერხებენ. ყიფიანთან ასეთი ადამიანი ვინ იქნება, ამის თქმა მიჭირს.

„მეორეს მხრივ, ახლა პოპულიზმზე შეკვეთა ნამდვილად არ არის, რაც იყო ხოლმე საქართველოში. ამ ფონზე შეძლებენ თუ არა ისინი ხმების და დაფინანსების მოპოვებას, ძალიან რთული სათქმელია. მე საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი",- განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ეს, სავარაუდოდ, პროევროპული პარტია იქნება.

„იქიდან გამომდინარე, რომ სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა რეალურია, ახალი პარტიის შექმნაზე დაკვეთა არსებობს. თუმცა მნიშვნელოვანია, ეს პარტია როგორ იქნება დაკომპლექტებული. პარტიას დიდი დაფინანსებები სჭირდება, რომ ოფისები გაიხსნას რეგიონებშიც. ასევე საჭიროა მუშაობა და აუცილებელია პროგრამა. სავარაუდოდ, ეს იქნება პარტია, რომლის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. როცა გაირკვევა ყველა დეტალი, მერე შეიძლება პარტიის პერსპექტივაზე საუბარი."

ვიქტორ ყიფიანი წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ნდობით აღჭურვილი პირი იყო. სწორედ ის იცავდა საერთაშორისო დავებში ივანიშვილის ინტერესს, მათ შორის შვეიცარულ „კრედიტ სვისის" საქმეში. 2023 წლის მარტისთვის თანამშრომლობა შეწყდა. ამის შემდეგ ყიფიანმა ივანიშვილის საჯარო კრიტიკა დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×