მარიამ ვეკუა
01.12.2025

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე ელისაშვილმა აღიარა ფაქტები, მაგრამ არა დანაშაული, პოლიტიკოსის ქმედებები ოპოზიციასა და თანაგუნდელებშიც კრიტიკის საგნად იქცა, ხოლო ხელისუფლება აცხადებს, რომ ექსტრემიზმის წახალისება ყოველთვის შესაბამისი რეაქციით ისჯება.

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსს, „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

1 დეკემბრის პროცესზე დაკავებული პოლიტიკოსის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.პროკურატურა ელისაშვილისთვის ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე კი მისი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ელისაშვილი პროტესტის ნიშნად მოსამართლის შემოსვლისას ფეხზე არ ადგა, „ფეხზე ადგომა ნიშნავს პატივისცემას, პატივისცემას გამომუშავება უნდა", - მიმართა მან მოსამართლეს. აღნიშნული რეპლიკის შემდეგ სხდომა დაიწყო.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა და მისი გადაწვა სცადა.

„აღიარება ხელისგულზე"

ალეკო ელისაშვილზე დეტალურად ისაუბრა თუ როგორ მივიდა კანცელარიის შენობამდ.

„მე იქ მივედი უთენია, უზარმაზარი გზა გავიარე, ეს იყო წინასწარი გადაწყვეტილება, ყველაფერი ვიყიდე და მოვამზადე, ჩემს ცოლ-შვილს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი. ვეღარ ვუძლებდი ამ უსამართლობის ყურებას, როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით მანდატურები, მე თვითონ ვნახე ერთი პოლიციელი, როგორ სიამოვნებდა სისხლი რომ მდიოდა...

ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. არასდროს შემიღწევია არავის შენობაში, ერთი საათი ვამტვრევდი შუშებს, დავიტანჯე, ერთი საათი დავაკვდი, ოპერატიულად რომ მემოქმედა, აუცილებლად მივაღწევდი მიზანს.

ტანსაცმლის შიგნით მქონდა „დაუტენავი" იარაღი, ვინმეზე თავდასხმა რომ მდომებოდა, ცოცხალი არავინ დარჩებოდა. ჩემებს მინდა ბოდიში ვუთხრა [ტირილს ვერ იკავებს]... მოსამართლევ, ცრემლი არ არის, ბრაზია და ბოღმა, არ გეგონოთ რომ სუსტი ვარ..."-განაცხადა ელისაშვილმა.

მან დეტალურად ისაუბრა, თუ რატომ მიიღო სასამართლოს გადაწვის გადაწყვეტილება.

„გეტყვით, რამ დამარტყა და რამ მიკბინა, რა მოხდა და რატომ ვარ აქ. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რომელიც ქვეყანაშიც არის და რომლის განმახორციელებელი სტრუქტურაც ხართ თქვენ.

ელისაშვილმა ბოდიში მოუხადა გუნდელებსაც.„ირაკლი [კუპრაძე] ბოდიში, თუ თვლი, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიში. მაგრად მეამაყება..."

აქვე, პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის თქმით, ქიმიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნივთიერება, რომელიც ელისაშვილმა გამოიყენა, ადვილად აალებადია. პროკურორის თქმით, ის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ცდილობდა და მანდატურების მიმართულებით .

ელისაშვილის, ადვოკატ გიორგი რეხვიაშვილის განმარტებით, ტერორიზმის ბრალდება არაპროპორციულია.მისივე თქმითვე, ელისაშვილს მოსახლეობის დაშინება არ ჰქონია მიზნად, პირიქით, შაბათი დღე და არასამუშაო საათები განზრახ აირჩია, რაც ადამიანების დაზიანების თავიდან აცილების საფუძველი იყო.

„არაადეკვატური საქციელია პოლიტიკოსისთვის"

ოპოზიცინერები უკვე დაკავებულ ელისაშვილს საქციელს უწუნებენ, მისი თანაგუნდელებიც ამბობენ, რომ ელისაშვილის საქციელი მათთვის მიუღებელია. ერთი სიტყვით, უკვე დაკავებულ ელისაშვილს თანამებრძოლებისგან ბევრი შეგონება, კრიტიკა, რჩევა თუ უკმაყოფილება დაუგროვდა.

