რეზონანსი
27.11.2025

"მიცვალებული ორჯერ არ კვდება, მე სოხუმში დავიმარხე, მაგრამ ვაგრძელებ სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარულისა და სიკეთისთვის" - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ბათუმელმა მედროშემ, ზურა ჭავჭანიძემ.

ბრალდებულმა მხატვარმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში თქვა, რომ ცხოვრება ორჯერ აქვს ნულიდან დაწყებული და ახლაც ყოველდღიურად, სიკვდილს და სიცოცხლეს შორის გადის, რადგან ციხეში მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

ზურა ჭავჭანიძემ პროცესზე განაცხადა, რომ ნატრულობდა, სოხუმიდან ჩამოტანილი ეროვნული დროშა ქუჩაში საბრძოლველად არასოდეს გამოეტანა - "მაგრამ მოუწია".

დაასასრულს კი, ბრალდებულმა მხატვარმა სასამართლოს ასეთი სიტყვებით მიმართა - "გამარჯვებულები შურს არ იძიებენ, არსად და არასდროს“.

„ჩემი ყოველი ამოსუნთქვა, ჩემი ყოველი ნაბიჯი, ყოველი სიტყვა, ყოველი აზრი არის ამ პირობებიდან განპირობებული, რასაც მედავებით, გულწრფელად გეუბნებით, აქედანაა გამომდინარე.

მე ვარ სოხუმელი. სოხუმში 15 ვაჟკაცი დავკარგე, ახალგაზრდა ბავშვები 19-25 წლის. მე რომ გამოვდივარ, მათი სულები არ მაძლევენ საშუალებას, რომ გავჩერდე. მათ თავი რუსეთთან ბრძოლას შესწირეს. ხილვასავით მქონდა, რას ნიშნავს რუსული მმართველობა და ეს უნდა იცოდეს საქართველოში ყველა ადამიანმა. პირველი ფაქტი - რუსული მმართველობის ქვეშ მილიონამდე ქართველი მოკლეს, მეორე ფაქტი - რუსი მმართველების ყველაზე დიდი ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე. მესამე და ყველანაირად გამაოგნებელი ფაქტი - კავკასიაში მეოცე საუკუნეში არსებობდა ორი ერი - აბაზები და უბიხები, რომლებიც მთლიანად გააქრეს. დღეს ეს ერები აღარ არსებობენ და ჩემთვის ყველაზე მტკივნეული - სოჭი, ასი წელიც არაა გასული, რაც საქართველომ... დღეს სოჭი რა დღეშიცაა, ზუსტად იმით გვემუქრებიან, ასე გვიპირებენ. დღეს უკვე ჩაყრილია საფუძველი იმის, რომ ზუსტად გადაშენებით და გადაჯიშებით გვემუქრებიან. ეს მანქანა უკვე ამუშავებულია.

მე მედროშეს მეძახიან. ვნატრულობდი, რომ ჩემი სოხუმიდან ჩამოტანილი ეროვნული დროშა არ გამომეტანა არასდროს. მომიწია. მე ის პიროვნება ვარ, დროშამოცმული ზურგზე, ევროკავშირისა და საქართველოს დროშით ხელში, მედროშეს მეძახიან. კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, დედამიწის ზურგზე ვერც ერთი ადამიანი ვერ ამიხსნის ლოგიკურად და აზრობრივად, მე ცოცხალი როგორ ვარ დარჩენილი. ღმერთმა რაღაც სასწაული მოახდინა და იმ დღიდან ჩემი ერთადერთი საფიქრალი და საზრუნავი... ორჯერ მაქვს 0-დან დაწყებული ცხოვრება. ჩემი ერთადერთი საფიქრალი იყო სიყვარული, სიკეთე, პატიოსნება და კანონმორჩილება. უამრავ სამართალდამცავთან მაქვს კავშირი. ციხის უფროსობას ერთი 5-ჯერ გადავეცი მადლობა ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოდან 50 მეტრში დაწერილი მაქვს მთელ კედელზე: „ღმერთი სიყვარულია, გიყვარდეთ“. წინა სხდომაზე განვაცხადე, რომ მე ვარ სიყვარულის დესპანი. მე მართლა მიყვარს ყოველი. ჩემი სამშობლოს გულობიზა ვდგავარ.

ყოველდღე გავდივარ სიკვდილს და სიცოცხლეს შორის, მე მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული. ზუსტად ასეთ დღეში ვართ ახლა საქართველოში. ჩვენგან დამოუკიდებლად. მე ვცხოვრობდი საბჭოთა კავშირში და მახსოვს ძალიან კარგად, რომ ყოველი ადამიანი იყო საბჭოთა მოქალაქე, ჰომო სოვიეტიკუსები ვიყავით. [...] ყოველი ჩემი საქციელი არის მხოლოდ სიყვარულით ნაკარნახევი, მხოლოდ სიკეთით ნაკარნახევი... მიცვალებული ორჯერ არ კვდება, მე სოხუმში დავიმარხე, მაგრამ ვაგრძელებ სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარულისა და სიკეთისთვის. პოემა მაქვს სიყვარულზე დაწერილი და ერთ სტრიქონს გეტყვით: მე მოსისხლე მტერიც მიყვარს და თუ მიყვარს, მართლა მიყვარს, უთქვამს როდესაც ქართველ იმ პოეტს, ალბათ, ჩემზეა ეს ნათქვამი, რადგან მეც მიყვარს მოსისხლე მტერი. მიყვარს მთელი სამყარო. ჩემი ცხოვრების ერთადერთი აზრი იყო სიყვარული, სიკეთე, ბედნიერ საქართველოში ცხოვრება. თუკი ახლა სასამართლოში ვდგავარ, დიდი ბოდიში, მაგრამ ვიტყვი, რომ, ფაქტობრივად სიყვარულსა და პატიოსნებას აპატიმრებთ. იმიტომ, რომ მე სხვანაირად არ შემიძლია. კიდევ ერთ რამეს ვიტყვი - გამარჯვებულები შურს არ იძიებენ, არსად და არასდროს“. - განაცხადა ჭავჭანიძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×