რეზონანსი
25.11.2025

500-ზე მეტი მსოფლიო არტისტი პაატა ბურჭულაძის მხარდამჭერ პეტიციას უერთდება. ხელოვანები ბურჭულაძის გათავისუფლებას ითხოვენ და მიმართავენ ყველას, ვისაც ეს ეხება, "დაასრულოს ბურჭულაძის ირგვლი დაწყებული უსამართლო გაუგებრობა."

მივმართავთ ყველას, ვისაც ეს ეხება!

გთხოვთ, სასწრაფოდ დაასრულოთ ეს უსამართლო გაუგებრობა და გაანთავისუფლოთ პაატა ბურჭულაძე!

ათწლეულებია რაც ვიცნობთ პაატა ბურჭულაძეს, ოპერის ცოცხალ ლეგენდას, ნამდვილ მეგობარს და გამორჩეულ ადამიანს. მის ხმას საქართველოს სული გაჰქონდა საერთაშორისო სცენებზე, თავისი ხელოვნებითა და გულწრფელობით ის მსოფლიოს აცნობდა მისი სამშობლოს მდიდარ კულტურას. დღეს კი ხმა, რომელიც ხელოვნების სულისკვეთებით სხვადასხვა კულტურებს აკავშირებდა - საკუთარ სამშობლოში ცდილობენ დაადუმონ.

2025 წლის 5 ოქტომბერს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მის უამრავ თაყვანისმცემელთან ერთად ჩვენც შოკირებული ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ პაატა ბურჭულაძე დააკავეს და ახლა მას ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ვინც მას იცნობს, იცის, რომ სრულიად შეუძლებელია მისი სახელის ძალადობასთან ან რაიმე ტიპის დანაშაულთან დაკავშირება.

მტკივნეულია იმის წარმოდგენა, რომ მსოფლიოში აღიარებული არტისტი - გაეროს კეთილი ნების ელჩი (2006), იუნისეფის კეთილი ნების ელჩი საქართველოში (2010-2016), არაერთი ახალგაზრდის მენტორი საოპერო ხელოვნებაში და თანაგრძნობის სიმბოლო - ახლა ვერ ახერხებს საკუთარი ხმის მსოფლიოსთვის მიწვდენას. მან სიცოცხლის დიდი ნაწილი მიუძღვნა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახების დახმარებას, ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას, რომლებიც დღეს უკვე წარმატებული მუსიკოსები არიან. ნებისმიერი სხვა ერი იამაყებდა ასეთი ადამიანის შვილობით.

წელს, მსოფლიოს დიდმა თეატრებმა აღნიშნეს მისი 70 წლის იუბილე, თუმცა, საკუთარ სამშობლოში მას არ მისცეს შესაძლებლობა, რომ თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე გაემართა საიუბილეო საღამო. თუმცა, მის პატივსაცემად ათასობით თანამემამულე შეიკრიბა თბილისის მთავარ გამზირზე და ოპერის თეატრის წინ მშვიდობიანი დემონსტრაცია გაიმართა. არსებულმა ხელისუფლებამ კი მეორე დღეს სახლში პოლიცია გაუგზავნა და ის ოპერის თეატრის წინ სიმღერისთვის დააჯარიმეს.

პაატას და მისი საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, მაგრამ ყველა ზეწოლის მიუხედავად, მას არასდროს უფიქრია საქართველოს დატოვება.

რა ამოძრავებდა ლეგენდარულ არტისტს, როცა ის პირად კომფორტს შეელია, დატოვა სცენა და 310 დღეზე მეტი სიცივეში, ქუჩაში თავისი ხალხის გვერდით დადგა? ცხოვრებაში არის მომენტები, როცა სიტყვები ზედმეტია, როცა სიმართლე და სამშობლოს სიყვარული ნებისმიერ არიაზე ბევრად უფრო ხმამაღალია.

ძვირფასო პაატა, ვიმედოვნებთ, რომ სოლიდარობის ეს ხმა შენამდე მოაღწევს, იქ სადაც ახლა სუნთქვაც რთულია - ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით. შენი გამბედაობა, ბრწყინვალება და მორალური ძალა კვლავაც შთააგონებს უამრავ თაყვანისმცემელსა და მეგობარს მთელ მსოფლიოში. შენი სახელი და შენი ხელოვნება დიდი ხანია მარადიულობას ეკუთვნის.

იცოდე, რომ ჩვენ, შენი კოლეგები და მეგობრები მთელი მსოფლიოდან, სოლიდარობისა და აღფრთოვანების ნიშნად შენს გვერდით ვდგავართ.

თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს - ხმას, რომელიც მსოფლიოს არასდროს დაავიწყდება!

#თავისუფალებაპაატას #დავდგეთპაატასგვერდით #იმღერეთთავისუფლებისთვის", -აღნიშნულია პეტიციაში.

პეტიციის ხელმომწერები არიან:

• ჟან ლუი გრინდა / რეჟისორი / მონტეკარლოს საოპერო თეატრის სამხატვრო მრჩეველი, მონაკოს ეროვნული საბჭოს წევრი

• დომინიკ მაიერი / ევროპის მუსიკის აკადემიისა და პარიზის კონსერვატორიის დირექტორთა საბჭოს წევრი. კომოს Teatro Sociale-ს პრეზიდენტი. ლა-სკალას, ვენის სახელმწიფო ოპერისა და პარიზის შანზელიზეს თეატრების ყოფილი გენერალური დირექტორი.

• მარკ ჰილდრუ / საერთაშორისო არტისტები ცნობილი სააგენტოს ასკონას ჰოლტის დირექტორი

• კრეგ რუტენბერგი - პიანისტი / ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერის ყოფილი მუსიკალური დირექტორი

• ფედერიკ რუელსი - რეჟისორი / პარიზის ოპერა გრანდ ავინიონის დირექტორი

• ეპრილე მილო - სპორანო / ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერის სოლისტი

• რობერტო ფრონტალი / ბარიტონი / იტალია

• ვინჩენცო სკალერა /პიანისტი / იტალია

• ვინცენტ ბუსარი / რეჟისორი / საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს, კომანდორის ორდენის კავალერი

• სტეფანო პაჩე - დირიჟორი / იტალია

• ფრანკ ბეერმანი / დირიჟორი / გერმანია

• უგო რაბეკი - ბანი / საფრანგეთი

• რუჯერო რაიმონდი - ბარიტონი / იტალია

• ჟერომ პესკე - კრიტიკოსი-მკვლევარი, ODB‑Opéra-ს მთავარი რედაქტორი /საფრანგეთი

• ლუკა კანონიჩი - ტენორი / იტალია

• ჟან-ივ ოსონსი - დირიჟორი / „Antoine Livio" პრემიის მფლობელი / საფრანგეთი

• მარიო კასი - ბარიტონი / იტალიელი

• მარიელუ აპელსი / ჩელისტი/ ნიდერლანდები

• ჯორჯ პეტეიანი- ბარიტონი / რუმინეთი

• ელენა ბელფიორე - მეცო სოპრანო /იტალია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×