
ჩვენმა საზოგადოებამ საკანონმდებლო ორგანოდან ამომწურავი პასუხები მოისმინა ყველა იმ კითხვაზე, რაც ჰქონდა. მათ შორის იმ თემებზე, რომლითაც აგენტები სპეკულირებას ცდილობდნენ. დარწმუნებული ვარ, ცრუ აღქმები, რის დათესვასაც ცდილობენ, საბოლოოდ გაქარწყლდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მოუსმინეს.
ირაკლი კირცხალიამ პრემიერ-მინისტრს ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯში, უმრავლესობის სახელით, მხარდაჭერა დაუდასტურა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ფრაქციის, „საქართველოსთვის“ წევრების განცხადებას გამოეხმაურა.
„ყოველდღე მოგიწევთ თავის მართლება, რომ „ნაცები“ არ ხართ, იგივე „აგენტები“ და მათი შთამომავლები. დღეს თქვენ გქონდათ მცდელობა, თავი გაგემართლებინათ, რომ არ ხართ „ნაცები“. არ გამოგივიდათ. უსამშობლომ არ იცის, რას ნიშნავს ქვეყნის ლობირება. ლობირება ქვეყნისა და სამშობლოს ინტერესების დაცვაა. ეს ყველაზე მთავარია. ამას დანახვა და შეგრძნება უნდა. ამას უნდა ცოდნა, თუ რა არის სამშობლო“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.