
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდნენ. ევროკავშირის ელჩს დღემდე ერთი სიტყვა არ უთქვამს, როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები პოლიციის წინააღმდეგ აირწინაღებით დარბოდნენ, ერთი სიტყვით არ დაუგმია, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ძალადობრივი პროტესტი ქართული კულტურის ნაწილად არ იქცევა.
„დღეს გამოდის ევროკომისარი და ამბობს, რომ ამ მოძალადეებს კიდევ ფული უნდა დავუმატოთო, რაც შეიძლება ბევრი ფული, რომ ასეთი ძალადობა განმეორდეს. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ძალადობა ქართული კულტურის ნაწილად აქციონ. ყველამ დაიტოვოს ეს ძალადობა ბერლინში, პარიზში - თავის დედაქალაქებში. ქართული კულტურის ნაწილად ძალადობრივი პროტესტი არ იქცევა. ეს არის ის ევროპა, რომელიც ზოგიერთს უნდა, რომ შემოიტანოს - თავისთვის დაიტოვონ კარგი რაღაცები და ჩვენ ასეთი ევროპა შემოგვასაღონ: პოლიციელზე ძალადობა, პარლამენტის შენობაზე შტურმი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.