„სახელმწიფო, ასევე კერძო შენობებისთვის ცეცხლის წაკიდება და საერთოდ ცეცხლის გაჩენა არ მგონია, რომ სწორი და ადეკვატური საქციელია პოლიტიკოსისთვის. უნდა გავიხსენოთ, რომ ალეკო ელისაშვილი, მისი პოლიტიკური პარტია, ერთი თვის წინ, ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას, ვინც არჩევნებში არ მონაწილეობდა, რადიკალებს უწოდებდნენ. ამ მიმართებებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით გასაკვირია ის საქციელი, რომელიც ჩვენ ვნახეთ

ის ნარატივი, რომ ევროკავშირი არის ომის პარტია, იქნა გაძლიერებული ალეკო ელისაშვილის ამ მოქმედებით."- კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა

„გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი, გიგა ფარულავა ამბობს, რომ ასეთი დანაშაულებები მხოლოდ „ოცნებისთვისაა" ხელსაყრელი.

„მსგავსი ტიპის დანაშაულები - სასამართლოს დაწვის მცდელობა, პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა, პროვოკაციული და რევოლუციური სცენარები, რომელიც 4 ოქტომბერს იყო და რომლის შედეგებიც დღეს ნათელია, ხელსაყრელია „ოცნების" პროპაგანდისთვის და ამავდროულად, ახარებს ჩვენს მტერს, - ასე აფასებს „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი, გიგა ფარულავა კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილისთვის წარდგენილ ბრალს."

ოპოზიციონერების მეორე ნაწილი ამბობს,რომ წაქცეულს წიხლი არ სჭირდება.

„მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს. გასაჭირში ჩავარდნილ კაცს და მის ოჯახს, შვილებს დამატებით წიხლის მიყოლება არ სჭირდებათ"-დაწერა ენმ-დან ლევან სანიკიძემ.

„გარემოა შექმნილი, სადაც ექსტრემიზმი ფასდება"

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ძალადობის წახალისებას ყოველთვის შესაბამისი ქმედება მოჰყვება.

"არ ვიცი, რა ვთქვა. ერთია განცხადებები, მეორეა - კონკრეტული ქმედებები. ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ქმედებებით ახალისებენ ძალადობას. არ მახსოვს, საჯაროდ დაეგმოთ ძალადობა, პირიქით, ხდებოდა წახალისება და ამას საზოგადოებაში მოჰყვებოდა კრიტიკა. როდესაც ახალისებ ძალადობას, იღებ იმ შედეგებს, რასაც, ამ შემთხვევაში, ელისაშვილი იღებს. როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ მის ქმედებებზე, წარმოუდგენელია, რაც მან გააკეთა", - განაცხადა კახა კალაძემ.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკის თქმით, ექსტრემიზმის გარკვეული სახეობები არსებობს, რომელშიც ალეკო ელისაშვილმა არაერთხელ სცადა თავის გამოჩენა".

ვერაფრით ვერ გამოიჩინა თავი, მაგრამ გარემოა შექმნილი, სადაც ექსტრემიზმი ფასდება და ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ მიმართულებით ჩაუდგეს სათავეში და ამ ექსტრემისტული მოძრაობის წინა პლანზე გავიდეს. სხვა ახსნა არ აქვს. რასაკვირველია, ამას ყოველთვის გამოიყენებს დაინტერესებული მხარე, ფულსაც გადაიხდის და საკმაოდ სერიოზული მუშაობა ტარდება იმისთვის, რომ ექსტრემიზმი, ტერორიზმიც პირდაპირ ასწავლონ. მთლიანად არაჯანსაღი გარემოა შექმნილი, როდესაც საქართველოზე შეტევას გეგმავენ და ამ გარემოში ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, რომ თავი გამოიჩინოს ყველაზე მეტად ექსტრემალურ სიტუაციაში, რასაც რეალურად, ტერორიზმი ჰქვია სხვადასხვა ნიშნებიდან გამომდინარე, რომელიც კანონშია ჩამოთვლილი", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×