
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 31 ოქტომბერს ბრალდებული ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, დაარღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულის განზრახ მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მას.
"საქმეზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცავებმა ძებნილი ბრალდებული 2025 წლის 23 ნოემბერს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა,19,109-ე მუხლის "თ“, "კ“ და "პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის და არაერთგზის), 11 პრიმა ,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 11 პრიმა, 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საზარელი დანაშაული 31 ოქტომბერს, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდა. 30 წლის დავით ზურაბაშვილმა ყოფილ ცოლს 11 ჭრილობა მიაყენა. დაჭრილ ქალს კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
"ჩემს დას 11 ჭრილობა აქვს მიყენებული, ფილტვი ჰქონდა დახეული, ჯერჯერობით მძიმედაა, მაგრამ მდგომარეობა ნელა-ნელა სტაბილურდება. არ ვასაჯაროებთ ინფორმაციას, არც კლინიკის მისამართს, გვეშინია, ჩემს დას ისევ თავს არ დაესხას. როდემდე უნდა ვიყოთ ასე? ეს პირველი შემთხვევა არაა, ადრეც ძალადობდა დათო ჩემს დაზე, თუმცა არ დაუჭრია. ერთად როცა იყვნენ და განქორწინების შემდეგაც ძალადობდა, ემუქრებოდა მუდმივად... მოძალადეა, ძირითადად ეჭვიანობა იყო მიზეზი. ერთად 3 წელი იცხოვრეს, ჩემი და 28 წლისაა, დათო კი 30-ის. ჩემს დაზე ფიზიკური ძალადობისთვის დააპატიმრეს, დას თავს დაესხა, კბილები ჩაუმტვრია და ტუჩი დაუზიანა. ამის გამო 4 წლამდე ჰქონდა მისჯილი, თუმცა წელიწად ნახევარში გაათავისუფლეს, ვადაზე ადრე და ელექტროსამაჯურით დადიოდა. მას მერე დასდევდა. ჩემი და ლილოში, დრაივის ჯიხურში მუშაობდა, 31 ოქტომბერს, საღამოს 10-ის ნახევარზე დაესხა თავს. გაცილებულები იყვნენ და რატომღა უნდა ეეჭვიანა, რას დასდევდა? დაძაბულები ვართ ყოველ დღე, ვცდილობთ ახლა მაინც დავიცვათ ჩემი და, თუ გაიგო სად არის, ისევ დაესხმება თავს..." - აცხადებდა 11 ნოემბერს მსხვერპლის და AMBEBI.GE-თან საუბარში.