
მე ასე იოლად დასამარცხებელი და გასაჩუმებელი არ ვარ, პროკურატურას ადრესატი შეეშალა, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ცოცხალი მხოლოდ იმიტომაა, რომ შვილის წინაშე დადებული პირობა შეასრულოს და ყველას პასუხი აგებინოს.
"მე ცოცხალი იმიტომ ვარ, რომ ჩემ შვილს პირობა მივეცი, პასუხს ვაგებინებდი ყველას და მე ასე იოლად დასამარცხებელი და გასაჩუმებელი არ ვარ, პროკურატურას ადრესატი შეეშალა. მე ასე იოლად არ გავჩერდები, სჯობს გონს მოეგონ. რაღა გონს მოეგონ აწი, მუხლის შეცვლა აღარ შეიძლება. ეს არის განზრახ მკვლელობა, მაგრამ გავყევით იმ ნაწილში, ვერ ვაგროვებთ სამხილებსო, ჯგუფურად სხეულის მძიმე დაზიანება, მაგრამ 2 ბავშვი იყო სულ, ერთი გაეთიშა, შეუტყობინებლობისთვის გამოვიდა და ფაქტობრივად, ჯგუფური აღარაა. შეუტყობინებლობისთვის, სულ რომ სამუდამო მიეცათ, მე მაინც ვიტყოდი, რომ არ ისჯება იმისთვის, რაც გიგას დაუშავა", - თქვა კუპატაძემ.
შვილმკვდარი დედა პროკურატურას მიმართავს:
"თქვენ ვერ დადეთ მკვლელობის სრული სურათი. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და გამცეს პროკურატურამ პასუხი. მე სასამართლოში მივალ მაშინ, როცა დამიბარებენ, მე სხვა სასამართლოებში არ ვაპირებ მონაწილოებას, რადგან ამ მასკარადს არ ვაღიარებ".
ეკა კუპატაძის თქმით, თუ საჭირო იქნება საქმეს სტრასბურგშიც წაიღებს.
"მე ამ სახელმწიფოს 30 წელი ღირსეულად ვემსახურე. მე ვაკვირდები, მიუხედავად იმისა, რომ იმედგაცრუებული უკვე ვარ, მაინც დავაკვირდები როგორ დაიცავს გიგა ავალიანის საქმეს პროკურატურა ამ არასრულწლოვანთა ბანდისგან და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ საჭირო იქნება მე ჩემს სახელმწიფოს შეხვდები სტრასბურგში", - თქვა მან.
ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მოკლული მასწავლებლის ოჯახის წევრები და ნათესავების მთავარი მოთხოვნაა, საქმე გადაკვალიფიცირდეს, ვინაიდან თვლიან, რომ ესაა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, ხოლო დედის თქმით, ექსპერტიზის პასუხში ყველაფერი არაა აღწერილი.