
ტრაგედია დატრიალდა ყოფილი დეპუტატის თამაზ ნავერიანის ოჯახში. მისი ახალგაზრდა ვაჟი გარდაცვლილი იპოვეს. 17 წლის გიორგი ნავერიანი დამწყები მსახიობი იყო. როგორც ახლობლები გვიყვებიან, გიორგი ნავერიანი თამაზ ნავერიანის მეოთხე ვაჟი იყო. გიორგი 21 იანვარს ხდებოდა 18 წლის. აბიტურიენტი იყო. პარალელურად მონაწილეობდა სპექტაკლებში, მათ შორის სპექტაკლ "ლუშნუში", რომელიც მესტიაში დაიდგა.
სწორედ მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ავრცელებს სამძიმრის წერილს:
"მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სპექტაკლის "ლუშნუს" მონაწილეს გიორგი ნავერიანის გარდაცვალების გამო.გიორგი იყო სიცოცხლით, პოზიტივითა და კეთილი ენერგიით აღსავსე ახალგაზრდა, რომელიც თავისი არსებობით მუდამ ახარებდა მის გვერდით მყოფ ადამიანებს... ვუსამძიმრებთ, პირველ რიგში, ოჯახს, ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს და ყველას. ღმერთმა გაგაძლიეროთ, სიტყვებიც კი ზედმეტია მწუხარების გადმოსაცემად.გიორგი, ყველას ძალიან დაგვაკლდები" - წერია წერილში.
მარნეულის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის, წევრი იყო, "ქართული ოცნების" კვოტით (2016-2020). მას გიორგის გარდა სამი გოგონა ჰყავს. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ოჯახის ახლობლებს ახალგაზრდაზე წარსულში საუბარი უჭირთ.
"მთელი სვანეთი ტირის. გიორგი იყო ხალისიანი, პოზიტიური, გულიანი, ძალიან კეთილი ახალგაზრდა, რაინდული თვისებების მქონე. მეგობრული. კითხულობდა მხატვრულ ლიტერატურას, მესაუბრებოდა წიგნებზე. თამაშობდა სცენაზე. ვარჯიშობდა ყოველდღე. ამბობდა, მულახში მამაპაპისეულ კოშკს აღვადგენ და სამუზეუმო სივრცედ ვაქცევო. რა უნდა ვთქვა, არც ვიცი. ვინ შეძლებს მშობლების ტკივილის გადმოცემას, მხოლოდ ის შეგვიძლია, გვერდით ვიყოთ და ვუთხრათ: აქ ვართ.. გვერდით. თვითონ თამაზს ძალიან კარგი ოჯახი ჰყავს, ბრწყინვალე მეუღლე, არაჩვეულებრივი გოგონები. იტალიაში დაამთავრა ახლა მისმა ერთ-ერთმა შვილმა მაგისტრატურა, სადაც თავად ჩააბარა გრანტით. ყველას სიკეთის ხელს უწვდიან, ქველმოქმედები არიან, მორწმუნე ოჯახი. რა თქმა უნდა, ყველა ვგლოვობთ" - განუცხადა "ამბებს" ნავერიანების ოჯახის ახლობელმა.
წყარო: ambebi.ge