
ერთ საათში, საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში, არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წარმოადგენს პროპაგანდისტულ შოუს, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ „ანტიქართული ოცნების“ და ივანიშვილის პერსონალურ, სუბიექტურ, კერძო ინტერესებს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მთავარი მოთხოვნაა, გასაჯაროვდეს ხელშეკრულება და ის პირობები, რომელიც „იგლ ჰილსთან“ დაკავშირებით გაფორმდა.
„ინტერპელაციის წესით, „ქართული ოცნების“ მიერ, ირაკლი კობახიძის დაბარება ემსახურება კიდევ ერთ შესაძლებლობას ივანიშვილისთვის და კობახიძისთვის, რომ პროპაგანდისტულად გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნა არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა. რისთვის? იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ სცადოს პროპაგანდით დააბინძუროს საქართველოს მოქალაქეების გონება არაბულ პროექტებთან დაკავშირებით, რაც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ივანიშვილს და კობახიძეს. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ თვეების განმავლობაში, „ანტიქართული ოცნება“ და ივანიშვილი ცდილობს ეს პროექტი შემოასაღოს ეროვნული ინტერესების ღალატის ნაცვლად, როგორც მნიშვნელოვანი პროექტი, რაც სინამდვილეში, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ლახავს. ჩვენ, კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ „ანტიქართული ოცნება“ აპირებს, 9 მლნ კვ.მ. საუკეთესო ტერიტორიების გადაცემას არაბული კომპანიისთვის. ამ ყველაფერს არანაირი შეხება არ აქვს ინვესტიციასთან. ეს არის საქართველოს სიმდიდრის გაცემა ყოველგვარი რაციონალური არგუმენტაციის, ყოველგვარი ეკონომიკური ინტერესების, ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე“, - განაცხადა კუპრაძემ.