
მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთში მუშაობის ნებრათვის გამარტივებული პროცედურები უქმდება. ინფორმაციას ქვეყნის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრო ავრცელებს. ბრძანების მიხედვით, რომელიც 25 ნოემბერს გამოიცა, ამიერიდან პოლონეთში დასაქმებისთვის მუშაობის უფლების მისაღებად, ქართველებს სტანდარტული პროცედურების გავლა მოუწევთ.
აქამდე საჭირო იყო მხოლოდ დამსაქმებლის მიერ სპეციალური დეკლარაციის შევსება და მისი ელექტრონულად გაგზავნა შრომის სამინისტროში.
ბრძანების მიხედვით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად გამარტივებული ნებართვით სარგებლობენ, საშუალება ექნებათ ის ვადის ამოწურვამდე გამოიყენონ. თითოეული ნებართვის მაქსიმალური ვადა 2 წელია.
სამინისტროს ინფორმაციით, გამარტივებული წესები გავრცელდება შემდეგი ქვეყნების: სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებზე. საქართველო სიიდან უკვე ამოღებულია.