
საქართველო ნატო-ს ურთიერთობის 33 წლიანი პერიოდის განმავლობაში, მოცემულობა არ შეცვლილა და წევრობის მსურველი საქართველოსთვის, ამ დრომდე, ალიანსის მხოლოდ კარი დარჩა ღია. ნატო-ს მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული, მრავალი შეფასების მიღმა, საქართველოს მიერ ვალდებულებების პირნათლად შესრულების თაობაზე, ალიანსში გაწევრიანება წლების განმავლობაში გაცემულ დაპირებებს ვერ გასცდა.
პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ქვეყანამ ალიანსთან თავსებადობის კუთხით ყველა პარამეტრი მაქსიმალურად შეასრულა. შალვა პაპუაშვილი ქვეყნის დამსახურებაზე საუბრისას, იმ კონტრიბუციას იხსენებს, რომლის მიხედვით ნატო-ს ავღანეთის მისიაში, ჯარისკაცების რაოდენობით, არაწევრ სახელმწიფოებს შორის, საქართველო პირველ ადგილზე იყო.
არის თუ არა საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანა? - ამ კითხვაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა "რადიო თავისუფლებას" უპასუხა. მარკ რუტე ამბობს, რომ ქვეყანამ, რომელსაც წევრობა სურს, ჯერ სურვილი უნდა გამოხატოს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყება პროცესი.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ერთადერთი მხარე, რომელმაც ნატო-საქართველოს ურთიერთობებში წუხილი უნდა გამოხატოს საქართველოა. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ ორგანიზაციის მიზანი საქართველოს დაცვა არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალიანსი ქვეყნის გაწევრიანებას მხარს მაშინ დაუჭერდა, როდესაც ამის რეალური შესაძლებლობა არსებობდა. სანაცვლოდ კი, საქართველომ კვლავ ბუნდოვანი დაპირება და აგრესორის პროვოცირება მიიღო, რასაც შედეგად 2008 წლის ომი, მსხვერპლი და დაკარგული ტერიტორიები მოყვა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებას იზიარებენ ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები, ნატო-ში საქართველოს ინტეგრირების შეფერხებაზე პასუხისმგებლობას, საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ.
არაფორმალური გავლენების მქონე "დიფ სთეითის" ჩანაფიქრი და გეგმა, რომელიც უკრაინის და საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას ითვალისწინებდა - მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ გაწევრიანებაზე უარი საქართველოს რეალურად ამ მიზეზის გამო უთხრეს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადების მიუხედავად, სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ნატო-ში ინტეგრაციისთვის ქვეყანა მზად არის და ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილები მიღება მხოლოდ ორგანიზაციის პრეროგატივაა.