
მთავრობამ ზოგადი განათლების რეფრმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა და წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მთელი რიგი ცვლილებებია დაგეგმილი - საჯარო სკოლები 11-წლიან სწავლებაზე გადავლენ, შეიცვლება სახელმძღვანელოები, შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში სავალდებულო სასკოლო ფორმა დაბრუნდება, შეიზღუდება მობილური ტელეფონების გამოყენება. მასწავლებლებისთვის კი იანვრიდან კარიერული წინსვლის ახალი სქემა დაინერგება. ამასთან, საჯარო სკოლებში ჩაირიცხებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით 6 წელი შეუსრულდებათ.
„ოცნებაში" აცხადებენ, რომ ზოგადი განათლების ახალი კონცეფცია არის ახალი სიტყვა განათლებაში, რომელიც „სრულ თავსებადობაშია უმაღლესი განათლების ახალ რეფორმასთან".
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „დაწყება კარგია" და ისიც, რომ რეფორმაზე მუშაობა მთავრობის ხელმძღვანელობის დონეზე ხდება, თუმცა მთავარია ეს პრაქტიკაში როგორ განხორციელდება.
„80-იანი წლებიდან მოყოლებული რამოდენიმე რეფორმის პროექტი წარადგინეს და მას მერე მოდის რეფორმების მცდელობა. განათლების რეფორმაში ყველა დეტალის გათვალისწინება ყოველთვის რთულია-ხოლმე, თუმცაღა ის, რომ ამოცანა დაისვა, უკვე დადებით შეფასებას იმსახურებს, მაგრამ, აი, ფინალი როგორი იქნება, ნამდვილად არ ვიცი იმ გამოცდილების ფონზე, რაც ყველას გვინახავს ბევრი რეფორმის დროს.
„დაწყება ყოველთვის კარგია და ახლაც კარგია, რომ დაიწყო, თუმცა მთავარია ეს პრაქტიკაში როგორ განხორციელდება, თეორიაში დეტალები რამდენად იქნება დამუშავებული და რა იქნება გათვალისწინებული და ა.შ. საქმე ბევრია. მისასალმებელია, რომ ეს საკითხი უმაღლეს, პრემიერის მართვის დონეზე დაისვა და ამ დონეზე იქნება მისი შემდგომი წინსვლა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს კი ბევრი კითხვა აქვს, თუმცა ამას პასუხი ჯერ ვერ გაეცემა, სანამ პრაქტიკაში არ განხორციელდაბა.
„სანამ უშუალოდ პრაქტიკაში არ დაინერგება, ჯერ არაფერი არ ჩანს, მაგალითად ის, თუ როგორი იქნება 11-წლიანი სწავლების მეთოდიკა, ან როგორ შეიძლება მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება. ფორმებიც მდგომარეობას ვერ გამოსწორებს, ან თუ ბავშვს ფორმა ჩააცვი, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ უკეთესად ისაწვლის, ან მასწავებელი უკეთესად ასწავლის.
„საინტერესოა როგორ მოხდება დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მასწავლებლების დაკომპლექტება. შესაძლოა დღეს საჯარო სკოლებში ის მასწვალებლები მიიღონ, ვინც ხელისუფლებისადმი ლოიალურადაა განწყობილი, ანუ მიექცევა ყურადღება არა კვალიფიკაციას, არამედ პოლიტიკურ შეხედულებებს. იგივე თუნდაც სახელმძღვანელოებზე, ვის მიეცემა ამის დამუშავების შესაძლებლობა, რა მიაჩნია ამ ჯგუფებს პრიორიტეტად თუნდაც საქართველოს ისტორიაში, ლიტერატურაში, ვფიქრობ, ძალიან ბევრი საკითხი იქნება ამოღებული, რაც დღევანდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელია.
„რაც შეეხება სპეცკლასს და 11-კლასიანი სწავლებას, აქაც არის კითხვები, რბომელიც გულისხმობს იმას, რომ ეს თავსებადი არაა ევროპულ სტანდარტებთან", - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი არჩილ გამზარდია სკოლის ფორმებზე წერს, რომ ხელისუფლებამ „მოხელეებისთვის ახალი ფულის დაზგა მოიფიქრა - სასკოლო ფორმებზე ფულის კეთება". მისი თქმით, სკოლები ფაქტიურად საბჭოურ რეჟიმს უბრუნდებიან.
„რომელ ქვეყნებში აიძულებს ხელისუფლება სკოლებში ფორმით სიარულს:
ინდოეთი - საჯარო და კერძო სკოლების უმეტესობაში ფორმა სავალდებულოა.
