რეზონანსი
25.11.2025

 "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ ყოფილს ოპოზიციური ერთიანობის მნიშვნელობა, მას შემდეგ გაახსენა, რაც ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილთან წითელი ხაზი გაავლო.

თინა ბოკუჩავამ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს და ერთ დროს თანაგუნდელს უთხრა, რომ ახლა პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა - ქვეყნის ინტერესები დგას.

ამ პასუხს, წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სიტყვები უძღოდა. სააკაშვილის მსგავსად, საბრალდებო სკამი მელიამაც პოლიტიკურ ტრიბუნად აქცია და თქვა, რომ მიუხედავად საერთო წარსულისა, მომავალს მასთან ერთად ვეღარ ხედავს. ამის მიზეზი კი, რამდენიმე კვირის წინ ექსპრეზიდენტის დაწერილი Facebook პოსტი გახდა, სადაც მან პარტია "ახალის" ლიდერებს ხელისუფლებასთან გარიგებულები და გაყიდულები უწოდა.

პასუხის პასუხმაც არ დააყოვნა. სააკაშვილმა გრძელი სიტყვა, ამჯერად მოკლედ თქვა და ყველას, ვინც თავს არც "ნაცად" და არც "ქოცად" მიიჩნევს, სასარგებლო იდიოტი უწოდა. ერთ სტატუსს, მალევე მეორეც მოაყოლა და ჩვენება შეცვალა. თქვა, რომ 3 კვირის წინ დაწერილი Facebook სტატუსი ნიკა მელიამ ვერ გაიგო, რადგან ის პოსტში არც ნახსენები და არც ნაგულისხმევი ყოფილა. ამ გაუგებრობის გარკვევა კი სააკაშვილის აზრით, არა საჯაროდ, არამედ ციხეშიც - რამდენიმე მეტრის სიახლოვეშიც მარტივად შეიძლებოდა.

ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" დაპირისპირება "ქართულ ოცნებას" ქართულ გამონათქვამებს ახსენებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე განხეთქილება არც პირველი და არც უკანასკნელია, ოპონენტების პოლიტიკური დღის წესრიგი კი, მათივე შეფასებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იწერება.

ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" შორის დაწყებული დაპირისპირების განმუხტვა საკუთარ თავზე მიხეილ სააკაშვილმა აიღო. წაშლის თუ არა უკვე გავლებულ წითელ ხაზს ნიკა მელია, ეს ჯერ უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×