
პარლამენტთან შიმშილობას ამ დროისთვის 6 პირი განაგრძობს. სამმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, შიმშილობის აქცია შეწყვიტა.
მოშიმშილეებს შორისაა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, გედევან ფოფხაძე, რომლის მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოცხადებიდან დღეს 31-ე დღეა.
„ვიღაცები გამოგვაკლდნენ, ვიღაცები მოგვემატნენ. რაღაც ცვლილებები, ამ 31 დღის განმავლობაში, იყო. ოთხი ვართ, ვინც თავიდან დავიწყეთ შიმშილობა - დათო ჭელიძე, დარეჯან ცხვიტარია, მე და ვახო მაჭავარიანი. ორი ადამიანი ახალი შემომატებულია - ბადრი და როინი. სხვებმა, დროთა განმავლობაში, თავი შეუძლოდ იგრძნეს, ვერ შეძლეს პროტესტის ფორმის ხანგრძლივად გაგრძელება და გამოგვაკლდნენ. ახლა ვართ ექვსი.
ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მხრივ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა გვაქვს. ჩვენი მეგობარი ექიმები ჩვენზე ზრუნავენ, გვაკონტროლებენ. ანზორ მელიაც იყო, გარკვეული კვლევები ჩაგვიტარა. შესაბამისად, მაგ მხრივ უყურადღებოდ არ ვართ და თავს ვგრძნობთ ნორმალურად.
ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ზოგადად, საპროტესტო მოძრაობა, რომელიც საქართველოშია, უნდა ჩაახშონ, გაგუდონ და გაანადგურონ. ისინი ქვეყანაში რუსული დიქტატურის დამყარებას აპირებენ. არანაირი პროტესტი, რა ფორმისაც არ უნდა იყოს, მათთვის ღირებული არ არის.
ჩვენ ვიყენებთ პროტესტის იმ ფორმას, რაც ეროვნული მოძრაობის იარაღი იყო და მაშინ ხელისუფლებამ ყურადღება ტანკების გაგზავნით გამოხატა. არ მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხის პროტესტი შეიძლება ვინმემ გაანადგუროს. ეს პროტესტი იქნება და ადრე თუ გვიან, გამარჯვებით დამთავრდება. ქართველი ხალხი მოიპოვებს გამარჯვებას“,- განაცხადა ფოფხაძემ.
რაც შეეხება იმას, ინტერესდებიან თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით, პოლიტიკოსის თქმით, „არ ჰგონია ხელისუფლების დღის წესრიგში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესება იდგეს“.
„ვის რაში ადარდებს ჩვენი ჯანმრთელობა“,- დასძინა ფოფხაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „პროტესტის ეს ფორმა აირჩიეს არა მოშიმშილეებმა, არამედ აარჩევინა იმ რეპრესიულმა სისტემამ, რაც ივანიშვილმა საქართველოში შექმნა“.
„ერთი წლის განმავლობაში, ქართველმა ხალხმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ ის არ შეეგუება არც რუსული დიქტატურის გაფორმებას და არც დე-ფაქტო ხელისუფლების მცდელობას, თავზე მოახვიონ გაყალბებული არჩევნები თუ ის დრაკონული კანონები, რომლებიც არჩევნების შემდგომ იყო მიღებული დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან. 28 ნოემბერიც უნდა იყოს დღე, როდესაც ყველა ერთად შევიკრიბებით და მსოფლიო საზოგადოებას, ერთმანეთს, დე-ფაქტო რეჟიმს დავანახებთ, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ იმ რეალობას, რომელსაც თავზე გვახვევენ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა ფოფხაძემ.
კიდევ ერთი მოშიმშილის, დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით კი, „არ აქვთ უფლება, არ იბრძოლონ“.
„რაღაც დარღვევები გვაქვს [ჯანმრთელობის მხრივ], 31-ე დღეა, მაგრამ ამას ჩვენ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ იმიტომ, რომ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილების მომავალი. ისტორიულ წარსულში გვაბრუნებს ეს ხელისუფლება. არ გვაქვს უფლება, რომ არ ვიბრძოლოთ და არც იმის, რომ საკუთარ თავზე ვიფიქროთ. ჩვენზე მაღლა დგას ჩვენი სამშობლო, ჩვენი უზენაესი, ჩვენი შვილების მომავალი და ამას უნდა აცნობიერებდეს ყველა ქართველი. ახლა გვჭირდება ყველაზე მეტად გაერთიანება, ვინაიდან, ჩვენს წინაპრებს ხმალი ქარქაშში არასდროს ჩაუდიათ, მტერს ელოდებოდა. მტერი ახლა აი, ამ პარლამენტში გვყავს“,- განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.
ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.