
საუნივერსიტეტო ქალაქების მოწყობა დეცენტრალიზაციის მიმართულებით ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რაზეც განათლების სექტორი დიდ იმედს ამყარებს. გარდა იმისა, რომ სტუდენტები შეღავათიან ფასად იცხოვრებენ, მთავრობის გადაწყვეტილება რეგიონული ცენტრების გამოცოცხლებას და დედაქალაქის განტვირთვას შეუწყობს ხელს.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საუნივესრიტეტო ქალაქების მშენებლობა დედაქალაქიდან სტუდენტების გასვლას გამოიწვევს, რაც მნიშვნელოვანია. ექსპერტების ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ამით თბილისში მდებარე კერძო უნივერსიტეტებმა ისარგებლონ და ტარიფები გაზარდონ, ამიტომ მთავრობას ამ მიმართულებით ყურადღების გამახვილებას ურჩევენ.
მოსალოდნელ ცვლილებას დადებითად ხვდება სამშენებლო ბიზნესიც, თუმცა სანამ პროპექტის დეტალები არ დაზუსტდება, დარგის წარმომადგენლები შეფასებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
რაც შეეხება პროექტს, ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ ქუთაისში და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა.
ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის, ფონდი დაიწყებს დეტალური საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, სამშენებლო სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის პროცესს, რაც ორივე ტერიტორიაზე სრულფასოვანი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში შეიქმნება თანამედროვე, რეგიონულად განაწილებული საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც სტუდენტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, კვლევით შესაძლებლობებს და სრულფასოვან სტუდენტურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.
ახალი საუნივერსიტეტო კამპუსები მოემსახურება დამატებით 20 ათას სტუდენტს ქუთაისში, რუსთავი კი შეძლებს 40 ათასი სტუდენტის მიღებას.
არქიტექტორი, მენაშენეთა სოციაციის დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას საუნივერსიტეტო ქალაქის მსენებლობასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს, თუმცა პროექტის ავკარგიანობაზე ვერ იმსჯელებს, სანამ დეტალები არ დაზუსტდება.
,,კარგია, როცა რამე შენდება. ინტერესი ამ შემთხვევაში დიდია, მაგრამ პროექტი მომგებიანია თუ წამგებიანი, ცოტა მოგვიანებით გამოიკვეთება. თვითონ იდეა კარგია, მაგრამ ბევრი რამ ცნობილი არ არის, ამიტომ რთულია, წინასწარ ითქვას, თუ რა ინტერესს გამოავლენენ სამშენებლო კომპანიები, პროექტზეა დამოკიდებული, რა შეთავაზება იქნება ბიზნესისთვის. ჯერჯერობით მხოლოდ სურვილის დონეზეა, რომ გაკეთდება საუნივერსიტეტო ქალაქი. მე როგორც მშენებლს, რამე რომ კეთდება, მიხარია და მომწონს, მაგრამ უნდა ვიცოდე რა პირობები ექნება სახელმწიფოს, რაზე შეიძლება შევთანხმდეთ და ა.შ." - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" როსტომაშვილმა.
რაც შეეხება პროექტის იდეას, განათლების სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება დასავლური გამოცდილების გაზიარება. განათლების სფეროს ექსპერტ მუხრან გულიაშვილის შეფასებით, პროგრამის ამოქმედება დედაქალაქიდან სტუდენტების გასვლას შეუწყობს ხელს, ამასთან, განვითარდება ტექნიკური პროფესიები, რა მხრივაც დღესდღეობით კადრების სიმცირეა.
,,ცოტა რთულია შეფასება იმ ფონზე, როცა ბოლომდე არ არის გარკვეული პროექტის დეტალები და უცნობია, როგორ აპირებენ მის განხორციელებას. რამდენადაც ითქვა, 40 000 სტუდენტზე გაკეთდება გათვლა ყოველწლიურად. მნიშვნელოვანია, რომ თბილისდან სტუდენტები გავლენ, მაგრამ ეს ყველაფერი პრაქტიკაში როგორ განხორციელდება, ვნახავთ.
თბილისში სტუდენტების შემცირების იდეა არ არის ცუდი და უფრო თუ ტექნიკურ სპეციალობებს მიაქცევენ ყურადღება, როგორიცაა ინჟინერია, კომპიუტერული სპეციალობაები და სხვა, ეს მთლად უკეთესი. ამ მხრივ ფაკულტეტების სიმცირეცაა, არ არის ბევრი უნივერსიტეტი, რომელიც ამ პროფილის სპეციალისტებს მოამზადებს", - აღნიშნა გულიაშვილმა და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული, კერძო უნივერსიტეტებმა ისარგებლონ და გადასახადები გაზარდონ, რაც არ იქნება სწორი გადაწყვეტილება და მთავრობას ამ კუთხით გარკვეული ზომების მიღება მოუწევს.
,,ვფიქრობ, რომ კერძო უნივერსიტეტები გაზრდიან ფასებს, რაც ძალიან ცუდია, რადგან ისინი თუ თბილისში დარჩებიან, აუცილებლად ისარგებლებენ მომენტით და საფასო პოლიტიკას გადახედავენ. რეფორმა კერძო უნივერსიტეტებსაც უნდა შეეხოს, ამდენი კერძო უნივერსიტეტი ნამდვილად არ არის საჭირო, ამასაც უნდა მიექცეს ყურადღება.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების გამოცდილებას, პოლონეთის მაგალითი ამ მხრივ საინტერესოა, რადგან უნივერსიტეტები ქალაქიდან მოშორებულია, რამდენიმე კომპლექსური შენობაა პოზნანში, ფაქტობრივად, ეს არის ქალაქი ქალაქში, სადაც ძალიან კარგი სივრცეა და სატრანსპორტო სისტემაც კარგად მუშაობს. ასევე გერმანიაში, სადაც ტექნოლოგიური მიმართულება მაღალ დონეზეა განვითარებული და სწავლობენ იმას, რაც ზუსტად სჭირდებათ.
სჯობს დასავლური სტანდარტი ავიღოთ. ჩინეთშიც კი უნივერსიტეტები დასავლურ ყაიდაზეა მოწყობილი, მაგრამ ყველა ცდილობს ადგილობრივ ბაზარს მოერგოს, ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია", - აღნიშნა მუხრან გულიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება 800 მილიონი ლარია, ხოლო საუნივერსიტეტო ქალაქების არეალში მოქცეული უძრავი ქონებების შეფასებისა და მათი გამოსყიდვის სავარაუდო ღირებულება - 210 მილიონი ლარი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის პროექტირება, მშენებლობა და ზედამხედველობა, განხორციელდება 2026–2032 წლებში.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქები შექმნის ახალ, ხარისხიან სივრცეებს ათიათასობით სტუდენტისთვის და განავითარებს რეგიონების პოტენციალს.