ჩინეთი - სკოლების დიდ ნაწილში გამოიყენება უნიფორმა.
მალაიზია - საჯარო სკოლებში ფორმა სავალდებულია.
ტაილანდი - საჯარო და კერძო სკოლებში ფორმა რეკომენდირებული და ხშირ შემთხვევაში სავალდებულოა.
შრი-ლანკა - სკოლებში (მათ შორის საჯარო და კერძო) ფორმის ტარება ხორციელდება როგორც წესი.
კენია - საჯარო სკოლებში უნიფორმა ხშირია და სავალდებულო.
სამხრეთ აფრიკა - საჯარო და უმეტესობა კერძო სკოლებში გამოიყენება - ფორმა არის პრაქტიკა.
კუბა - სკოლებში სავალდებულო ფორმაა.
კოსტა-რიკა - ოფიციალურად სავალდებულო ფორმა აქვს საჯარო სკოლებში.
მცირე სახელმწიფოებში - მაგ: ტუვალუ, ნაურუ, ნიუე, ტოკელაუ - სკოლებში ფორმა სავალდებულია.
თავად განსაჯეთ, რაზეა ორიენტირებული ხელისუფლება და რა ტიპის საზოგადოების შექმნას ცდილობს სასკოლო განათლების გზით", - წერს გამზარდია ფეისბუქზე.
რა იცვლება ახალი გეგმით
მთავრობამ ზოგადი განათლების კონცეფცია დაამტკიცა, 2 დეკემბერს პრეზენტაციისას განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ შემდეგი დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა:
1.2026 წლიდან, ყოველ მომდევნო წელს სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შხოლოდ იმ ბავშვებს ექნებათ, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება 6 წელი. განათლების მინისტრმა ეს გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ არ არის 6 წლამდე ბავშვების სოციალურ-ემოციური მზაობა.
2.2-3 წლის განმავლობაში სკოლაში ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება. დაიწერება ახალი სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს შესაბამისი ჯგუფების მიერ, ერთი სახელმძღვანელო დაინერგება ყველა სკოლაში, რაც სამინისტროს თქმით, უზრუნველყობს ერთიან მიდგომას და სტანდარტს.
3.სამინისტრო სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას გეგმავს. უწყების განცხადებით, მაქსიმალურად იქნება დაცული ბალანსი იმისთვის, რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და ბავშვსაც მშობელთან კომუნიკაციის უფლება არ დაირღვეს.
4.2027-28 სასწავლო წლიდან სასკოლო სწავლება 11-წლიანი ხდება. დღეს ვინც მე-9 კლასში სწვალობს, მას მეთერთმეტე კლასის დამთავრება მოუწევს. სამინისტრო პასუხისმგებლობას იღებს, რომ 11-წლიანი სწავლება საკმარისი იქნება სრუფასოვანი ზოგადი განათლების მისაღებად. 11-ე კლასში შემოვა ე.წ. რეპეტიტორიუმი, რაც ბავშვებს ევროვნული გამოცდებისთვის მომზადების საშუალება ექნებათ. ამასთან, დამატებით 12-ე სპეცკლასი იფუქციონირებს.
5.შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. 60 ათასი და ნაკლებქულიანი სოციალურად დაუცველი ოჯახი კი ფორმებზე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.
6.შემოდის ახალი მოცემულობა პირვეკლასელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. საყოველთაო რეგისტრაციამდე, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი. პირველ ეტაპზე შეეხება დიდ ქალაქებს და შემდეგ საჭიროების მიხედვით ნელ-ნელა ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.
7.დამტკიცდა სკოლის ლაბორატორიული სტანდარტი. 2026 წლიდან, 2027 წლის ბოლომდე ყველა საჯარო სკოლას მიეწოდება შესაბამისი აღჭურვილობა, რათა ფიზიკის, ქიმიის და მათემატიკის სასწავლო პროცესები გამართულად წარიმართოს.
8.ბულინგთან ბრძოლა - სამინისტროს მიზანია საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იყოს მანდატურის, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკების სერვისებით. ინტენსიურად გადამზადდეს ყველა პედაგოგი, რათა ადრეულ ეტაპზევე გამოავლინონ ბულინგის კონკრეტული მაგალითები.
9.2026 წლის იანვარში დამტკიცდება მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალი სქემა. ამასთან, გაგრძელდება შრომის ანაზღაურების მზარდ კომპონენტზე ზრუნვა.