თამთა ჩაჩანიძე
25.11.2025

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნატო-ს ხელმძღვანელობა საქართველოზე აკეთებს კომენტარს. ალიანსის გენმდივანი მარკ რუტე ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია, თუმცა თანამშრომლობა საქართველოსთან არ გაწყვეტილა. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე - ევროკავშირის მსგავსად ნატო-ც ხომ არ გეგმავს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას და კვლავ არის თუ არა საქართველო ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, მარკ რუტემ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.

როგორც თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, ფაქტიურად გაყინული ურთიერთობების ფონზე, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მართლაც რთულია. ამ ურთიერთობების გაყინვას კი ერთის მხრივ გლობალური პროცესები უწყობს ხელს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომი და მეორეს მხრივ ქვეყანაში არსებული ვითარება და ორივე მხარე - ნატო-ც და საქართველოს ხელისუფლებაც - ფაქტობრივად, შეგნებული დუმილის რეჟიმშია.

რაც შეეხება ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სტატუსს, თუ ქვეყანამ მაინცდამაინც ნეიტრალიტეტი არ გამოაცხადა და ამაზე რეფერენდუმი არ ჩატარდა, სტატუსს არაფერი ემუქრება.

რუტეს ინტერვიუ და „ოცნების" რეაქცია

ნატო-ს გენმდივანთან „რადიო თავისუფლების" ინტერვიუ 24 ნოემბერს გავრცელდა, სადაც განსახილველი საკითხები ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომი და აშშ-ის სამშვიდობო გეგმა იყო.

საქართველოზე საუბრისას კი ალიანსის გენმდივანმა განაცხადა: „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ასევე შეიძლება, გახდეს ნატო-ს წევრი, შეუძლია, სურვილი გამოთქვას და შემდეგ არსებობს პროცესი. ცხადია, მე არ ვარ გულუბრყვილო იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება".

ხოლო დამატებით კითხვაზე, რჩება თუ არა საქართველო ნატო-ს ასპირანტ ქვეყნად, მისი პასუხი ასეთი იყო:

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ და ეს მკაფიოდ ვაცნობეთ ქართველებს. გვაქვს თანამშრომლობა მათთან. ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა თავისთავად ემსახურება მიზანს ახლა იმისთვისაც, რომ დავრწმუნდეთ, გვქონდეს არხი, რომლის საშუალებითაც შეგვეძლება ჩვენი წუხილის გამოხატვა. მოდით, ასევე ჰოლისტურად შევხედოთ მთელ ამ საკითხს, რადგან არის საქართველო, მაგრამ ვხედავთ ასევე იმას, რაც ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომლებიც, როგორც ჩანს, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში არიან, ასევე იმის წყალობით, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს. ასე რომ, მე ასევე შევხედავდი საქართველოს მთელი სამხრეთ კავკასიის კონტექსტში".

თბილისში ამ განცხადებებს ნეგატიური შეფასებები მოყვა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოსკენ თითის გაშვერა უნდა დასრულდეს, რადგან 17 წელია საქართველო ღია კარში, „ორპირ ქარში დგას" და ახლა ბურთი ნატო-ს მოედანზეა.

„ბატონი რუტე, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს და პრემიერიც იყო, იმ ქვეყანაზე 10-ჯერ მეტი კონტინგენტი გვყავდა ავღანეთში გაგზავნილი. ასე რომ, ჩვენკენ თითის გამოშვერა და კითხვების დასმა უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, რომ აქეთ თითის გამოშვერა აიტანოს! ბურთი სრულად ნატოს ტერიტორიაზე. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ იყოს ნატოს წევრი, არათუ სურვილია გამოთქმული, კონსტიტუციაშია ჩაწერილი ეს საკითხი. ვხედავთ, რომ ვიღაცას აწყობს საქართველო იქნება, უკრაინა თუ სხვა ქვეყანა, ლიმბოში ჰყავდეს, არც იქით და არც აქეთ, შუაში გაჭედილი, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს, ვიდრე ამცირებს. ვხედავთ, მათ შორის, უკრაინის მაგალითზე, ნატოს გარშემო რა დისკუსიები იყო. როდესაც ომი იწყებოდა, გამოვიდა ზელენსკი და თქვა, გაგვაგებინეთ, გვიღებთ ნატოში თუ არა", - აცხადებს პაპუაშვილი.

ასპირანტი სტატუსი

საქართველოს ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი 2012 წლის 20-21 მაისის ჩიკაგოს სამიტზე მიენიჭა, სადაც ხაზი გაესვა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაკეტებულ ჩანაწერს - რომ „საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი".

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია გვეუბნება, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობების მომავალი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი და ქვეყანაში რა ვითარება იქნება.

