
რეფერენტული წამლების პოლიტიკამ რეალურად ვერ იმუშავა, ვინაიდან მომხმარებლებს გარკვეული წამლების ხელოვნურად გაუძვირდათ. ამიერიდან შემომტან კომპანიებს ფასნამატთან დაკავშირებით კონკრეტული სტანდარტის გათვალისწინება მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო ძვირია მედიკამენტი, მით უფრო ნაკლები საბითუმო ფასნამატი ექნებათ. კონკრეტული ზღვარი უკვე დადგენილია, თუმცა როგორ იმუშავებს მექანიზმი, სპეციალისტების შეფასებით, დამოკიდებულია, რამდენად მკაცრი კონტროლი დაწესდება. ძვირი წამალი ბაზრისთვის სერიოზული გამოწვევაა და ამ პრობლემის გამო მოსახლეობა ზარალდება.
რეფერენტული საბითუმო ფასის დათვლის მეთოდოლოგიის მუხლს ახალი პუნქტები დაემატა, რომლის მიხედვითაც, მაღალი საზოგადოებრივი ან/და სახელმწიფოებრივი ინტერესის მქონე ფარმაცევტულ პროდუქტებზე საბითუმო რეფერენტული ფასი განისაზღვრება აღნიშნული პროდუქტის საიმპორტო ფასზე რეგრესული საბითუმო ფასნამატის დარიცხვით:
აღიარებითი რეჟიმით პროაქტიულად რეგისტრირებულ მედიკამენტებზე შემდეგი წესით:
თუ საიმპორტო ფასი 10 ლარამდეა – მას ემატება 20% საბითუმო ფასნამატი; 10-იდან 20 ლარის შემთხვევაში - 17%, ხოლო თუ საიმპორტო ფასი 20-დან 30 ლარამდეა 15% საბითუმო ფასნამატი ემატება. 30-დან 50 ლარის საიმპორტო ფასის შემთხვევაში საბითუმო ფასნამატი 13%-ია. 50 ლარი ან მეტი შემთხვევაში, პროდუქციას 10% საბითუმო ფასნამატი დაემატება;
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტების შემთხვევაში, მაგალითად, თუკი საიმპორტო ფასი 20 ლარამდეა, მას დაემატება მაქსიმუმ 40% საბითუმო ფასნამატი; ხოლო 20-დან 50 ლარამდე საიმპორტო ფასს 35% საბითუმო ფასნამატი შეეხება. 50 ლარის ან მეტის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 30%-ით განისაზღვრა.
რეფერენტულ წამლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა მარინა ბერაძემ შეაფასა. მისი აზრით, პარალელურად უნდა განხორციელდეს მკაცრი მონიტორინგი და ჩატარდეს სხვადასხვა კვლევა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც დეფიციტურ წამლებთან მიმართებაშია.
,,რამ განაპირობა ცვლილება კანონმდებლობაში, ამაზე ძალიან ვრცელი განმარტება უნდა გაკეთდეს, რადგან ფასებთან დაკავშირებით უკმაყოფილება აშკარად იზრდება. ეს სფერო არის მკაცრად გასაკონტროლებელი. ფარმაცევტული კომპანიები მუდმივად ახერხებენ თავიანთი ინტერესების გატარებას და ეს არ არის ნორმალური მოვლენა. ყველა ქვეყანას აქვს თავისი საფასო პოლიტიკა განსაზღვრული, საცალო და საბითუმო ფასიც როგორიც უნდა იყოს, კომპანიები თვითონ წყვეტენ. ადრე საბითუმო იყო 5%, მაგრამ ამ სტანდარტს არავინ იცავდა.
ზოგადად იმპორტის გაძვირება არის ძალიან ნეგატიური ფაქტი, თან წამლების დეფიციტიც გაჩნდა, განსაკუთრებით უფრო მეტად მოხმარებად წამლებზე. ეს დეფიციტი რამ წარმოქმნა, ამასაც სჭირდება კვლევა.
რეგულაციებიდან გამომდინარე, ფასები აუცილებლად უნდა დაწეულიყო და პრობლემის მოგვარება დაწყებულიყო. ახალი დადგენილება რას შეცვლის და მოჰყვება თუ არა მას წამლების გაიაფება, მომავალში გამოჩნდება. ფარმაცევტულ ბაზარს სხვანაირი მართვა უნდა, თავისუფალი ბაზრის პრინციპი იქ გამორიცხულია", - აღნიშნა მარინა ბერაძემ და დასძინა, რომ რეგულაცია უნდა იყოს მკაცრი და პარალელური მუშაობაც უნდა მიმდინარეობდეს ნებისმიერი პროცესის საპასუხოდ, როცა რეგულაცია ტარდება.
,,კვლევა არის აუცილებელი. მე, მაგალითად, არ მაქვს ინფორმაცია, რის საფუძველზე შევიდა ესა თუ ის ცვლილება. ვარაუდებით ვლაპარაკობთ, რასაც ვაკვირდებით, ექსპერტული ანალიზით, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს სერიოზული კვლევა, უამრავი თანხა იხარჯება და უნდა შეიკრიბონ ადამიანები, რომლებიც ობიექტურად შეაფასებენ სიტუაციას", - განაცხადა ბერაძემ.
კანონში ცვლილებებს მიესალმება ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი აკაკი ზოიძე, თუმცა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მეტი ეფექტურობისთვის, აუცილებელია გადაწყვეტილებების აღსრულება. საჭიროა კონტროლი და კვლევა, რომლითაც ამ ნაბიჯების ეფექტიანობა შეფასდება.
,,რეფერენტული ფასების თაობაზე სერიოზული კვლევა, რომელიც მის ეფექტიანობას შეაფასებდა, არ გვინახავს, ამ მიმართულებით სიახლე ჯერ არაფერია. პროგრამა რეალურად მუშაობს. მას გარკვეული ეფექტი ჰქონდა და რამდენიმე მიმართულებით ფასი შეამცირა. ასევე, თურქული მედიკამენტების ბაზარის გაიხსნამ, გარკვეული შეღავათი მოგვცა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი მუდმივი არაა. საჭიროა მუდმივი ეფექტი გვქონდეს. მუშაობა უნდა იყოს იმ კუთხით, რომ კონკურენცია მაღალი იყოს, ხოლო იმ პოზიციებზე, სადაც კონკურენცია შეუძლებელია და კომპანიებს აწესებენ არაბუნებრივად მაღალი ფასნამატს, ამ დროს რეფერენტული ზღვრის მეშვეობით უნდა მოხდეს რეგულირება.
ასევე, სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე საჭიროა სხვაგვარი მიდგომა. სასურველია იყოს სახელმწიფო სუბსიდირება - უფასოდ ან ძალიან ხელმისაწვდომ ფასში გადაცემა. ვგულისხმობ ისეთ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, რომლებსაც აწუხებს ჰიპერტონია, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და ა.შ. სასურველია ამ კუთხით არსებული მედიკამენტების ჩამონათვალი კიდევ უფრო გაფართოვდეს.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ წლიური ლიმიტების მოხსნა კარგია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი სიმკაცრე და ზომებია მისაღები, რომ ელექტრონული რეცეპტურა დამკვიდრდეს. გამკაცრდეს მეთვალყურეობა, რომ წამლების ზედმეტი გამოწერა მინიმუმამდე დავიდეს", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აკაკი ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 1-ლი იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა, ხოლო სისტემა 15 თებერვლიდან ამოქმედდა.
შესაბამისად, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებულია, სარეალიზაციო მაქსიმალური ზედა ზღვარი რეფერენტული ფასის მიხედვით დაადგინოს.