რეზონანსი
27.11.2025

საფრანგეთში ახალგაზრდების ახალი ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური 2026 წლის მეორე ნახევრისთვის ამოქმედდება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განმარტებით, ეს დაეხმარება ქვეყანას, მსოფლიო არენაზე მზარდ საფრთხეებზე რეაგირებაში.

„საფრანგეთი ვერ დარჩება უმოქმედოდ", - აღნიშნა მაკრონმა ფრანგ სამხედროებთან შეხვედრისას

მაკრონის განცხადებით, ახალი გეგმა შთაგონებულია ევროპელი პარტნიორების პრაქტიკით. მისივე თქმით, მოხალისეობრივი სქემა ღია იქნება 18 და 19 წლის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ამისთვის ანაზღაურებას მიიღებენ. ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური 10 თვეს გაგრძელდება. არსებული ინფორმაციით, ინიციატივა სახელმწიფოს ორი მილიარდი ევრო დაუჯდება.

გეგმის თანახმად, სამხედრო სამსახურში 2026 წელს 3 ათასი ადამიანი ჩაერთვება. ისინი სამსახურს მხოლოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე გაივლიან. 2030 წლისთვის ეს რიცხვი 10 ათასამდე გაიზრდება.

„ჩემი ამბიციაა, ცვალებადი საფრთხეების მიხედვით, 2035 წლისთვის 50 000 ახალგაზრდას მივაღწიოთ", - აღნიშნა მაკრონმა.

პრეზიდენტის განცხადებით, სამსახურის გავლის შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ გააგრძელონ სამოქალაქო ცხოვრება, გახდნენ რეზერვისტი ან გააგრძელონ მსახურება შეიარაღებულ ძალებში.

ემანუელ მაკრონმა სწორი უწოდა ყოფილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას 1996 წელს.

"ჩვენ ვერ დავუბრუნდებით გაწვევას. ჰიბრიდული არმიის მოდელი პასუხობს ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებს და რისკებს", - აღნიშნა მაკრონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×