„ეს მართლაც ძალიან რთული შეკითხვაა, რადგან ნატო-საქართველოს ურთიერთობები უკრაინის ალიანსში წევრობასთანაა კავშირში. ამ ეტაპისთვის უკრაინის წევრობის საკითხი ნამდვილად არაა დამაიმედებელი, მით უმეტეს ესაა ქვეყანა, რომელიც იბრძვის. თუ მან ვერ მიიღო ნატოში გაწევრიანება, ბუნებრივია, ეს დანარჩენ ქვეყნებისა და მათ შორის საქართველოსთვის, რომელსაც კიდევ სხვა პრობლემები აქვს ცალკე დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ხელს არ შეუწყობს ამ პროცესს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა დღეს საქართველოს საკითხი ნატო-სთვის აქტუალური არაა. როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ნატო-ს მხრიდანაც გასაგებია, რომ ეს თემა ამ ეტაპზე აქტუალური არაა სხვადასხვა მიზეზების გამო. კითხვაზე პასუხისგან თავი ამიტომაც აარიდა.

„ნატო-ს ბოლო სამიტებზე საქართველო უკვე აღარც იყო მოხსენიებული. ეს არ ნიშნავს, რომ ნატო საქართველოზე საერთოდ უარს ამბობს, საქათველო ნატო-სთან ფორმალურად სამუშაო ურთიერთობებს მაინც ინარჩუნებს, წარმომადგენლობა ჰყავს და სამეკავშირეო ოფისი აქვს, ჩვეულებრივად მუშაობას აგრძელებს. პროგრამების ნაწილი შეიძლება შეიკვეცა, მაგრამ დანარჩენები გრძელდება. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ნატო-ს ასეთი სამუშაო ურთიერთობები, მაგალითად, აზერბაიჯანთანაც და სხვებთანაც აქვს.

„ევროკავშირისგან განსხვავებით, ნატო-ს ასეთი ეტაპი არ აქვს, ალიანსი ურთიერთობებს ინარჩუნებს. ბუნებრივია, ქვეყანაში შექმნილი ვითარება ნატოსთან ურთიერთობაზეც ახდენს გავლენას, მაგრამ აქ გეოპოლიტიკური ფაქტორი მაინც წინაა წამოწეული და ნატო პედალირებას არ აკეთებს.

„კრიტიკული განცხადებები რა თქმა უნდა არის. ქვეყანა ალიანსში ხვალ და ზეგ რომ შედიოდეს, მაშინ შეიძლება უფრო მეტი შეკითხვა იყოს, მაგრამ, უკრაინაში მიდმინარე ომიდან გამომდინარე, ეს საკითხო მემგონი დღის წესრიგიდან მოხსნილია.

„ჩვენთვის ასპირანტი ქვეყნის სტატუსი ნიშნავს, რომ, როგორც ბუქარესტის სამიტზე თქვეს, ერთ დღეს, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსი ექნება. მაგრამ ვხედავთ, ამ თემაზე კონსენსუსი არ არსებობს და მითუმეტეს ახლა საერთოდ არ იარსებებს უკრაინის ომის ფონზე. უკრაინის კონფლიქტის შედეგები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის და ასევე ევროპის უსაფთხოებისთვის. ამ კონფლიქტის მოგვარება ბევრ რაღაცას გახდის ცხადს.

„ბუქარესტის სამიტზე ასპირანტის სტატუსის მონიჭებაზე ჯერ უარი გვითხრეს და მოგვიანებით, 2012 წლის მაისში მოგვენიჭა ასპირანტი ქვეყნის სტატუსი", - განაცხადა კაკაჩიამ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ასპირანტი სტატუსის დაკარგვა, კაკაჩიამ გვითხრა:

„ამაზე არც საქართველოს ხელისუფლების და არც ნატო-ს მხრიდან პედალირება არ ხდება. ამ სიტუაციაში ეს უხერხულობას იწვევს და შეგნებული დუმილია. ორივეს ესმის, რომ ეს საკითხი ამ ეტაპზე არააქტუალურია იმის ფონზე, რაც უკრაინაში მიდის.

„ერთია, რომ საქართველოს ხელისუფლება ფრთხილობს და რუსეთთან მიმართებაში არ უნდა კიდევ რაღაც დამატებითი რეაქციები გამოიწვიოს, მით უმეტეს გლობალური პროცესების ფონზე და მეორე - ნატო-ც ვერაფერს სთავაზობს საქართველოს. მაშინ ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიები უნდა შესთავაზო და უკრაინის ომისა და ჩვენთან დემოკრატიული უკუსვლის ფონზე რა უნდა შესთავაზო?

„ჩვენ თუ ძალიან არ მოვინდომეთ, ასპირანტის სტატუსს არ დავკარგათ. ჩვენ იმ შემთხვევაში დავკარგავთ, თუ ისე გაკეთდა, რასაც პრორუსული ჯგუფები ამბობენ - რეფერენდუმი ჩატარდა და ნეიტრალიტეტი გამოცხადდა. დღევანდელ სიტუაციაში კი მთავარია ურთიერთობებს როგორ ინარჩუნებ ძირითად პარტნიორებთან", - განაცხადა კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×