
დაახლოებითი რიცხვები არსებობს, რა შეიძლება იყოს უკანონო მიგრანტების რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ტემპი იყოს მაღალი, რათა 2-3 წელიწადში სრულად მოხდეს უკანონო მიგრაციის პრობლემის აღმოფხვრა საქართველოში, - განუცხადა ჟურნალისტებს ინდოეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საემიგრაციო პოლიტიკაზე საუბრისას.
მან კომენტარი შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ არალეგალ მიგრანტთა დაკავების სტატისტიკაზე გააკეთა. მისივე თქმით, პარლამენტის მიერ კანონმდებლობის მხრივ მხარდაჭერილია ქვეყანაში მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა.
„უკანონო მიგრაცია საქართველოში უნდა შეჩერდეს. სამწუხაროდ, დღეს ეს მსოფლიოსთვისაა გამოწვევა. ვხედავთ, სხვადასხვა ქვეყანაში ბრძოლას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ და შესაბამისად, იმ საკანონმდებლო შესაძლებლობებით, რომელიც პარლამენტმა შექმნა, შსს-ს აქვს შესაძლებლობა, რომ სწრაფი ეფექტიანი იყოს გადაწყვეტილება უკანონო მიგრანტების დეპორტაციასთან დაკავშირებით. ასე, რომ მისასალმებელია ეს ტენდენცია. დაახლოებითი რიცხვები არსებობს, რომ რა შეიძლება იყოს უკანონო მიგრანტების რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ტემპი იყოს მაღალი, რათა 2-3 წელიწადში სრულად მოხდეს უკანონო მიგრაციის პრობლემის აღმოფხვრა საქართველოში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.